სამეფო კარის საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამეფო კარის საბჭო (გერმ. Hofrat) — XVI-XVII საუკუნეებში საღვთო რომის იმპერიის მართვის სისტემის ცენტრალური სასამართლო-ადმინისტრაციული ორგანოებიდან ერთ-ერთი. ასრულებდა უზენაესი სასამართლოსა და საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციას იმპერატორისთვის. ანალოგიური ორგანოები არსებობდა ასევე ავსტრიულ მონარქიასა და რამდენიმე სხვა გერმანულ სახელმწიფოში.

იმპერიის სამეფო კარის საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერიის სამეფო კარის საბჭო (გერმ. Reichshofrat) იმპერიის კამერალურ სასამართლოსთან ერთად წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის ორ უზენაეს სასამართლო ორგანოს. იგი შეიქმნა 1497 წელს. იმპერატორ მაქსიმილიან I-ს, რომელმაც 1495 წელს უარი განაცხადა იმპერიის კამერალური სასამართლოს კონტროლზე, არ სურდა იმპერიაში სასამართლო-ადმინისტრაციული პრეროგატივების დაკარგვა, ამიტომ ვენაში შექმნა კონკურენტი სასამართლო ინსტანცია — იმპერიის სამეფო კარის საბჭო (გერმ. Reichshofrat), რომლის ყველა წევრსაც იმპერატორი ნიშნავდა. საბოლოო ფორმა ამ ორგანომ მიიღო 1559 წელს, მას შემდეგ, რაც გამოიცა სჯულდება იმპერიის სამეფო კარის საბჭოს შესახებ. სამეფო კარის განსაკუთრებულ კომპეტენციაში შედიოდა ფეოდალურ-ლენური სამართლის საკითხები, ასევე დავები ტიტულებთან, სამფლობელოებსა და ფეოდალურ მოვალეობებთან, იმპერატორის უფლებებსა და პრეროგატივებთან, იმპერიის წოდებების პრივილეგიებსა და სურვილებთან დაკავშირებით. ზოგიერთ სფეროში სამეფო კარის საბჭოს იურისდიქცია ემთხვეოდა იმპერიის კამერალური სასამართლოს იურისდიქციას: „სამშვიდობო შეთანხმების“ დარღვევა, მისი სამფლობელოების დაცვა, ტერიტორიული სასამართლოების გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების აპელაციები. იმპერიის კამერალური სასამართლოსგან განსხვავებით, სამეფო კარის საბჭოში პროცესუალური ნორმები უფრო თავისუფალი იყო, ხოლო მტკიცებულებების წარმოდგენა ორიენტირდებოდა მხარეებს შორის კომპრომისის პოვნაზე, რაც პოლიტიკური და კონფესიური ხასიათის კონფლიქტების ეფექტურად გადაჭრის საშუალებას იძლეოდა. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა სამეფო კარის საბჭოს როლი XII საუკუნეში, როდესაც იმპერიის კამერალური სასამართლო პარალიზებული იყო კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ბრძოლის გამო.

სასამართლო ფუნქციების გარდა, სამეფო კარის საბჭო მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს თამაშობდა, საიმპერიო საკითხებში რეგულარულად აძლევდა რჩევებს იმპერატორს და მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკის სფეროში ახალ შემოთავაზებებსა და იდეებს შეიმუშავებდა. თავდაპირველად საბჭოს კომპეტენციაში ასევე შედიოდა საღვთო რომის იმპერიის საზღვრებს გარეთ არსებული ჰაბსბურგების სამფლობელოების მართვის საკითხებიც, თუმცა იმპერატორ ფერდინანდ II-ის დროს ეს სფერო გადაეცა ცალკეულ ავსტრიულ სამეფო კარის საბჭოს. საბჭოს ბირთვს ქმნიდნენ იმპერატორის უახლოესი მიმდევრები, რომელთაც სათავეში ედგათ ავსტრიის საიმპერიო ვიცე-კანცლერი და კანცლერი, რომლებიც ქმნიდნენ ვიწრო ფარულ საბჭოს (გერმ. Geheime Rat), რომელიც უმნიშვნელოვანესი სამმართველო საკითხებით იყო დაკავებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ortlieb E. Im Auftrag des Kaisers. Die kaiserlichen Kommissionen des Reichshofrats und die Regelung von Konflikten im Alten Reich (1637—1657) — Köln/Weimar/Wien, 2001
  • Sellert W. Prozessgrundsätze und Stilus Curiae am Reichshofrat im Vergleich mit den gesetzlichen Grundlagen des reichskammergerichtlichen Verfahren — Aalen, 1973
  • Sellert W. Reichshofrat und Reichskammergericht, ein Konkurrenzverhältnis — Köln/Weimar/Wien, 1999.