სამთავისის ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სამთავისი (ტაძარი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამთავისი
Samtavisi Cathedral.jpg

სამთავისის ტაძარი 2010 წლის 5 ნოემბერს. გიორგი მელაშვილის ფოტო.

სამთავისის ტაძარი (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°00′22″ ჩ. გ. 44°24′33″ ა. გ. / 42.00611° ჩ. გ. 44.40917° ა. გ. / 42.00611; 44.40917
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი კასპის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. სამთავისი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 1030 წ.
დეტალები
Samtavisi - GEGMA.JPG

ტაძრის გეგმა

სამთავისიშუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში, ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ X-XI საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი ტაძარი კი 1030 წლით თარიღდება.[1][2][3] 2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[4]

ისტორია[რედაქტირება]

გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს.[5] „კალმასობაში” ნათქვამია:

ვიკიციტატა
„ვახტანგ გორგასალან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით ოფრო აქეს სამთავისი. და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი ომჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი.“

ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472 წელი. იმდროინდელი ნაგებობებიდან აღარაფერია შემორჩენილი. X-XI საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი. ამ ტაძრის შესახებ წერილობით წყაროებში მნიშვნელოვანი ცნობა არ არის შემონახული. იგი მხოლოდ გვიანდელი ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით ნახსენები. სამთავისის ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებს დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა:

ვიკიციტატა
„ილარიონ სამთავნელმან აღაშენა ტაძარი ესე... ნე წელთა ხქლდ ქრკსა ს წ ა ნ“

რომელიც თავის დროზე გამოაქვეყნა თევდორე ჟორდანიამ (წარწერიანი ქვა ახლა დაკარგულია). მეორე ასომთავრული წარწერა ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ქ ხატო ღმრთაებისაო ადიდე ილარიონ სამთავნელ ეპისკოპოზი ძე ვაჩე ყანჩაველისა რომელმან მარანი და საწნახელი აღაშენა ქორინიკონსა სო.“

ამ წარწერებით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წლს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III–ის მეფობის დროს იოანე სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამს კარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეშიძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ფეოდალების ამილახვრების აღზევების შემდეგშესაძლებელი გახდა ტაძრის ”მეორედ” აშენება-განახლება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერების თანახმად ძეგლი მეორედ აუშენებიათ გაიანე და სიაოშ ამილახვრებს; გაიანე ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის დაა, ამირინდო ზევდგენიძე-ამილახვრის მეუღლე, სიაოში — მათი ვაჟიშვილი. თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა. ტაძრის ინტერიერში, აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთის ბურჯებზე შემორჩენილ წარწერებში გადმოცემულია ტაძრის მოხატულობის განახლებისა და ხელახლა მოხატვის ამბავი. ამ წაწერის მიხედვით, ტაძრის მოხატვის კტიტორები ყოფილან - გივი ამილახვარი ამისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი - მელიტონ სამთავნელი. ეს სამუშაოები შეუსრულებიათ 1679 წელს. 1847 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა არქიტექტურულმა რიპარდმა.

ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში.

სამთავისის ტაძრის ისტორია წერილობითი წყაროებისა და ეპიგრაფიკის მიხედვით[რედაქტირება]

წერილობითი წყაროების მიხედვით ჩანს, რომ სამთავისის დღევანდელი ტაძრის ადგილას ადრეფეოდალურ ხანაში არსებობდა საეპისკოპოსო კათედრალური ეკლესია. ამ ადრინდელი კათედრალის აგების თარიღის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში სხვადასხვა აზრია გამოთქმული. ხალხური გადმოცემით სამთავისის ეკლესია თბილისის, სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. ჯუანშერის ცნობით, ქართლში V საუკუნის მეორე ნახევარში თექვსმეტი საეპისკოპოსო კათედრალი ყოფილა, რომელთა შორისაც სამთავისი მოხსენიებული არ არის, თუმცა, ივანე ჯავახიშვილი ვახტანგ გორგასალის ისტორიის განხილვისას აღნიშნავს, რომ ჯუანშერს გამორჩენია არაერთი საეპისკოპოსო, კერძოდ: ცურტავის, რუისის, ურბნისის, წილკნისა და სამთავისის კათედრები. სამთავისში ადრეულ ხანაში კათედრალის არსებობას მხარს უჭერს ის გარემოებაც, რომ ქართველთა, სომეხთა და ალბანთა გაერთიანებულ საეკლესიო კრებაზე, რომელიც შედგა ქ. დვინს 506 წელს, სხვა ეპისკოპოსთა შორის სამთავნელი ეპისკოპოსიც გარკვევით არის მოხსენიებული. აღნიშნულ კრებაზე დამსწრე ოცდასამ ქართველ ეპისკოპოსთა შორის სამთავნელი რიგით მეათეა, გარდა ამისა, ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეებში მითითებულია სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღი – 472 წელი, რომელიც პირველად გამოაქვეყნა პროფ. დ. გორდეევმა.

ვახუშტი სამთავისის ტაძრის შესახებ შემდეგ ცნობებს გვაწვდის: „ამის ზეით არს, რეხულას აღმოსავლეთით, სამთავისი, ეკლესია დიდი, გუნბათიანი, დიდშვენიერად შენებული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ქსნისა და ლეხურის ხეობისა. ქმნული არს იგ მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლულ არს იგი მუნვე“.

ვახუშტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამთავისი აშენებულია ერთ-ერთი 13 «ასურელ» მამათაგანის ისიდორეს მიერ, ორი გარემოების გამო ვერ გავიზიარებთ: 1. «ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშვენიერად შენებული» აგებულ იქნა არა ისიდორეს მიერ VI საუკუნეში, არამედ XI საუკუნის I ნახევარში; 2. სამთავისში კათედრა პირველად დაარსდა 506 წლამდე – სინოდის კანტორის ცნობის თანახმად კი 472 წლის შემდეგ. ისიდორე კი, როგორც ცნობილია აკად. კ. კეკელიძის დაკვირვებით, სამთავისში 543 წელს მოსულა სამოღვაწეოდ.

XI საუკუნის სამთავისის ტაძრის შესახებ ძველ მატიანეებში მნიშვნელოვანი არაფერია შემონახული. იგი მხოლოდ გვიანი ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით რამდენიმეჯერ ნახსენები. აღნიშნულ ხარვეზს მნიშვნელოვნად ავსებს ტაძრის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე მოთავსებული ვრცელი და საინტერესო წარწერები, აგრეთვე ინტერიერში, აღმოსავლეთით არსებულ საყრდენ სვეტებზე და საკურთხევლის კონქში მოთავსებული ფრესკული წარწერები. წარწერების უმრავლესობა დღეისათვის თავმოყრილია დასავლეთის ფასადზე. როგორც ქვემოთ დავინახავთ, აქ თავდაპირველად გვიანი ხანის მხოლოდ ორი წარწერა არსებობდა, XI–XII საუკუნეების წარწერები კი გასულ საუკუნეში შეკეთების შემდეგ მოუთავსებიათ კედლის წყობაში.

სამთავისის ტაძრის აშენების ზუსტ თარიღს გვაუწყებდა სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც დასავლეთის კარს ზევით, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების ზედა ვიწრო სიბრტყეზე იყო ამოკვეთილი. წარწერა ტაძრის ეზოში აღმოაჩინა თ. ჟორდანიამ და მანვე გამოაქვეყნა. არ არის ცნობილი, თუ როდის მოათავსეს წარწერიანი ქვა კედლის წყობაში. თ. ჟორდანია აღნიშნავს, რომ წარწერის ორი სტრიქონი დაზიანებულია, მაგრამ ძირითადი მაინც იკითხებაო. დღეს წარწერა აღარ არსებობს. მოგვყავს თედო ჟორდანიას მიერ წაკითხული წარწერა:

...... არ სმთ
...... შენა ტაძარი ესე....... ენე
წელთ: ხქლდ: ქორკნს: ს(ნ)....

პირველი სტრიქონის დასაწყისი და ბოლო გამქრალია. სტრიქონის შუაში, ოდნავ მარცხნივ შემორჩა მხოლოდ ოთხი ასო არ სმ (არსმ). თ. ჟორდანიას დროს ამ სტრიქონში რიგით მეხუთე ასო «თ» (თ)-ც ყოფილა. თ. ჟორდანიას აღნიშნულ ასოებში «ილარიონ სამთავნელმან» ამოუკითხია. სტრიქონის ამგვარად ამოკითხვისას მკვლევარი, ვფიქრობთ, არ შემცდარა. მეორე სტრიქონის დასაწყისი ასოები გამქრალია, მაგრამ მომდევნო ასოების მიხედვით შეიძლება მისი აღდგენა შემდეგი სახით: აღაშენა ტაძარი (აღაშენა ტაძარი). სტრიქონის დანარჩენი ასოები მეტად დაზიანებულია და თ. ჟორდანიას მიერ შენიშნული ესე... ენე (ესე.... ენე) ვეღარ იკითხება. მესამე სტრიქონის პირველი ასო გამქრალია, მაგრამ მისი აღდგენა შეიძლება კონტექსტით. მესამე სტრიქონში გარკვევით იკითხება: წელთა ხქლდ ქრკსა სნ[ა]ნ (წელთა ხქლდ ქრკსა სნ[ა]ნ). სტრიქონის ბოლო ასო – ნ, უთუოდ «ამინ»-ის ბოლო ასო უნდა იყოს. დასაბამიდან ხქლდ უდრის 1030 წელს (6634–5604–1030 წელს), ხოლო ქორონიკონი სნ – იგივე წელს აღნიშნავს (780+250=1030 წელს). ჟორდანიას მიერ პირველ სტრიქონში ამოკითხული «ილარიონ სამთავნელმან»-ს თუ სწორად მივიჩნევთ, მაშინ წარწერის შინაარსი შემდეგი სახით წარმოგვიდგება:

[ილ]არ[იონ] სამთ[ავნელმან]
[აღ]აშენა ტაძარი ესე ... ენე...
[წ]ელთა: ხქლდ. ქრკსა სნ [ა]ნ

მეორე წარწერა, რომელიც ძეგლის ისტორიისათვის საყურადღებო მასალას შეიცავს, მოთავსებულია იქვე ახლოს, 6 მეტრის სიმაღლეზე. აღნიშნული წარწერა 1848 წელს მ. ბროსეს უნახავს გალავნის შიგნით, სამთავისის ეპისკოპოსის პალატის კედელზე . თუ როდის მოხვდა იგი ტაძრის დასავლეთ ფასადის წყობაში უცნობია. ასომთავრული წარწერა შედგება ხუთი სტრიქონისაგან. წარწერა, გარდა მესამე სტრიქონისა, თავისუფლად იკითხება. მესამე სტრიქონის აღდგენას გასული საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა მიერ წაკითხულ წარწერასთან შეჯერებით შევეცადეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი მაშინაც დაზიანებული და ძნელი წასაკითხი ყოფილა. აღნიშნული წარწერა პირველად მ. ბროსემ ინახულა. მანვე გამოაქვეყნა იგი 1851 წელს . სამწუხაროდ, მ. ბროსეს და მის კორესპონდენტს დიმიტრი მეღვინეთუხუცესისშვილს იგი არასწორად აქვთ წაკითხული. მათ მხოლოდ ქორონიკონი «სო» გაურჩევიათ ზუსტად.

