შინაარსზე გადასვლა

სამზარეულო (რომანი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სამზარეულო“
キッチン
ავტორი ბანანა იოშიმოტო
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
გამომცემელი Benesse
გამოცემის თარიღი 30 იანვარი, 1988
გვერდი 144
oclc 25676042
წინამორბედი
მომდევნო NP
ISBN 4-8288-2252-6

სამზარეულო (იაპ. キッチン) — იაპონელი ავტორის, ბანანა იოშიმოტოს 1988 წლის რომანი. ის ინგლისურ ენაზე 1993 წელს ითარგმნა მეგან ბაკუსის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ იოშიმოტოს სტილში შესამჩნევია დასავლური გავლენა, კრიტიკოსების მიერ ,,სამზარეულო'' აღიარებულია თანამედროვე იაპონური ლიტერატურის ნიმუშად; The Independent-მა, The Times-მა და The New Yorker-მა რომანი საკმაოდ დადებითად შეაფასეს.

ამ წიგნის გამოცემების უმეტესობაში შედის ნოველა, სახელწოდებით „მთვარის ჩრდილი“, რომელიც ასევე ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს სიყვარულსა და საყვარელი ადამიანების დაკარგვაზე.

ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ორი ეკრანიზაცია: ერთი იოშიმიცუ მორიტამ გადაიღო 1989 წელს, ხოლო მეორე - უფრო ცნობილი ვერსია - იმ ჰომ გადაიღო 1997 წელს ჰონგ-კონგში.

  • მიკაგე საკურაი - ახალგაზრდა იაპონელი ქალი, მთავარი გმირი, რომელიც ბებიის, უკანასკნელი ნათესავის, დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს ებრძვის. ბებიის გარდაცვალების შემდეგ ის იუიჩი ტანაბესა და ერიკო ტანაბესთან გადადის საცხოვრებლად.
  • იუიჩი ტანაბე — მთავარი გმირი, რომელსაც დედა ბავშვობაში გარდაეცვალა სიმსივნით. ის მოსიყვარულე ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს და ცდილობს, მიკაგეს ტკივილი შეუმსუბუქოს. საბოლოოდ ის დედას კარგავს.
  • ერიკო ტანაბე — მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, ლამაზი და კეთილი ტრანსგენდერი ქალი. მას შემდეგ, რაც ცოლი გარდაეცვალა, ქალად გარდაისახა. ის ღამის კლუბის მფლობელია, რომელშიც მას კლავენ.
  • სოტარო — მიკაგეს ყოფილი შეყვარებული. ის მიკაგეს მაშინ დაშორდა, როდესაც მისი ბებია ავად გახდა.
  • ოკუნო — გოგონა, რომელიც შეპყრობილია იუიჩით და არ მოსწონს მიკაგე.
  • ჩიკა — ერთგული თანამშრომელი, რომელმაც ღამის კლუბი ერიკოსგან მიიღო მემკვიდრეობით. ის მიკაგესა და იუიჩის ურთიერთობას უწყობს ხელს.
  • მიკაგეს ბებია — საყვარელი ქალბატონი, რომელმაც მიკაგე აღზარდა.


,,სამზარეულოს'' მთავარი გმირია ახალგაზრდა იაპონელი ქალი, მიკაგე საკურაი, რომელიც ცდილობს, ბებიის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი გაინელოს. ეულად დარჩენილ მიკაგეს გარდაცვლილი ბებიის ნაცნობი, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი, დროებით მასთან გადასვლას სთავაზობს. იუიჩი ულამაზეს ტრანსგენდერ დედასთან,ერიკოსთან, ერთად ცხოვრობს. მიკაგეს ისინი უყვარდება და ოჯახს ეთვისება, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ სხვაგან გადადის საცხოვრებლად, რადგან სამსახურს პოულობს კულინარიის მასწავლებლის ასისტენად.

როდესაც გოგონა აღმოაჩენს, რომ ერიკო მოკლეს, ცდილობს, იუიჩის დაეხმაროს ამ რთული და მტკივნეული პერიოდის გადალახვაში. სწორედ ამ დროს ხვდება მიკაგე, რომ იუიჩი მასზე შეყვარებულია. საკუთარი გრძნობებისგან გაქცევის მიზნით, ის იძუში მიდის სამსახურის დავალების შესასრულებლად, ხოლო იუიჩი სასტუმროში რჩება. ...მაგრამ როდესაც კაცუდონის საჭმელად რესტორანში მიდის, მიკაგე ხვდება, რომ იუიჩისთვის მისი მიტანა სურს. ის სასტუმროში შუაღამით ბრუნდება და იუჩისთვის კაცუდონი მიაქვს. ამავე დროს მიკაგე ამხელს, რომ არ სურს იუჩის დაკარგვა და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას სთავაზობს.

„Kirkus Reviews“- მა ნოველა ამგვარად დაახასიათა: „მარადიული ემოციები, რომლებიც ელეგანტურად შემოდის მკითხველში“. [1]

მიჩიკო კაკუტანიმ განაცხადა, რომ იოშიმოტომ გამოავლინა „მახვილგონიერება“, კონკრეტულად კი შეაქო ავტორის „შესანიშნავი ტაქტილური უნარი, გადმოეცა განწყობა ან შეგრძნება გარემოს აღწერით“. გარდა ამისა, კაკუტანიმ ისიც აღნიშნა, რომ „იოშიმოტოს ნაწერს სასიამოვნო პირდაპირობა ახასიათებს და ,მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს გულწრფელობა შეიძლება სენტიმენტალურობაში გადაიზარდოს, ის ხშირად იპყრობს მკითხველის ყურადღებას და მისგან თანაგრძნობას ითხოვს“. [2]


ნაწარმოების მთავარი თემებია სიკვდილი, სევდა, მარტოობა და სიყვარული. წიგნში ნათლადაა წარმოჩენილი, თუ როგორ შეიძლება მენტალურად სრულიად ჩამოშლილი და განადგურებული ადამიანი კვლავ ფუნქციონირებდეს.

რაც შეეხება ნაწარმოების სათაურს, სამზარეულო ერთადერთი ადგილია, სადაც მიკაგე თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობს. ის იუჩის შემოთავაზებასაც ერთი პირობით დასთანხმდა - ქირის გადახდის ნაცვლად სულ ის მოამზადებდა კერძებს.

  1. ↑ KITCHEN | Kirkus Reviews (en). 
  2. ↑ Kakutani, Michiko (1993-01-12). „Books of The Times; Very Japanese, Very American and Very Popular“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2024-07-30.