სამოქალაქოს ჰსჯულვილება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამოქალაქოს ასჯულვილება)

„სამოქალაქოს ჰსჯულვილება“ , „სხვადასხვა საგანთა შეკრებილება“ — უცნობი პირის მიერ 1799-1800 წლებში მომზადებული და კრებულად შემონახული 21 კანონპროექტი („მანიფესტი“, „უქაზი“, „ინსტრუქცია“) სხვადასხვა საკითხზე. ეს კრებული ხელთ ჰქონია დავით ბატონიშვილს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ — იოანე ბატონიშვილს.

„სამოქალაქოს ჰსჯულვილება“ შემდგენელს უნდა სცოდნოდა დავით და იოანე ბატონიშვილების საკანონმდებლო განზრახულებანი; იგი ნაწილობრივ ემყარება და ავითარებს კიდეც, კერძოდ, დავითის კოლიფიკაციის დებულებებს, ამასთანავე, მას რამდენიმე სხვაგვარი სოციალურ-პოლიტიკური სულისკვეთება ამოქმედებს, იგი ცხადად ოპოზიციაში უდგას დროგადასულ ფეოდალურ წესრიგს. მისგან შემოთავაზებული სამართლეებრივი მოწესრიგება ასახავს უპირატესად ქალაქის მოსახლეობის, მეტადრე მისი მქონებელი ნაწილის, ზრახვებს და, თუმცა ძირითადად ეთანხმება გაბატონებულ ფეოდალთა კლასის მოწინავე წარმომადგენელთაგან დაგეგმილ რეფორმებს, ,აინც ზოგ რამეში აშკარად უფრო პროგრესულია. „სამოქალაქოს ჰსჯულვილების“ ავტორი ბატონყმობას არსებითად ხელუხლებლად ტოვებს, სამაგიეროდ გულმოდგინე მოწესრიგების საგნად აქვს მიჩნეული აღებმიცემობა-ხელოსნობის წარმატებისა და სავაჭრო-სავახშო კაპიტალის ზრდისა და დაცულობის უზრუნველყოფა.

„სამოქალაქოს ჰსჯულვილებაში“ დასახული რეფორმები მოწმობს საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრისა და მართლშეგნების თვალსაჩინო დაწინაურებას. მისი შემოქმედი უნდა იყოს წარმომადგენელი ე. წ. მესამე წოდებისა, რომელიც ის-ის იყო ყალიბდებოდა. „სამოქალაქოს ჰსჯულვილების“ ავტორი, რომელიც იღვწოდა მტკიცე და კარგად აწყობილი სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, საგულვებელია, ქართ-კახეთის ხამეფო კართან დაახლოებული ვინმე წარჩინებული თბილისელი მოქალაქე იქნებოდა. მართვა-გამგეობისა და მართლმსაჯულებითი ორგანოების მოწყობაში „სამოქალაქოს ჰსჯულვილება“ წოდებრივი წარმომადგენლობის საწყისს მიჰყვება. მასში, ისევე როგორც „სამართალში ბატონისშვილი დავითისა“, და უფრო გაბედულადაც კი, ქართული სამართლის ნიადაგზე შემოქმედებითად ინერგება განათლებული აბსოლუტიზმის ხანის რუსული, უფრო ეკატერინე II-ისეული კანონმდებლობა, ამასთანავე, მას მოეპოვება ნიშანდობლივი შესატყვისობანი „საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთა დროთა შემოღებულნ სჯულნში“. „სამოქალაქოს ჰსჯულვილების“ კანონპროექტები გამსჭვალულია ერთი სახელმძღვანელო აზრით, შინაარსობრივადაც დაკავშირებულია ერთმანეთთან, დანომრილი და სათითოოდ დასათაურებულიცაა. ყოველი მათგანი იწყება პრეამბულით, რომელშიც დახასიათებულია მოსაწისრეგებელ ურთიერთობათა ვითარება და კანონმდებლის მიზანდასახულობა. მუხლობრივი რეგლამენტაცია საჭიროებისდა მიხედვით დაყოფილია თავებად. რამდენიმე კანონპროექტი თავდება განსაკუთრებული დასკვნა-მოწოდებით. არის ნიშნები, რომ „სამოქალაქოს ჰსჯულვილება“ ასე თუ ისე მოწონებულიც ყოფილა.

„სამოქალაქოს ჰსჯულვილებით“ დასახულია სახელმწიფოს ცხოვრების მრავალი მხარის გადახალისება. ყურადღებას იპყრობს ახლებური რეგლამენტაცია სახელმწიფო და ასმინისტრაციული, საეკლესიო, სამოქალაქო, სამემკვიდრეო, საოჯახო, სავაჭრო-სახელოსნო სამართლის დარგში, სასამართლო წყობილებასა და პროცესში, ბრძოლა უსაქმობა-ბედოვლათობასთან. „სამოქალაქოს ჰსჯულვილების“ სხვადასხვა ნაწილი სისხლის სამართლის და პროცესის ცალკეულ ნორმებსაც შეიცავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფურცელაძე დ., სამოქალაქოს ჰსჯულვილება, წგნ. 1, თბ., 1960;