მოგვყავს ჩვენ მიერ წაკითხული წარწერა:

ქ. ხატო ღმრთაებისაო
ადიდე ილარიონ სამთავნელ ებ
ისკოპოზი ძე ვაჩე ყანჩაელისა
რომელმან მარანი და საწნეხელი
აღაშენა ქორონიკონსა სო

„სო“ უდრის 1050 წელს. წარწერა რამდენადმე სწორად წაუკითხავს თ. ჟორდანიას, თუმცა ვერც მას დაუღწევია თავი შეცდომებისაგან. გამორჩენია მეორე-მესამე სტრიქონების საზიარო სიტყვა «ებისკოპოზი» (ებისკოპოზი) და მესამე სტრიქონიდან სიტყვები «ძე ვაჩე» (ძე ვაჩე), ხოლო მომდევნო სიტყვა «ყანჩაელისა»-ს ნაცვლად ამოუკითხია «ყანჩაელის ძე». გარდა ამისა, თ. ჟორდანია მეოთხე სტრიქონში ზედმეტ სიტყვას «ეკლესიას» კითხულობს, რაც სრულიად გამორიცხულია, რადგან წარწერის ბოლო ახლაც გარკვევით იკითხება: «რომელმან მარანი და საწნეხელი აღაშენა ქორონიკონსა სო».

ამრიგად, ზემოთ განხილული ორი წარწერიდან ნათელი ხდება, რომ სამთავისელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წელს აუშენებია სამთავისის ტაძარი, ხოლო 1050 წელს კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნეხელი.

ილარიონის სახელი მესამედ არის მოხსენიებული ძეგლის წარწერაში. ამჯერად აღმოსავლეთის ფასადის ჩუქურთმით შემკული ჯვრის მკლავებქვეშ. წარწერა მარცხნივ სამსტრიქონიანია, მარჯვნივ კი – ორიანი. იგი ამოჭრილია ცალ-ცალკე ქვაზე. სამთავისის წარწერა ჯვრის მკლავების ქვემოთ შემდეგნაირად იკითხება:

ქხტ~ო ღთ~ები
საო შ~ე სლ~ი ი~
ლრნი
ძისა ვაჩე
ყ~ნჩაელ~სი
.

ქარაგმების გახსნისას იგი შემდეგი შინაარსით წარმოგვიდგება:

ქ[რისტე] ხ[ა]ტო ღ[მრ]თ[ა]ები
საო შ[ეიწყალ]ე ს[უ]ლი ი
ლ[ა]რ[იო]ნი[ს]
ძისა ვაჩე
ყ[ა]ნჩაელ[ი]სი
.

აღმოსავლეთი ფასადის, ჯვრის მკლავის ზედა მხარის, მარცხნივ შემორჩენილია ორსტრიქონიანი ისეთივე ასომთავრული წარწერა, როგორიც ჯვრის მკლავების ქვეშაა მოთავსებული. იგი შემდეგნაირად იკითხება:

ქ: ღ~თი მის შ~რ
ს და იგი არ

ტექსტის გაგრძელება, რომელიც ჯვრის მკლავის ზედა მარჯვენა მხარეზე უნდა ყოფილიყო, დღეისათვის აღარ არსებობს. ტექსტის აღდგენა შეიძლება მხოლოდ ბროსეს მიხედვით. თუ გავითვალისწინებთ წარწერის შემსრულებლის დიდ გემოვნებას, აქ უსათუოდ ჯვრის ზედა – მარჯვენა მხარის წარწერის ასოები, ისეთივე სიზუსტითა და მოხდენილობით იქნებოდა განლაგებული, როგორც ეს შემორჩენილ სამ წარწერაში შეინიშნება. ამდენად შესაძლებელია, აღვადგინოთ XI საუკუნის ჯვრის ორივე მხარის წარწერა შემდეგი სახით:

ქ. ღმერთი მის შ[ო]რ[ი]
ს და იგი არ
[შეიძრას
უკუნისამდე]

სამთავისის ტაძრის ფასადებზე, გარდა XI ს. წარწერებისა, შემორჩენილია შედარებით გვიანი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სამთავისის ტაძრის ისტორიის შესახებ. დასავლეთის ფასადზე კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა მოთავსებული, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:

ქ: ხტო: ღთბსო: ადე: შნ: მ
დმ~ყრბლი ძ~ და ომ~ვლი ღ~თ გყ
გყნსნი: ყ~ის აღმსვლთის: მფ~თ მფ~ე გ~ი
მე: ინ~ი: სმ. ნ: მ[ფ]~ბის: მთ~სმნ: აღვ~შნ
კრ~სბჭე: ესე: სლცვლდ: მფ~ბის: მთ~ის:
[ინ]დკ~ტნსა: მფ~ბისა: მთ~ისსა: იბ:
ქკნი: იყო: ტ: პ: ჱ:
ქ. ხ[ა]ტო: ღ[მრ]თ[აე]ბ[ი]ს[ა]ო: ა[დი]დე: შ[ე]ნ: მ[იერ]
დ[ა]მყ[ა]რ[ე]ბ[უ]ლი ძ[ლიერი] და უძლეველი ღ[მრ]თ[ივ] გÂრ-
გÂნოსანი: ყ[ოვლ]ის[ა]: აღმ[ო]ს[ა]ვლ[ე]თის[ა] მ[ე]ფ[ე]თ მ[ე]ფ[ე]: გ[იორგ]ი
მე: იოანე: სამთავნელმან: მეფობისა მათისამან აღვაშენე
კარისბჭე: ესე: სალოცველად: მეფობისა მათისა:
ინდიკტიონსა: მ[ე]ფ[ო]ბისა: მ[ა]თის[ა]სა: იბ:
ქ[ორონი]კ[ო]ნი: იყო: ტპჱ“.

წარწერა იუწყება, რომ საქართველოს მეფის გიორგი III მეფობის დროს, იოანე სამთავნელი 1168 წელს, ტაძრის კარიბჭეს უშენებს. ეს წარწერა, გარდა კარიბჭის მშენებლობის თარიღის დადგენისა, აზუსტებს გიორგი III გამეფების წელს (1156). 1168 წ. მიშენებული კარიბჭე დღეისათვის აღარ არსებობს.

XV საუკუნიდან სამთავისის კათედრალური ტაძარი ამილახვრების კარის ეკლესიად იქცა, სამთავნელი ეპირკოპოსები კი – „პირად ბერებად“. ამ ხნიდან იწყება ამილახვრების დიდი მზრუნველობა როგორც სათავადოს, ისე მის ეკლესია-მონასტრების მიმართ. სწორედ ამის მაუწყებელია სამთავისის ტაძრის დასავლეთის ფასადზე, შეწყვილებულ სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე მოთავსებული ასომთავრული წარწერა, რომელიც შემდეგს გვაუწყებს:

„ჰოი დიდისა ამილახორისა თანმეცხედრესა, მეფეთ მეფისა ასულისა, მეორედ აღმაშენებელსა გაიანეს. შეუნდვნეს ღმერთმან ამინ“. (წარწერა მოცემულია მხედრული ტრანსლიტერაციით)

კვლევა[რედაქტირება]

XIX საუკუნის 40-იან წლებში სამთავისი ინახულა მხატვარმა გრიგოლ გაგარინმა და მოგზაურ-მკვლევარმა ა. მურავიოვმა. გაგარინმა ჩაიხატა სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის დეტალები და შემდეგ თავის დიდტანიან ალბომში მოათავსა, ხოლო მურავიოვმა თავის მოგზაურობის წიგნში «Грузия и Армения»-ში გამოაქვეყნა სამთავისის შესახებ ფოლკლორული მასალა.

მომდევნო წლებში სამთავისს ეცნობა მარი ბროსე. მკვლევარი ძეგლის ფასადებზე მოთავსებულ წარწერებს და ტაძრის შიგნით არსებულ ხატებსა და ჯვრებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, სამწუხაროდ, მის მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი წარწერა შეცდომებს შეიცავს. მიუხედავად აღნიშნული ნაკლისა, ბროსეს შრომა სამთავისის ტაძრის წარწერების შესახებ მაინც ძვირფასია, რადგან ზოგიერთმა მათგანმა დღემდე ვერ მოაღწია. მაგალითად, აღმოსავლეთის ფასადის ჯვრის მკლავის მარჯვენა ზედა არეში წარწერა აღარ არსებობს. ასევე დაღუპულია მის მიერ არასრულად ამოკითხული 1056 წლით დათარიღებული წარწერა და გვიანი ხანის ისტორიული ცნობების შემცველი სამთავისის ხატები და ჯვრები.

საქართველოში მოგზურობისას მხატვარმა დ. გრიმმა ჩაიხატა სამთავისის აღმოსავლეთის ფასადისა და ჩუქურთმის დეტალები, რომელიც გამოაქვეყნა 1859 წელს. ცოტა მოგვიანებით მან მარი ბროსეს მოსაზრებები ძეგლის ისტორიის შესახებ გაიმეორა თავის შრომაში. ძეგლის შესახებ წერილები გამოაქვეყნეს დ. ბაქრაძემ და ი. ტოლსტოიმ და ნ. კონდაკოვმა.

სამთავისი, 1900-იანი წლები. ალექსანდრე როინაშვილის ფოტო

გასული საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა თედო ჟორდანიასა და ალექსანდრე ხახანაშვილის შრომები, სადაც საინტერესოდ და შედარებით სრულად არის განხილული სამთავისის წარწერები. თედო ჟორდანიამ, ძეგლზე მუშაობის დროს, ეზოში მიაკვლია ტაძრის აშენების დამათარიღებელ (1030 წელი) წარწერას. იგი 1050, 1056, 1168 წლებისა და გვიანი ხანის წარწერებს თანმიმდევრულად და ზუსტად იკვლევდა. ასევე ვრცლად აქვს განხილული ძეგლის წარწერები ალექსანდრე ხახანაშვილს, თუმცა იგი გვიანი ხანის წარწერების ანალიზის დროს ბროსეს მცდარ პოზიციებზე იდგა. კერძოდ, ტაძრის მეორედ აშენების თარიღში მეცნიერი თითქმის ორი საუკუნით ცდება.

