სამგორის გორასამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამგორის გორასამარხი, ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლი სამგორის ვაკეზე, თბილისის აღმოსავლეთით დაახლოებით 20 კმ-ზე. სამგორში გამოვლენილი 3 დიდი ყორღანული ბორცვიდან 1948-51 წლებში გათხარეს (ხელმძღვანელი გ. ნიორაძე) ერთი, ე. წ. კოხრა გორა. დიამეტრი 51 მ. ბორცვის შუაგული წარმოადგენდა ქვების გუმბათოვან ნაყარს. წვაყრილის ქვეშ აღმოჩნდა ხის სწორკუთხა ნაგებობის — ჯარგვალურად ნაგები ორმაგი კედლების ნაშთები. ნაგებობა გარშემორტყმული იყო რამდენიმე წყება ხის მორებით. ვარაუდობენ, რომ ეს შენობაიმდროინდელი საცხოვრებლის მსგავსია. მიცვალებულის ფერფლიანი ურნა ჩაფლული იყო მოტკეპნილი იატაკის ქვეშ, ორმოში. თანმხლები ინვენტარი — თიხის შავპრიალა ჭურჭელი, სპილენძის ბრტყელი სატევრისპირი, ქვის ცულის ფრაგმენტი ცხვრის კოჭის ძვლები იატაკზე ეწყო. სამგორის გორასამარხის თიხის ჭურჭელი ტიპობრივად განეკუთვნება აღმოსავლეთ საქართველოს ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ბოლო პერიოდის (ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარი) ყორღანული კულტურის კერამიკას. აქ აღმოჩენილია როგორც ადრეული, ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე კერამიკა, ისე უფრო მოგვიანო, ე. წ. ბედენის ტიპის მცირე ჭურჭელი და სხვა. მისი კონკრეტული ასაკია ძვ. წ. XXIII-XXII საუკუნეები. სამგორის გორასამარხი გვაროვნული საზოგადოების სოციალური და ქონებრივი დიფერენციის საწყისი ეტაპის ამსახველი ტიპური ძეგლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგაძე ე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 710.
  • „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 92-93.