აღნიშნული ნაკლის მიუხედავად გასული საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა ღვაწლი განუზომელია სამთავისის ტაძრის დათარიღებისა და წარწერათა ამოკითხვის საქმეში.

ამ შრომების გამოქვეყნების შემდეგ საუკუნეზე მეტმა განვლო და ზოგიერთი წარწერა, რომელიც სამთავისის ტაძარზეა მოთავსებული, დღეისათვის ძნელი წასაკითხია. ამიტომ გამოქვეყნებულ წარწერებთან შეჯერებით შეიძლება სრულყოფილი სახით აღვადგინოთ დაზიანებული წარწერები.

სამთავისისადმი ინტერესი XX საუკუნის მეცნიერთა შორის კიდევ უფრო გაიზარდა. თუ გასული საუკუნის მოგზაურ-მკვლევარნი მხოლოდ წარწერების გამოქვეყნებით იფარგლებოდნენ, ამ პერიოდისათვის, ხელოვნების ისტორიკოსები ძეგლის ძირეული შესწავლით არიან დაინტერესებულნი. მათ ყურადღება მიაქციეს ტაძრის ხუროთმოძღვრულ ფორმებს, გეგმას, ინტერიერს, ფასადების მხატვრულ გადაწყვეტასა და დეკორს.

ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს პროფესორ დ. გორდეევის შრომა სამთავისის ტაძრის შესახებ. ავტორი დეტალურად იხილავს ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საარქივო მასალებს, რომლებიც ეხება გასული საუკუნის 40–50-იან წლებში წარმოებულ ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოებს. შრომაში ფართო ადგილი უჭირავს არქიტექტორ რიპარდის მიერ ძეგლის შეკეთებისათვის შესრულებულ ანაზომ-ჩანახატების აღწერასა და სათანადოდ ვრცელ ხარჯთაღრიცხვას. გარდა ამისა, რაც მთავარია, მკვლევარი იძლევა ძეგლის ირგვლივ შეკრებილი ვრცელი ლიტერატურისა და ძეგლის ისტორიის მოკლე მიმოხილვას.

აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი სამთავისის ტაძარს იხილავს, როგორც ერთ-ერთ საეტაპო ძეგლს და მას საპატიო ადგილს აკუთვნებს ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ისტორიაში.

პროფესორი მ. მაჭავარიანი თავის სადოქტორო დისერტაციაში მიმოიხილავს ტაძრის შინაგანი სივრცისა და გარე მასების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემას. რ. შმერლინგი ეხება ძეგლის დეკორს, როგორც XI საუკუნის ქართულ ჩუქურთმათ შორის ერთ-ერთ საუკეთესოს; ა. ცირესის შრომა «Искусство архитектуры» წარმოადგენს სამთავისის ტაძრისა და მდინარე ნერლის ნაპირზე 1166 წელს აგებული პოკროვსკის ეკლესიის ხუროთმოძღვრული ფორმების, ფასადების, ინტერიერებისა და გეგმების შედარებით შესწავლას.

აკადემიკოსი ნ. სევეროვი და პროფესორი ი. ციციშვილი თავიანთ შრომებში მოკლედ მიმოიხილავენ სამთავისის ტაძრის მხატვრულ-ისტორიულ მონაცემებს. გარდა ამისა, ნ. სევეროვს ეკუთვნის საინტერესო გამოკვლევა სამთავისის ტაძრის გუმბათის ყელის რეკონსტრუქციის შესახებ; პროფესორი ვახტანგ ბერიძე ძველ ქართველ ხუროთმოძღვრებს შორის საპატიო ადგილს უთმობს სამთავისელ ხუროთმოძღვარს და მიუთითებს ძეგლის მხატვრულ ღირსებებზე. სამთავისის ტაძრის «მეორედ აშენების» თარიღისა და XV–XVII საუკუნეების ისტორიულ წყაროთა საუკეთესო ინტერპრეტაციას იძლევა ს. ბარნაველი.

ძეგლის წარწერებსა და წერილობით წყაროებს ვრცლად აშუქებენ თავიანთ სადისერტაციო შრომებში მ. ქიქოძე, აკაკი ბაქრაძე და ლ. მენაბდე, თუმცა მათ შრომებში უმეტეს შემთხვევაში მარი ბროსესა და ალექსანდრე ხახანაშვილის ზოგიერთი მოძველებული და მცდარი მოსაზრებების უკრიტიკო განმეორებას ვხვდებით.

ძეგლის ყველაზე სრული პუბლიკაცია ეკუთვნის აკადემიკოს შალვა ამირანაშვილს. ავტორმა XI საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლის მხატვრულ-ისტორიული ანალიზის გარდა მოგვცა საინტერესო დასკვნები საკურთხევლის კედლის მხატვრობის შესახებ.

პროფესორ სერგი მაკალათიას მხარეთმცოდნეობის თვალსაზრისით მიმოხილული აქვს სამთავისის ტაძარი. აქ ავტორი ეხება ძეგლის ისტორიას, მის შემოგარენსა და საერთოდ ლეხურას ხეობას.

გარდა დასახელებული ავტორებისა, სამთავისი მრავალ ქართველ ისტორიკოსსა და ხელოვნებათმცოდნეს აქვს მოხსენიებული თავიანთ შრომებში, როგორც დამხმარე მასალა. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი იხილავს ძეგლის აღმოსავლეთის ფასადის წარწერას და მას უწოდებს «ტყუბწვეტოვან დამწერლობას», ხოლო დასავლეთის ფასადის სარკმლების ზემოთ მოთავსებულ წარწერაში აღნიშნული სიტყვების «მეორედ აღაშენა»-ს შესახებ ნიკო ბერძენიშვილი საინტერესო ახსნა-განმარტებას იძლევა.

სამთავისის ტაძრის ხედების, ფასადებისა და დეტალების ფოტოგრაფირება ეკუთვნის კავკასიის ცნობილ გეოგრაფს, მხატვარ დიმიტრი ერმაკოვს, რომელმაც XIX–XX საუკუნეთა მიჯნაზე შექმნა ქართული კულტურის ძეგლების ფოტო-ნეგატივების უნიკალური კოლექცია. სამთავისის ტაძარი რიპარდის სქემატური ანაზომების გარდა აზომილი და გამოხაზულია ცნობილი საბჭოთა ხუროთმოძღვრების მ. ჩხიკვაძის, ნ. სევეროვის, ნ. ჩუბინაშვილისა და ლ. წილოსანის მიერ.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება]

მთავარი ტაძარი[რედაქტირება]

სამთავისის ტაძრის განივი განაკვეთი აღმოსავლეთისაკენ.jpg

ტაძრის ეზოს დონე თავდაპირველთან შედარებით 1,5 მეტრით არის ამაღლებული, ხოლო ძეგლის გარშემო 10 მეტრის სიგანეზე ჩანს ეზოს თავდაპირველი დონე, ისე რომ, ოთხივე მხარეს გარკვევით მოჩანს ტაძრის ორსაფეხურიანი ხარისხი.

ეზოს ცენტრში აღმართულია სამთავისის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ტაძარი, რომელიც გეგმაში ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს (25X18 მ; მკლავების სიმაღლე გარედან ფრონტონის წვერამდე 20 მეტრია, მთელი ტაძრის სიმაღლე გუმბათის სახურავის წვერამდე — 37 მ).[6]

ტაძრის ინტერიერში თანაბარი სიგანის მკლავები ერთი ზომის სიმაღლეზეა ატყორცნილი. მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია ოთხი ცალკე მდგომი ბურჯი, რომლებიც ნახევარწრიული თაღებითაა შეკრული. თაღების ქუსლების შესაყართან წარმოქმნილ სამკუთხედებში ამოყვანილია აფრები, რომელთა საშუალებითაც კვადრატი წრეზე გადადის. ამ კონსტრუქციულ სისტემაზეა დამყარებული გუმბათის საკმაოდ მაღალი ყელი.

შენობის შიგნითა მასები, რომელთა საშუალებითაც შინაგანი სივრცეა განსაზღვრული, გუმბათის გარშემოა განლაგებული; გეგმაზომიერად გააზრებული ნაგებობის კონსტრუქცია მაღალმხატვრულადაა ხორცშესხმული. ტაძრის შიდა სივრცე ჰარმონიულადაა შერწყმული ძეგლის გარეთა მასებთან, ისე რომ, გარეთა ფორმასა და შიდა სივრცეს შორის სრული შესაბამისობა არის მიღწეული, რაც ქმნის მხატვრული ერთიანობის შთაბეჭდილებას.

ინტერიერში აღმოსავლეთის მკლავი ბოლოვდება ნახევარწრიული აბსიდით; დანარჩენი სამი მკლავი კი სწორკუთხაა. აღმოსავლეთის მკლავის ჩრდილოეთით და სამხრეთით სამკვეთლო და სადიაკვნოა მოთავსებული, რომელთა აბსიდები ნახევარწრიული ფორმისაა. სამკვეთლოსა და სადიაკვნოს თავზე ამავე ზომის თითო პატრონიკეა მოთავსებული, რომლებშიც ამჟამად შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ინტერიერის ღიადებიდან კიბის მიდგმის საშუალებით. დასავლეთის მკლავის ორსავე მხარს თაღებია გახსნილი, რომელთა საშუალებითაც ჩრდილოეთითა და სამხრეთით არსებული ვიწრო და წაგრძელებული ფორმის სამყოფელებით უკავშირდებიან შიდა სივრცეს.

SamtavisiCathedral.jpg

ტაძარს უწინ სამი კარი ჰქონდა. დღეისათვის კი მხოლოდ ორია შემორჩენილი – დასავლეთის კედლის ცენტრიდან და სამხრეთის კედლის მარცხენა მესამე თაღიდან. მესამე კარი, XIX საუკუნეში, შეკეთების დროს ამოუშენებიათ.

ჩრდილოეთით შესასვლელი კარი დანარჩენ ორ კარზე მცირე ზომისაა როგორც სიმაღლით, ისე სიგანით. ჩრდილოეთის კარის ტიმპანი, რომელსაც შეისრული თაღი აქვს, საგრძნობლად არის ამაღლებული. დასავლეთის კარის ტიმპანი ნახევარწრიული ფორმისაა.

ტაძრის შიდა სივრცე ძირითადად განათებულია გუმბათსა და მკლავებში გაჭრილი 14 სარკმლით. აქედან სამი სარკმელი საკურთხევლის აბსიდშია მოთავსებული. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში თითო-თითო დიდი სარკმელია გაჭრილი. დასავლეთიდან ორი შეწყვილებული სარკმელია. გუმბათიდან 7 სარკმელი ანათებს გუმბათქვეშა სივრცესა და ინტერიერის დანარჩენ მონაკვეთს. სამკვეთლო და სადიაკვნო ტაძრის შიდა სივრციდან შემავალი შუქის გარდა მცირე ზომის ორ-ორი სარკმლით ნათდებოდა. რაც შეეხება პატრონიკეს, იგი განათებულია, როგორც აღმოსავლეთის მხრიდან თითო მრგვალი სარკმლით, ისე ინტერიერში არსებული ღიადებით.

გეგმაზომიერი განათების საშუალებით ტაძრის შინაგანი სივრცე თავისუფლად აღიქმება. ტაძარში შესვლისთანავე შეინიშნება გუმბათის ქვეშ ჩრდილო-დასავლეთით ოთხწახნაგოვანი ბურჯის არაპროპორციულობა დანარჩენ სამ რვაწახნაგოვან ბურჯთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილო-დასავლეთის ბურჯი, რომელიც გვიან ხანაშია აღმართული, უსწორო ფორმისაა და დანარჩენ ბურჯებთან შედარებით აშკარად მსხვილია. აღსანიშნავია, რომ სამთავისის ტაძრის XI საუკუნის ფასადებისა და გუმბათის ყელის დეკორის ფრაგმენტები, ზემოთ ხსენებული ბურჯის დასავლეთის სიბრტყის ზედა და ქვედა ოთხივე კუთხის წყობაში უადგილოდაა ჩართული, როგორც საშენი მასალა. გარდა ამისა, ჩანს გუმბათის ყელის ქვედა წრეხაზის ოდნავ გამრუდება. აღნიშნული დეფექტები ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტის თავდაპირველ ფორმას გარკვეულწილად არღვევს.

აღნიშნული ნაკლოვანებების მიუხედავად, ტაძრის შიდა ხუროთმოძღვრული ფორმები დიდი მხატვულობით ხასიათდება. ჯვრის მკლავებისა და გუმბათქვეშა ბურჯზე მსუბუქად გადავლებული კამარები და შიდა ხალვათი სივრცე მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

შიდა სივრცის ორგანიზაციას, თავის მხრივ, სავსებით შეესატყვისება გარე მასების მხატვრული გადაწყვეტის თავისებურებანი. ტაძრის ზემოთ ატყორცნილი ფასადები, რომლებიც დეკორირებული კამარებით არის შემკული, მნახველზე მონუმენტურობის შთაბეჭდილებს ახდენს. პროფილირებული კამარნარი, რომელიც კედლის სისქეშია შესული (ე. ი. კედლები ამ ადგილებში შეთხელებულია), ფასადებს რელიეფურ სახეს ანიჭებს.

ძეგლის ზემოთ აზიდული მკლავები ფრონტონით, კარნიზითა და ორკალთიანი სახურავით გვირგვინდება. გრძივი ფასადების ჰორიზონტალური კალთები კი ცერად დაქანებული ცალფერდა სახურავითაა გადახურული. ასევეა გადახურული განივი ფასადების დაცერებული კალთებიც.

ტაძრის გარეთა კედლები ყოველგვარი მინაშენების გარეშეა მოღწეული. ადრე მას სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან კარიბჭეები ჰქონდა, რომელიც დაზიანების გამო XIX საუკუნის 50-იან წლებში მოუხსნიათ.

ტაძარი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ღი მოლურჯო, მომწვანო, მოყვითალო და მონაცრისფრო კვადრებით.[6] ღია მონაცისფრო კვადრები განსაკუთრებით შენობის ქვედა ნაწილებში ჭარბობს. ფასადებზე კვადრების წყობა ძირითადად ჰორიზონალურ მწკრივებს გაჰყვება. წყობის ნაკერები, გასული საუკუნის შეკეთების დროს, ნალესობით დაუფარავთ.

სამთავისის ტაძარს თავისი არსებობის მანძილზე მრავალი დაზიანება და აღდგენა განუცდია, რის გამოც მას ჩვენამდე პირვანდელი სახით ვეღარ მოუღწევია. კერძოდ, ჩრდილო-დასავლეთის გუმბათქვეშა ბურჯი, დასავლეთის მკლავი და გუმბათი ძეგლის პირველი სამშენებლო ფენის თანადროული არ არის. გრძივ ფასადებსაც ატყვია შეკეთების კვალი. განსაკუთრებით საუცხოოდ არის შემონახული აღმოსავლეთის ფასადი. მიუხედავად ძეგლის დაზიანებისა და შემდეგში არასათანადო აღდგენისა, ტაძარს მაინც არ დაუკაგავს მთლიანი, თავდაპირველი მხატვრული სახე. რაც მთავარია, ძეგლის გეგმა და ხუროთმოძღვრული ფორმები, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ძირითადად პირვანდელი სახითაა მოღწეული.

აღმოსავლეთი ფასადი[რედაქტირება]

ტაძრის აღმოსავლეთი ფასადი

სამთავისის ტაძრის ფასადებიდან მეტად საყურადღებოა აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციის მიხედვით, როგორც წესი, განსაკუთრებით არის შემკული. იგი, მცირე შეკეთების მიუხედავად, თითქმის პირვანდელი სახითაა მოღწეული.

ჯვრის გამოსახულება აღმოსავლეთ ფასადზე

აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც აღმართულია ორსაფეხურიან ხარისხზე, ხუთი კამარით და ორი ნიშითაა დანაწევრებული, ცენტრალური კამარით შემოსაზღვრულ სიბრტყეზე, ერთ ვერტიკალურ ღერძზე წარმოდგენილია მოჩუქურთმებული დიდი ჯვარი, ფაქიზი ჩუქურთმის წნულით დამშვენებული სარკმელი და ორი დეკორატიული რომბი. ჯვრის მკლავების ზედა და ქვედა თავისუფალ არეს მოხდენილად ავსებს ქართული ასომთავრული წარწერა. აჟურული ფესტონებით შემკული ღრმა ნიშები აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ სისტემაში მძლავრად მოქმედი აქცენტია, რომელიც, ერთი მხრივ, მკაფიოდ ანაწევრებს სიბრტყეს, მეორე მხრივ, შინაგან სივრცეს მის გარე მასებში გამოავლენს. აღმოსავლეთის ფასადის საზეიმო განწყობილებას კიდევ უფრო აძლიერებს ფასკუნჯის ბარელიეფი, ყურძნისა და ბროწეულებისაგან შედგენილი მოტივები, რაც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. კამარნარი ფასადზე გასაოცარი სიზუსტითა და მოხდენილობით არის შესრულებული. ფასადის დაქანებული კალთების ნაპირებზე 3 ლილვისა და 2 წახნაგისაგან შემდგარი კონით შემოზღულულია თითო დაბალი კამაროვანი სიბრტყე. მათ გვერდით მდებარე კედლის სიღრმეში შეჭრილ სამკუთხა ორ ნიშას გარს ევლება ლილვების უფრო დამსხვილებული კონა, რომელიც ოთხი ლილვისა და სამი წახნაგისაგან შედგება. ასევეა შემოფარგლული ლილვების კონით ცენტრალური სიბრტყე, რომელიც ფასადის ფრონტონამდეა ატყორცნილი. ფასადზე არსებული კამარნარი კედლის სიღრმეში 25 სანტიმეტრითაა შეჭრილი, რომელიც ფასადს დეკორატიულად ანაწევრებს.

აღმოსავლეთის ფასადის კუთხეებზე მდებარე პროფილირებული კაპიტელებიდან აღმართულია თითო ლილვი, რომელიც მოკაუჭებულ ადგილას, ზემოთ, კვლავ კაპიტელით ბოლოვდება. ზედა კაპიტელი კედლის კუთხეზეა მოთავსებული, რომლის ქვემოთაც სტილიზებული ვაზის რქაა ამოკვეთილი. იგი მოკაუჭებულ ლილვიდან გარეთ გამოდის და ზემოთ მცენარეული ჩუქურთმის რელიეფით მთავრდება. აქვე კედლის წიბოებზე, ვაზის რქაზე გამობმული ყურძნის მტევნები ჰკიდია. აღნიშნული დეტალები აღმოსავლეთისა და გრძივი ფასადების ურთიერთდამაკავშირებელ სამკაულს წარმოადგენენ. გარდა ამისა, განივ და გრძივ ფასადებზე არსებული ლილვების კონები შეუმჩნევლად ერწყმიან ერთმანეთს, რაც სამი ფასადის ურთიერთგადაწვნის შთაბეჭდილებას ქმნის.

ფასკუნჯი; აღმოსავლეთი ფასადის ბარელიეფი
გიორგი მელაშვილის ფოტო.

განაპრა კამაროვან სიბრტყეებში ნიშების მხარის ლილვების გვერდით ჩუქურთმით შემკული ვიწრო სარკმლებია, ხოლო ჩრდილოეთის მხარის ნახევარწრული კამარის ქვეშ ტორაწეული ფასკუნჯის შესანიშნავი მაღალი რელიეფია მოთავსებული. გასული საუკუნის 50-იან წლებში, ხუროთმოძღვარ რიპარდის ცნობით, ამავე კამაროვან სიბრტყეზე მეორე ფასკუნჯის ბარელიეფიც ყოფილა, რომელიც, დაზიანების გამო, ძეგლის შეკეთების დროს, მოუცილებიათ. თუ რიპარდის ამ ცნობას დავუჯერებთ და ორი ფასკუნჯის ბარელიეფს ერთმანეთის პირისპირ ჩრდილოეთის კამარის ქვეშ, ლილვების კაპიტელების დონეზე პერსპექტიულად წარმოვიდგენთ, მაშინ თვალსაჩინო გახდება ფასადის შემკულობაში წონასწორობის დარღვევა, ე. ი. სამხრეთის მხარის კამაროვანი სიბრტყის სიშიშვლე. სავარაუდოდ, რიპარდს ძეგლის აღწერისას მექანიკური შეცდომა მოსვლია, როდესაც მეორე ფასკუნჯის ბარელიეფს ჩრდილოეთის კამარის ქვეშ მიგვითითებს. იგი უთუოდ სამხრეთის კამარის ქვეშ შემორჩენილ დიდ კვადრზე უნდა ყოფილიყო, რომელიც დაზიანების გამო გასული საუკუნის შეკეთების დროს აუთლიათ. მხატვრული თვალსაზრისით, უფრო ლოგიკური უნდა იყოს აღმოსავლეთის ფასადის ჩრდილო-აღმოსავლეთის კამარაში ერთი ფასკუნჯის მოთავსება, ხოლო მეორესი, ამავე ფასადის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე კამარაში.

აღმოსავლეთის ფასადის განაპირა კამარების გვერდით, კედლის სისქეში, ორი სამკუთხა ნიშაა შეჭრილი, რომელიც, ერთი მხრივ, საკურთხევლის აბსიდისა და მის გვერდით მდებარე სამკვეთლო-სადიაკვნოს აბსიდებით წარმოშობილ კედლის ჭარბ სისქეს განტვირთავს, ხოლო მეორე მხრივ, მთავარ დეკორატიულ აქცენტს ქმნის. ნიშების შიგნით. ზემოთ თითო მოზრდილი სარკმელია გაჭრილი საკურთხევლის აბსიდის გასანათებლად. სარკმლები ოვალურად ამობურცული ჩუქურთმის საპირით არის დამშვენებული. სარკმლის ნაპირებს გარედან ორი ვიწრო ლილვი შემოზღუდავს, შიგნიდან კი თითო ლილვი გაჰყვება.

ნიშების ზემოთ, ნახევარწრიული კამარიდან ვერტიკალურად ეშვება ოთხი აჟურული ფესტონი. თითოეული მათგანი წარმოდგენილია სამყურა კუწუბის სახით. მის გარეთა ზედაპირზე, შეწყვილებულ ღარებს შორის, ჩარიგებულია პაწაწა ამობურცული რგოლები, რომლებიც მარგალიტის მძივების იმიტაციას წარმოადგენს. ფესტონების ყოველი კუწუბის ზემოთ წარმოქმნილ სამკუთხედში ვაზის ორი გაშლილი ფოთოლია ამოკვეთილი, რომლის ცენტრიდანაც გამოსულ პატარა ყუნწს ყურძნის მტევანი ებმის.

ფესტონები ქვემოდან, ვერტიკალური კვეთით ორი ღრმა ღარით არის გაყოფილი, რომლის გარეთა ღარშიც წითელი ფერი შეინიშნება, შიგნით ღარში კი – მუქი ლურჯი ფერი. ფესტონები, რომლებიც შიგნიდან ცერად დაქანებულია, მოსაპირკეთებელი კვადრების ნაწილებს წარმოადგენენ. ნიშას შიგნით დეკორატიული ნიჟარაა მოთავსებული, ხოლო თაღის სეგმენტი მარაოსებური სახითაა დანაწევრებული. აქ არსებულ ღარებში ზოგიერთ ადგილას შემორჩენილია წითელი ფერის საღებავი. ნიშების ზემოთ, ცენტრალური კამარის ზედა კაპიტელებიდან ორი ლილვია გადმოშვებული, რომლის ბოლოებიც ტოლმკლავებიანი დეკორატიული ჯვრებით ბოლოვდება. ჯვრების ორსავე მხარეს განაპირა ლილვის ქვედა ნაწილს ვაზის რქა ებმის, რომელიც ბროწეულის კუნწულებით და ყურძნის ბოლო წახრილი თითო დიდი მტევნით ბოლოვდება.

აღმოსავლეთის ფასადის კალთების ქვემოთ, ე. ი. განაპირა კამარების ზემოთ, თავისუფალ არეზე თითო მცირე ზომის უჩუქურთმო მრგვალი სარკმელია მოთავსებული. აღნიშნული სარკმელები სამკვეთლო-სადიაკვნოს ზემოთ არსებულ პატრონიკენის გასანათებლად იყო გაჭრილი. ამგვარი სარკმლები, გარკვეული მანძილიდან მოჩანს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების აღმოსავლეთის კედლების ქვემოთაც, რაც მკლავების შიგნითა სივრცის გასანათებლად იყო გათვალისწინებული.

აღმოსავლეთის ფასადზე დეკორატიული კამარები ატყორცნილია ფასადის მთელ სიმაღლეზე. ფასადის გვერდებზე ცერად დაქანებული უჩუქურთმო, მარტივი პროფილის მქონე კარნიზამდე აზიდულია ზემოთ აღწერილი კამარებით შემოზღუდული სიბრტყეები. მათ შუაში კი, ცენტრალური კამაროვანი არე ფასადის ფრონტონის ორმაგად პროფილირებულ ჩუქურთმით შემკულ კარნიზამდე აღწევს.

დეკორატიული რომბები ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე

ფრონტონის კარნიზის ქვედა ლილვის ცენტრიდან მცირე მანძილზე ერთი ლილვი ქვემოთ ეშვება, რომელიც ცენტრალურ კამარას პერპენდიკულარულად ებჯინება. აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალური კამარის არეში, ერთ ვერტიკალურ ღერძზე, წარმოდგენილია დეკორატიული დიდი ჯვარი, საკურთხევლის აბსიდის ცენტრალური, საკმაოდ მოზრდილი სარკმელი და შეწყვილებული რომბები.

ნახევარწრიული კამარის ზემოთ ცენტრიდან გამოსული ოთხი ლილვისა და ორი წახნაგისაგან შემდგარი ვერტიკალური კონა ორად იყოფა და ფრონტონის ქვემოთ, კედლის სიბრტყიდან ამობურცულ ჩუქურთმით შემკულ ჯვარს გარშემო ერტყმის. აქ, ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილას, მცირე ზომის რელიეფური კოპია ამოწეული, რომელსაც პაწაწა ბურთულების მწკრივი შემოფარგლავს. დეკორატიული ჯვრის მკლავებში, დიდ კვადრებზე ულამაზესი ქართული ასომთავრული, ე. წ. ტყუბწვეტოვანი წარწერაა. ჯვრის ქვემოთ ლილვების კონები მცირე წრეხაზს კრავს, რომელშიც ჩუქურთმის ნაზი წნულით დამშვენებული კოპია პატარა ბურთულების წრეხაზით შემოზღუდული. კოპის ქვემოთ ლილვების კონა შემოფარგლავს დიდი სარკმლის მინანქარივით ფაქიზ ჩუქურთმიან საპირეს. სულ ბოლოს, ქვემოთ ლილვები გარს ევლება რომბების სახით წარმოდგენილ ორ კვადრატს, რომელიც ჩუქურთმის შესანიშნავი წნულითაა შემკული. ჩუქურთმის წნული რომბებში ჩარჩოს სახითაა ამოკვეთილი, რომლის შიგნითა კვადრატებში ჩუქურთმიანი კოპებია ამობურცული. კვადრატების კუთხეებში წრიული ფორმის კოპები პატარა სამკუთხედებს წარმოშობს, რომელიც წითელი ფერითაა შეღებილი. დასასრულ, რომბების ლილვების კონა ქვემოთ კვლავ ერთიანდება და პროფილირებული ბაზისებით ორსაფეხურიან ხარისხს ემყარება.

აღმოსავლეთის ფასადზე მოჩანს მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო შეკეთების კვალი; კერძოდ: ფასადის ჩრდილოეთის სარკმლის ზემოთ მარცხენა ჩუქურთმიანი საპირე გვიან ხანაშია შეკეთებული. ასევე აღდგენილი ჩანს ცენტრალური დიდი სარკმლის ქვედა ნაწილი, ფასადის ორსაფეხურიანი ხარისხი და ქვედა კვადრების ოთხი მწკრივი.

სამხრეთი ფასადი[რედაქტირება]

ტაძრის სამხრეთი ფასადი

აღმოსავლეთ ფასადის შემდეგ, როგორც ყოველთვის, მხატვრული შემკულობის თვალსაზრისით სამხრეთის ფასადია საყურადღებო. სამხრეთის ფასადი, რომელიც დანაწევრებულია ლილვების კონებისაგან შემდგარი ცხრა კამარნარით, სამ ნაწილად იყოფა. სამი მაღალი კამარა მკლავის მთელ სიმაღლეზეა ატყორცნილი, სამ-სამი კამარა კი ფასადის გვერდითი დაბალი კალთების ერთპროფილიანი უჩუქურთმო კარნიზის ქვემოთ სწორხაზოვნად არის განაწილებული. ლილვების ვერტიკალური კონები, რომლებიც სამი ლილვისა და ორი წახნაგისაგან შედგება, ერთმანეთზე ნახევარწრიული ფორმის კამარებითაა გადაბმული, სამხრეთ-აღმოსავლეთის კალთის სახურავის ზემოთ არსებული ფასადის სიბრტყე დანაწევრებულია ხუთი კამარით; ამგვარი კამარნარი დასავლეთის მკლავის სამხრეთის ფასადზე არ გვხვდება; ცნობილია, რომ ძეგლის ამ ნაწილს დაზიანება განუცდია, ხოლო აღდგენისას, როგორც ჩანს, იგი კამარნარით აღარ შეუმკიათ.

სამხრეთი ფასადი

ფასადზე წარმოდგენილი სამი მაღალი კამარა სამხრეთის მკლავის მთელ სიმაღლეზეა აზიდული. აქ მისი ცენტრალური კამარა უფრო მაღლაა აწეული, ისე რომ, კამარები ფრონტონში თანაბარი მანძილით უახლოვდება ორმაგად პროფილირებულ უჩუქურთმო კარნიზს. ცენტრალურ კამარაში ზემოთ დიდი სარკმელია მოთავსებული, რომლის ჩუქურთმიანი საპირე ვიწრო ლილვითაა შემოზღუდული, სარკმლის ზემოთ, ნახევარწრიული კამარის ქვეშ, წრიული ფორმის ჩუქურთმიანი ვარდულია მოთავსებული.

ფასადის დასავლეთის მხარის კალთაზე წარმოდგენილი სამი კამარა არათანაბარი განისა და სიმაღლისაა. კამარების განი და სიმაღლე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით თანდათანობით მატულობს. კამარების ზომების სხვაობა ნაკლებად შესამჩნევია, რადგან ეს ხდება თანდათანობით. დასავლეთის კალთის კამარების გაფართოება ცენტრალური კამარების მიმართულებით, ე. ი. სიმეტრიის საგანგებო დარღვევა, ფასადს რიტმული დინამიკის გარკვეულ შთაბეჭდილებას ანიჭებს. რაც შეეხება ფასადის აღმოსავლეთის კალთის სამ კამარას, იგი თანაბარი განითა და სიმაღლითაა წარმოდგენილი. შუა კამარაში ოდნავ ქვემოთ მცირე ზომის ჩუქურთმით შემკული მრგვალი სარკმელია გაჭრილი სადიაკვნოს გასანათებლად. აქვე, აღმოსავლეთის კიდეზე, კამარის კაპიტელის ზემოთ, წარმოდგენილია ზუსტად ისეთივე მცენარეული რელიეფი და მოკაუჭებული ლილვი, როგორიც აღმოსავლეთის ფასადის ნაპირებზეა მოთავსებული, ხოლო ყურძნის მტევანი და ზედა ლილვის კაპიტელი გრძივ და განივ ფასადთა საზიარო სამკაულს წარმოადგენს.

სამხრეთის ფასადის დიდი სარკმლის მარჯვნივ აღმოსავლეთით, თაღოვან სიბრტყეში, ჰორიზონტალურად ჩასმულია ლილვებით შემოზღუდული ჩუქურთმიანი გრძელი ქვა. ჩვენთვის უცნობია, თუ რისთვის დასჭირდა ძეგლის აღმდგენელს ჩუქურთმის ფრაგმენტის უადგილო ადგილას ფასადზე მოთავსება. იგი XI საუკუნის ჩუქურთმაა. ასევე საინტერესოა, აღნიშნული ფრაგმენტი რისი ნაწილია და როდის მოხვდა სამხრეთის ფასადის წყობაში. იგი საგრძნობლად ვიწრო და გრძელი ფორმისაა. სამთავისის დღევანდელი ტაძრის არც ერთ სარკმელს თითქოს ამგვარი საპირე არ უნდა ჰქონოდა. ვარაუდის სახით შეიძლება იგი ვიგულისხმოთ სამხრეთის ან დასავლეთის მხარის კარიბჭის რომელიმე სარკმლის საპირედ. თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მაშინ იგი რიპარდის (1850 წ.) დროსაა კედელში ჩასმული. ამჟამად, სამხრეთის ფასადზე დასავლეთიდან მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ლილვების კონა, ოთხი მეტრის სიმაღლეზე, ჰორიზონტალურად ვიწრო კარნიზითაა გადაკვეთილი. კარნიზის ქვემოთ ფასადის ლილვების კონა სულ სხვა სახითაა წარმოდგენილი. კერძოდ, აქ ლილვებისა და წახნაგთა რაოდენობა გაზრდილია, აგრეთვე ლილვების წყვილ კონათა შორის პილასტრებია ჩართული. კარნიზიდან ერთი მეტრის ქვემოთ ლილვების დამსხვილებულ კონას ჩუქურთმით შემკული პროფილირებული კაპიტელები ამშვენებს. სულ ქვემოთ კი, ლილვები ებჯინება ფასადის წახნაგიან კვარცხლბეკს. ორ კარნიზს შორის მოქცეულ არეზე, ე. ი. ფასადის მესამე კამაროვან სიბრტყეში, ქვემოთა კაპიტელებზე ნახევარწრიული ფორმის კამარაა გადაყვანილი. აქვე, მარჯვენა პილასტრზე, ლამაზი ჩაკვეთილი ასომთავრული წარწერის მკრთალი კვალი მოჩანს. იგი, როგორც ირკვევა, გასული საუკუნის შეკეთების დროს აუთლიათ.

სამხრეთი ფასადის ფრაგმენტი

აღწერილი დეტალები, ცხადია, ფასადზე მიშენებული ნაგებობის ინტერიერის ჩრდილოეთის კედლის ხუროთმოძღვრული დეკორია. როგორც რიპარდის მიერ 1847 წელს შესრულებული სამთავისის ტაძრის გეგმისა და ფასადების ანაზომების მიხედვით ირკვევა, სამხრეთის ფასადზე მიშენებული ნაგებობა დასავლეთის კიდიდან იწყებოდა და მთავრდებოდა ფასადის ცენტრალური კამარის აღმოსავლეთის ლილვის გვერდით. მისი საერთო გარეთა სიგრძე, რიპარდისეული ანაზომების მიხედვით, 12 მეტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო სიგანე – 4 მეტრი. ამრიგად, მინაშენის გეგმა საკმაოდ დაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენდა, რომლის შიგნითაც აღმოსავლეთის მხარე სწორკუთხედით ბოლოვდებოდა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, რიპარდისეული ანაზომების მიხედვით შესაძლებელია რამდენადმე ზუსტად აღვადგინოთ სამხრეთის მხარის მინაშენის ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტა, ხოლო ზოგადად წარმოვიდგინოთ მისი გარეთა მასები და ხუროთმოძღვრული ფორმები.

ტაძრის ფასადზე შემორჩენილი კარიბჭის პილასტრებიანი ლილვების კონა კაპიტელის ზემოთ კედლის სიბრტყიდან ოდნავ გადმოწეულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ კარიბჭის შიგნით, ცილინდრული თაღი პილასტრებზე დამყარებული ოთხი პროფილირებული კამარით იქნებოდა დანაწევრებული. ცხადია, კარიბჭის სამხრეთის კედლის შიგნით ისეთივე ლილვების კონები იქნებოდა, როგორიც დღეს ტაძრის სამხრეთის ფასადზეა შემორჩენილი.

რიპარდისეულ ანაზომებში სამხრეთის მხრის კარიბჭეს გარედან შესასვლელი არ უჩანს. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისეთ ძეგლებს, როგორიცაა ოშკი, მანგლისის სიონი, ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდის ტაძარი, სვეტიცხოველი, სამთავრო, ალავერდი, სავანე და სხვ. ტრადიციულად კარიბჭეებში შესასვლელები სამხრეთის მხრიდან ჰქონდათ. თუ რიპარდისეულ კარიბჭის ანაზომზე შესასვლელი კარი არ არის დატანილი, ეს უთუოდ მისი დიდი დაზიანებით აიხსნება, ანდა შესაძლოა, რიპარდს კარიბჭის კარი ამოშენებულიც კი დახვდა ძეგლის აზომვის დროს. კარიბჭე ტაძართან ტიმპანიანი დიდი პორტალით იყო დაკავშირებული, რომელიც გასული საუკუნის შეკეთების დროს იქნა ამოშენებული. აღნიშნული კარიბჭის ინტერიერი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან გაჭრილი მცირე სარკმლებით ნათდებოდა. კარიბჭის შუა ადგილი, რომელიც ამაღლებული ყოფილა, გარედან ორფერდიანი სახურავით იყო გადახურული. შიგნიდან აღნიშნული ადგილი, სავარაუდოა, ჯვრული თაღით ყოფილიყო წარმოდგენილი. გვერდითი ცილინდრული თაღები კი ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით ცერად დაქანებული ერთფერდიანი სახურავით იყო დახურული. რადგან რიპარდის ანაზომებში არ არის აღნიშნული კარიბჭის ფასადთა შემკულობა, ამიტომ ძნელია დაბეჯითებით რაიმეს თქმა. ისე კი, რა თქმა უნდა, იგი გარედანაც ისევე მომხიბლავი იქნებოდა, როგორც ფასადზე შემორჩენილი მისი ინტერიერის ლილვების კონები და მოხდენილი ჩუქურთმიანი კაპიტელებია.

ჩრდილოეთი ფასადი[რედაქტირება]

ტაძრის ჩრდილოეთი ფასადი

სამთავისის ტაძრის ჩრდილოეთის ფასადი, რომელიც სამხრეთის ფასადის ზუსტ პირს წარმოადგენს, როგორც თავისი ცხრა კამარით და დეკორის მოხაზულობით, ისე მისი აღმოსავლეთის ფასადთან ჰარმონიული გადაბმით, სამხრეთის ფასადთან შედარებით განსხვავებულს არაფერს შეიცავს. ჩრდილოეთის ფასადი სამხრეთის ფასადისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ მის დასავლეთის მხარის მესამე კამარაში, გვიან ხანაში გაჭრილ მცირე ზომის კარს არ გააჩნდა მინაშენი. გარდა ამისა, ცენტრალური კამარის სარკმლის საპირე ამობურცული გლუვი ზედაპირითაა წარმოდგენილი, ხოლო სარკმლის ზემოთ არსებული ვარდული ზოგად კონტურებშია შესრულებული.

დასავლეთი ფასადი[რედაქტირება]

ზემოთ აღნიშნულ ფასადებთან შედარებით დასავლეთის ფასადი თავისი შემკულობით ნაკლებად საყურადღებოა, რაც აიხსნება იმით, რომ მას გვიანი ხანისა და XIX საუკუნის აღდგენების დროს სრულიად დაუკარგავს პირვანდელი სახე.

დასავლეთის ფასადის ცენტრში მოთავსებული პორტალი, რომლის ნაპირებიც დეკორირებული ლილვებითაა დაფარული, მნახველზე არც თუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ლილვები და მასში ჩართული ჩუქურთმის სარტყელი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისშია შესრულებული, მოკლებულია მხატვრულ გემოვნებას. პორტალის გარშემო არსებული „სამკაული“ თავის შესრულების ტექნიკითა და მხატვრული დამუშავებით სრულიად განსხვავდება ტაძრის დანარჩენი ფასადების დეკორისაგან.

პორტალის ზემოთ შეწყვილებული ორი სარკმელია გაჭრილი. სარკმლებს შორის ჯვრის ქვედა, გრძელი მკლავია მოთავსებული. როგორც რიპარდისეული ანაზომებიდან ჩანს, XIX საუკუნის 50-იან წლებამდე ჯვარს დაზიანებული ზედა მკლავებიც გააჩნდა, რომელიც ძეგლის შეკეთების დროს მოუხსნიათ. შეწყვილებული სარკმლების საპირეებში 16 სხვადასხვა სახის ჩუქურთმა შეინიშნება. თითოეული ჩუქურთმა გასაოცარი სილამაზისაა. აქ არსებული ჩუქურთმები ებმის ერთმანეთს, ამიტომ სარკმლების დეკორი ერთბაშად ძნელი აღსაქმელია და ამდენად მოსაწყენიც. სარკმლებს შორის შემორჩენილ ჯვრის ქვედა მკლავში მოთავსებულია 3 სხვადასხვა კვეთის ჩუქურთმა.

დასავლეთ ფასადის ფრაგმენტი

დღეისათვის დასავლეთის ფასადზე, გარდა პორტალის, ჯვრის ქვედა მკლავისა და მის გვერდებზე არსებული სარკმლებისა, სხვა არაფერია შემორჩენილი. გვიანფეოდალურ ხანაში, როგორც ცნობილია, დასავლეთის ფასადს დიდი დაზიანებისა და აღდგენების შედეგად იმდენად შეუცვლია სახე, რომ იგი დანარჩენი ფასადების პირვანდელ მხატვრულ გადაწყვეტასთან სრულიად შეუსაბამოა.

ფასადის ცენტრალურ ნაწილში აშკარად შეინიშნება ახალი, ღია ნაცრისფერი ქვების წყობა, რომელიც ზოგიერთ ადგილებში ჰორიზონტალურ მწკრივებს არ გასდევს. ძველ წყობაში კი, სადაც მუქი ნაცრისფერი ქვაა ნახმარი, ძირითადად სწორ ხაზებზეა განლაგებული.

დასავლეთის ფასადი დღეს თუ ნაკლებად საყურადღებოა თავისი ხუროთმოძღვრული ფორმებითა და შემკულობით, სამაგიეროდ იგი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ხუთი ასომთავრული წარწერით, რომელიც გვაუწყებს ტაძრისა და კარიბჭის როგორც აგების, ისე მისი აღდგენის თარიღს, რაზედაც ქვემოთ საგანგებოდ შევჩერდებით. აღმოსავლეთისა და გრძივი ფასადების შემკულობის აღწერის შემდეგ, ბუნებრივია, დაგვებადება აზრი – თუ როგორი სახით იქნებოდა დასავლეთის პირვანდელი ფასადი. ამ მიზნით შეიძლება დავუშვათ, რომ დასავლეთის ფასადის სიბრტყე ხუთი კამარით იქნებოდა დანაწევრებული, რომლის განაპირა ლილვები გადაებმებოდა გრძივი ფასადების კიდეებზე აღმართულ ლილვების კონას და ამით ძეგლი მთლიანად მოექცეოდა დეკორატიული სისტემის ბადეში.

დასავლეთის ფასადი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნებოდა, თუ მის განაპირა სიბრტყეებში, გარედან ამოშენებულ მცირე ზომის სარკმლებსაც გავხსნიდით; გარდა ამისა, თუ პორტალს, დიდ ჯვარსა და მის ქვედა მკლავის გვერდებზე ორივე მხარეს მდებარე სარკმლებს ძეგლის თანდართული დეკორით შევამკობდით, მაშინ ფასადი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

XIX საუკუნის შეკეთებამდე დასავლეთის ფასადზე მინაშენის ნაშთი იყო შემორჩენილი, რომელიც, რიპარდის ანაზომების მიხედვით, სამი სათავსისაგან შედგებოდა. მინაშენი ფასადის სამხრეთის კიდიდან იწყებოდა და დაახლოებით 15 მეტრის სიგრძეზე მთავრდებოდა. რიპარდს ტაძრის გეგმისა და ფასადების ანაზომების შესრულების დროს დასავლეთის მინაშენის სამხრეთის ნაწილი, რომელიც კვადრატული ფორმის სათავსს წარმოადგენდა, თითქმის სულ დანგრეული დახვედრია, რის გამოც მინაშენის ამ ნაწილის კარი და სარკმელი ნახაზებზე ვეღარ დაუტანია. მინაშენის შუა ნაწილი, რომელიც ფასადის ცენტრში გაჭრილ კარზე იყო მიდგმული, კარიბჭე უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთის მხარის სათავსში, ძველი გეგმის მიხედვით, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია არსებობდა, რომელშიც მოხვედრა მხოლოდ კარიბჭიდან ხერხდებოდა. ეკლესია შიგნიდან სრულიად სადა და მარტივი ფორმისა ყოფილა, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდი ჰქონდა. ინტერიერის გასანათებლად ჩრდილოეთის მხარეზე ერთი სარკმელი იყო გაჭრილი. დასავლეთის მხარის სამნაწილიანი მინაშენი ორფერდიანი გადახურვის ქვეშ უნდა ყოფილიყო მოქცეული.

გუმბათი[რედაქტირება]

სამთავისის ტაძრის გუმბათი.jpg

ტაძრის ჯვრის მკლავების ურთიერთგადაკვეთით მიღებული კვადრატი ფარების საშუალებით პირდაპირ წრეხაზზე გადადის, რომელზედაც აღმართულია გუმბათის ყელი თავისი მაღალი კარავით. გუმბათის ყელის დიამეტრიც და სიმაღლეც 8 მეტრს უდრის; ამავე სიმაღლეზეა აზიდული გუმბათის კარავი. შორი მანძილიდან ძეგლის დათვალიერების დროს აშკარად შეინიშნება ტაძრის მასებისა და გუმბათის ურთიერთარაპროპორციულობა. აღნიშნული გარემოება მეტყველებს, რომ გუმბათი ტაძრის პირვანდელი სამშენებლო ფენის სინქრონული არ არის. ამას ისიც ადასტურებს, რომ გუმბათის ყელზე მოთავსებული დეკორი და სარკმლების გლუვად ამობურცული საპირეები სრულიად შეუსაბამოა ძეგლის მხატვრული შემკულობის თავდაპირველ ფორმებთან.

როგორც ცნობილია, გვიანფეოდალურ ხანაში, რაღაც კატასტროფის შედეგად, ჩამოინგრა ტაძრის შიგნითა, გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთის ბურჯი, რამაც შემდეგ გუმბათის ჩამოქცევა გამოიწვია. გუმბათის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის ჩამოვარდნის დროს განსაკუთრებით დაზიანებულა დასავლეთის ფასადი, ნაწილობრივ კი ჩრდილოეთის ფასადის დასავლეთის მხარე. ძეგლის აღდგენისას დაზიანებული ჩრდილოეთის ფასადისათვის დაუბრუნებიათ პირვანდელი სახე, ხოლო გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი თავიდან აუშენებიათ.

როგორც აკადემიკოსი ნ. სევეროვი აღნიშნავს, ჩამოქცეული გუმბათის ყელის სარკმლების გადარჩენილი ჩუქურთმიანი ქვები ძეგლის აღდგენის დროს დასავლეთის ფასადის შეწყვილებული სარკმლების საპირეებში ჩაუსვამთ. დასავლეთის ფასადის ახლანდელი სარკმლის დეკორი რომ თავდაპირველად გუმბათის სარკმლების სამკაულს წარმოადგენდა, ეს მისი რელიეფის კვეთის ხასიათით დასტურდება. ამგვარი ჩუქურთმები, როგორც წესი, იხმარებოდა გუმბათის ყელზე და მისი რელიეფის ღრმა კვეთა შორი მანძილიდან დასანახავად იყო გათვალისწინებული.

გუმბათის ყელი 13 წახნაგისაგან შედგება. ამათგან მხოლოდ 7 წახნაგია სარკმლით გახსნილი; დანარჩენი 6 წახნაგი კი ცრუ სარკმლითაა წარმოდგენილი, ე. ი. თითო წახნაგის გამოშვებით სარკმელია გაჭრილი. ამ მხრივ ერთ გამონაკლისს წარმოადგენს გუმბათის ყელის ჩრდილო-აღმოსავლეთის ორი წახნაგი, რომლებშიც სარკმლებია გახსნილი. სარკმლების გარშემო ვიწრო ლილვებით შემოსაზღვრულია გლუვი საპირეები, რომელიც გუმბათს აშკარად ნაკლებად მხატვრულ ელფერს ანიჭებს. გუმბათის ყელის ქვედა წრეხაზზე, ვერტიკალურად აღმართული, წიბოზე მოთავსებული ლილვები, ზემოთ ორი ლილვის წრეხაზი და სახურავის ქვეშ მოთავსებული დაბალი რელიეფის მქონე ჩუქურთმიანი კარნიზი გუმბათს, შემკულობის თვალსაზრისით, თითქმის არაფერს მატებს.

გუმბათის კარავი სუფთად გათლილი ლორფინებით იყო გადახურული, ხოლო ტაძრის მკლავები და მისი დაქანებული კალთები კი თხელი თუნუქით. მკლავების ფრონტონის კეხებზე დადგმულია მცირე ზომის გუმბათოვანი ტაძრის ფორმის აკროტერები.

მოხატულობა[რედაქტირება]

ინტერიერში კედლის მხატვრობა შემორჩენილია მხოლოდ გუმბათსა და საკურთხეველში. დანარჩენი კედლები და თაღები, რომლებზედაც მხატვრობა ფრაგმენტულად იყო მოღწეული, XIX საუკუნის 50-იან წლებში ძეგლის რესტავრაციის დროს სქელი ნალესობით დაუფარავთ. ტაძრის მოხატულობა გვიანდელია (1679 წ.). იგი რესტავრირებულია 1964 წელს სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ (რესტავრატორები: შ. აბრამიშვილი, კ. ბაკურაძე).

საკურთხევლის მხატვრობა, გარდა კონქისა, წარმოდგენილია სამი რეგისტრით. კონქში მოცემულია ვედრების კომპოზიცია. შუაში გამოსახულია საყდარზე მჯდომი მაცხოვარი. საყდრიდან გაირჩევა მუთაქის მარჯვენა ნაწილი და თვით საყდრის ფეხები, რომლებიც სადადაა შემკული. ქრისტეს მარცხენა მუხლზე დიდი ზომის გადაშლილი წიგნი უდევს, რომელიც მარცხენა ხელით უჭირავს, მარჯვენა ხელი კი კურთხევის ნიშნად მკერდის წინ აქვს აღმართული. კონქის კომპოზიციაში, ქრისტეს ორსავე მხარეს ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული ვედრების ტრადიციულ პოზაში. საკურთხევლის ბემის ორსაფეხურიან თაღში გამოსახულია ძუელი დღეთაი, ქერუბიმნი, საყდარნი და მთავარანგელოზთა წელზედა ფიგურები. საკურთხევლის მეორე რეგისტრში გამოსახულია მოციქულთა ზიარება. ქრისტეს ორივე მხარეს 12 ფიგურაა. ზოგიერთ მათგანს შემორჩა წარწერა. ქრისტეს ჩრდილოეთით დგანან: პეტრე მოციქული, სვიმონ კანანელი და ბართლომე მოციქული, სამხრეთით - იოანე ღვთისმეტყველი, მათე მოციქული, თომა მოციქული, იაკობ ზებედესი. მესამე რეგისტრში, ცენტრალურ სარკმლის ჩრდილოეთით გამოსახულია წმ. დიონისე არეოპაგელი, იაკობ ძმა უფლისა, იუდა იაკობისი, წმინდა გრიგოლ პტელია, წმ. ლაზარე, წმ. ლავრენტი; სარკმლის სამხრეთით - წმ. იორეტეოსი, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი, ანანია მოციქული, წმინდა სვიმონ ძმა უფლისა, წმ. ხურსიმე მოციქული, სტეფანე პირველმოწამე. მეოთხე რეგისტრში, კილისებრ თაღებში გამოსახულია მღვდელთმთავრები, საკურთხევლის ნიშში - წმინდა მსხვერპლი. საკურთხევლის სარკმლების წირთხლები დათმობილი აქვს მთავარანგელოზთა ფიგურებს. მხატვრობა დასრულებული იყო ორნამენტის ხოლით (მარმარილოს იმიტაცია).

გუმბათის მხატვრობა[რედაქტირება]

გუმბათში მხატვრობა წარმოდგენილია თაღსა და გუმბათის ყელში სამ რეგისტრად. გუმბათის თაღის ქვემოთ, იქ, საიდანაც იწყება გუმბათის ვერტიკალურ ყელზე გადასვლა, შემოვლებულია თეთრი და მოწითალო ფერის ზოლები. თაღის ფონი მუქი მონაცრისფრო-მომწვანოა.

გუმბათის თაღი მთლიანად უკავია პანტოკრატორის წელამდე გამოსახულებას, რომლის თავიც, როგორც წესი, დასავლეთითაა გამოსახული. მას თავზე ჯვრული შარავანდი ადგას. ქრისტეს კვართი აცვია, ზემოდან კი ჰიმატიონი აქვს მოსხმული. მარჯვენა ხელით კურთხევას გამოსახავს, მარცხენა ხელში კი დახურული წიგნი უჭირავს. ფურცლების გარეთა ნაპირები მუქი ყავისფერითაა შეფერილი, წიგნი შეკრულია მუქმოლურჯო ფერის წვრილი ზონარის გრეხილით. ყდა მარგალიტებითა და ძვირფასი დიდი ქვებითაა შემკული. ქრისტეს შარავანდის, ჯვრის მკლავების ბოლოებში ბერძნული თითო ასო მოჩანს: N-O-Ω = δὤν. ქართულად ნიშნავს (მე ვარ), რომელი ვარ. მხრებს ზემოთ ბერძნულად აწერია: ΙC–XC (იესო ქრისტე).

გუმბათის ყელის პირველი რეგისტრის მხატვრობა შეიცავს კანონიკური სახარების ავტორთა ოთხ აპოკალიფსურ გამოსახულებას, რომლებიც ელიპსურ მედალიონებშია ჩახატული. მათ სახელების აღმნიშვნელი ქართული წარწერები ახლავს. იქვე მიწერილია თითო ბერძნული დიდი ზომის ასო. აღნიშნული რეგისტრი მომდევნო ქვევითა რეგისტრებზე შესამჩნევად დაბალია. ამიტომ იგი სარტყელისებური ფორმის მოჩანს. რეგისტრში წარმოდგენილი მედალიონების ზემოთა ნაწილები წაკვეცილია თაღის წრეხაზით. მედალიონები რეგისტრში შემდეგნაირად ნაწილდება: ჩრდილო-აღმოსავლეთ მედალიონში ფრთოსანი ლომია გამოსახული, რომელსაც ქართულად აწერია მ¯რკოზა (მარკოზა) (სიც), ბერძნულად კი „ΒΛ“. სამხრეთ-დასავლეთ მედალიონში გამოსახულია ფრთოსანი ხარი, რომელსაც ახლავს წარწერა ლოკ (ლუკა), ბერძნულად წერია „B“. სამხრეთ-დასავლეთის მედალიონში წარმოდგენილია არწივი, რომელსაც აქვს წარწერა – იე (იოანე), ბერძნულად კი – „KA“. ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მედალიონში კი ანგელოზია გამოსახული, რომელსაც ახლავს სათანადო წარწერა მთე (მათე), ხოლო ბერძნულად – „A“. ოთხივე აპოკალიფსურ მახარებელს ხელში უპყრია მოოჭვილი სახარება. ამავე რეგისტრში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეზე, მედალიონებს შორის გამოსახულია ორი მრავალფრთედი.

გალავანი[რედაქტირება]

სამთავისის ტაძრის კომპლექსი: 1-გალავანი, 2-სამრეკლო, 3-დიდი ტაძარი, 4-ეპისკოპოსის პალატი, 5-მცირე ეკლესია

გალავანი გეგმით მრავალგვერდაა (200X70 მ, კედლების სიმაღლე 3-5 მ), თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით და XVIII საუკუნის I მესამედით. ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც. კედელი ორ იარუსიანია და ქონგურებით მთავრდება. ქვედა იარუსი 3-4 მ სიამღლეზე ყრუა. ქვის საბრძოლო ბილიკი მხოლოდ სამხრეთითაა. ბილიკის გასწვრივ ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. გალავანს ორი ჭიშკარი ჰქონია: ერთი დასავლეთით (მოგვიანებით ამოუშენებიათ), მეორე - ჩრდილოეთით, სამრეკლოს ქვედა სართულში. გალავნის კედელში, ჩრდილოა-ღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, ორი კოშკია ჩართული. ჩრდილო აღმოსავლეთის ცილინდრული კოშკი კონსტრუქციულად არ არის დაკავშირებული გალავანთან, მაგრამ მისი თანადროულია. პირველი სართული ყრუკედლებიანია. შესასვლელი მეორე სართულზეა, ეზოს მხრიდან. მეორე და მესამე სართულის კედლებში სათოფურები და სამეურნეო დანიშნულების ნიშებია. მეოთხე სართულის მცირე ნაწილია გადარჩენილი. სავარაუდოა, რომ ეს იყო ბანი, რომლის კედლებში დატანებული იყო სათავდაცვო ელემენტები. ჩრდილო-დასავლეთით დგას მცირე სამეთვალყურეო კოშკი (შიდა დიამეტრი 1 მეტრამდეა).

ეპისკოპოსის პალატი[რედაქტირება]

ეპისკოპოსის პალატი დგას დიდი ტძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩართულია გალავანში. თარიღდება: პირველი ფენა - განვითარებული ფეოდალური ხანით, მეორე - XVIII საუკუნით. შენობა ორსართულიანია (8,4X15,2 მ), ნაგებია რიყის დიდი ქვებით და ნაწილობრივ აგურით. პირველი სართული რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. შესასვლელი სამხრეთიდანაა, ეზოს მხარეს. ოთახების კედლებში ნიშები და ბუხარია ჩატანებული. პირველი სართულის ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ მხარეს, ქვედა ნაწილში, ჩაშენებულია ქვა მხედრული წარწერით (დაზიანებულია, არ იკითხება). ამავე კედელზე მიშენებულია ნახევარწრიული კონტრფორსი. პალატის მეორე სართული ძველ კედლებზე XVIII საუკუნეშია დაშენებული. აქ კედლებში იატაკიდან ჭერამდე დიდი სარკმლები ყოფილა გაჭრილი (ამჟამად ამოქოლილია). მეორე სართულის ზემოთ პალატს შემოვლებული ჰქონია ორი მეტრი სიმაღლის პარაპეტი, რომელიც საბრძოლო დანიშნულების ქონგურებით მთავრდებოდა. პარაპეტი შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ მხარეს. მის კედლებში დატანებულია სათოფურები და ნიშები. 2004-2010 წლებში სამთავისის არქეოლოგიურმა ექსპედიცამ განახორციელა სამთავისის ეპისკოპოსის პალატის არქეოლოგიური გათხრები.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

მცირე ეკლესია[რედაქტირება]

მცირე დარბაზული ეკლესია

მცირე ეკლესია დგას დიდი ტაძრის სამხრეთით, გალავნის შუა წელზე. მისი სამხრეთი კედელი გალავანს ეკვრის. ეკლესია დარბაზულია (5,8X3,2 მ), ნაგებია რიყისა და თლილი ქვით. კედლის წყობაში საშენ მასალად გამოყენებულია ჩუქურთმის ოთხი ფრაგმენტი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია. მცირე ზომის სარკმლებია სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში. სამხრეთ სარკმელს გალავნის კედელი ფარავს.

სამრეკლო[რედაქტირება]

სამრეკლო

ტაძრის ჩრდილოეთით, გალავნის შუა წელზე მდებარეობს სამსართულიანი, აგურით ნაშენი სამრეკლო, რომელსაც ოდნავ მოგრძო, სწორკუთხა ფორმა აქვს (5,7X7,3 მ). თარიღდება XVIII საუკუნის I ნახევრით.[7] სამრეკლო აღმართულია თაღოვან კარიბჭეზე. ტაძრის გალავანს ამჟამად მხოლოდ სამრეკლოს ქვეშ არსებული თაღოვანი შესასვლელი გააჩნია.

სამრეკლოში ასვლა ხერხდება აღმოსავლეთის კედელზე მიშენებული ათსაფეხურიანი აგურის კიბით. სამრეკლოში შესასვლელად კედელში თაღიანი მაღალი კარია გაჭრილი. ინტერიერი რვაწახნაგოვანი ფორმისაა, რომლის ჭერიც ნახევარსფეროთი გვირგვინდება. თითოეულ წახნაგზე ერთი სიმაღლის მქონე თითო ღრმა ნიშია მოთავსებული. აქედან აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის ნიშებში გასასვლელებია გაჭრილი. აღმოსავლეთის მხარის კარი ქვემოდან ამოსვლისთვისაა გათვალისწინებული, ჩრდილოეთის კარი სამრეკლოს აკავშირებს ჩრდილოეთით მიშენებულ საფორტიფიკაციო ნაგებობას. მესამე, დასავლეთის კარი კი, სამრეკლოს კედელშია დატანილი, დახვეული კიბით მეორე სართულს აკავშირებს. ამავე სართულზე სამხრეთ-დასავლეთის წახნაგის ნიშაში ბუხარია მოთავსებული. დანარჩენი ოთხი თაღოვანი ნიშა კედლის სისქეშია შეჭრილი.

სამრეკლოს მეორე სართულის კედლები, რომელიც წრიული ფორმისაა, შვიდი ღიადითაა გახსნილი. ღიადების ზემოთ არსებული თაღები ისრისებური ფორმისაა. სამრეკლოს თაღი ნახევარსფეროს წარმოადგენს, ხოლო სახურავი, რომელიც მეტად აწვეტილი ფორმისაა, შვიდი წახნაგისაგან შედგება. იგი აგურის ჰორიზონტალური წყობითაა გადახურული. სამრეკლოს მეტად მარტივი ფასადები, რომლებიც ბრტყელი ქართული აგურითაა ნაშენი, მოკლებულია ყოველგვარ დეკორატიულ სამკაულს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 10, თბ., 1985 წელი.
  • სოხაშვილი, გივი (1973). სამთავისი (მასალები ტაძრის ისტორიისათვის ). თბილისი. 
  • ზაქარაია, პარმენ (1975). IX-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა; XI-XII სს. თბილისი. 
  • ნოდარ ელიზბარაშვილი, ბონდო კუპატაძე (2011). საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა. თბილისი: კლიო. ISBN 978-9941-415-27-2. 
  • რედკოლეგია: ვახტანგ დოლიძე, სიმონ კინწურაშვილი (ხელმძღვანელი), უშანგი სიდამონიძე, გიორგი ცქიტიშვილი (1990). საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბილისი. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]