სამანევრო სამუშაო

სამანევრო სამუშაო (სასადგურე მანევრები) — რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის არასამატარებლო გადაადგილება რკინიგზის სადგურის საზღვრებში, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში გადასარბენზე გასვლითაც (რკინიგზის ექსპლოატაციის ტექნიკური წესების თანახმად). არ აგვერიოს მეტროპოლიტენის სამანევრო სამუშაოებში.
სამანევრო სამუშაოებს ასრულებენ გამთრევ ლიანდაგებში, დამხარისხებელი გორაკებზე, ნახევარგორაკებზე, ქანობიან ლიანდაგებზე და პარკებში. გამთრევ ლიანდაგებზე ვაგონები გადაადგილდებიან სამანევრო ლოკომოტივების დახმარებით, გორაკებზე — სიმძიმის ძალის ზემოქმედებით, ნახევარგორაკებზე — სამანევრო ლოკომოტივების დახმარებით და სიმძიმის ძალის ზემოქმედებით. გადაადგილების საშუალების სახით გამოიყენებიან ლოკომოტივები, საწევრები, სამანევრო სარელსო ტრაქტორები, ასევე მიმწოლები და სტაციონარული მოწყობილობები. ლოკომოტივებიდან სამანევრო სამუშაოების შესრულების დროს პირველ რიგში გამოიყენება თბომავლები, იშვიათად — ელმავლები. სტაციონარულ მოწყობილობებს (ელექტროჯალამბარები) იყენებენ ვაგონების გადასადგამად დასატვირთ-დასაცლელ და სარემონტო ლიანდაგებში.
სამანევრო გადაადგილება უშუალოდ შედგება ცალკეული ელემენტებისგან. ნახევარრეისი — ვაგონების გადაადგილება ლოკომოტივით ან ერთი ლოკომოტივით მოძრაობის მიმართულების ცვლილების გარეშე. ვაგონების გადაადგილებას ლოკომოტივებით ან ერთი ლოკომოტივით რკინიგზის ლიანდაგებზე ქვია სამანევრო რეისი. ის შედგება ორი ნახევარრეისისგან. ლოკომოტივის ვაგონებთან ერთად გადაადგილებისას ნახევარრეისებს და რეისებს ეძახიან მუშას, მის გარეშე — უქმს. ვაგონებს, რომლებითაც სრულდება მუშა ნახევარრეისი ან რეისი ეწოდებათ სამანევრო შემადგენლობა. შემადგენლობაში, რომელიც ექვემდებარება დაშლას, ერთ ან რამდენიმე ვაგონს, რომლებიც დახარისხების პროცესში უნდა იყვნენ დაყენებული ერთ ლიანდაგზე, ეწოდებათ ჩასახსნელი.
მანევრების კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანევრები წარმოადგენენ ნახევარრეისების შერწყმას. განასხვავებენ შემდეგ ძირითად ნახევარრეისებს:
- აჩქარება-დამუხრუჭება
- აჩქარება-მოძრაობა დადგენილი სიჩქარით
- აჩქარება-მოძრაობა ინერციით
- აჩქარება-მოძრაობა ინერციით და დამუხრუჭებით
- აჩქარება-მოძრაობა დადგენილი სიჩქარით და ინერციით
- აჩქარება-მოძრაობა დადგენილი სიჩქარით ინერციით და დამუხრუჭებით
დანიშნულებაზე დამოკიდებულებით, მანევრები იყოფიან შემდეგი სახით:
- მატარებლების დაშლა — ვაგონების დახარისხება მათი დანიშნულების მიხედვით
- მატარებლების ფორმირება — ვაგონების დახარისხება და აწყობა
- ერთდროული დაშლა და ფორმირება — მთლიანი ან ნაწილობრივი შერწყმული ოპერაციები
- მატარებლებიდან ვაგონების მიბმა და ჩახსნა
- ვაგონების მიწოდება და გატანა სატვირთო და სადგურის სხვა პუნქტებში
- სატვირთო მანევრები — ვაგონების დაყენება სატვირთო ფრონტებზე და მათი აკრეფა
- სხვა — შემადგენლობების და ვაგონების ჯგუფების გადაყენება, გადაწონვა, ლიანდაგებზე მიწოლა ან მიწევა და სხვა.
სადგურის მუშაობაში ყველაზე უფრო დიდი ხვედრითი წონა აქვთ მატარებლების დაშლა-ფორმირების მანევრებს.
სამანევრო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ რკინიგზის სადგურის მორიგეები (პატარა სადგურებში), სამანევრო დისპეტჩერები და გორაკის ან პარკის მორიგეები. მათ შორის უფლებამოსილება განაწილებულია სადგურის ტექნიკურ-განმკარგულებელ აქტში.
მანევრების უშუალო შემსრულებელია სამანევრო ბრიგადები (ლოკომოტივის მემანქანე თანაშემწესთან ერთად და მატარებელთა შემადგენელი).
მანევრების შესრულების ხერხები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამთრევ ლიანდაგებზე გამოიყენება ვაგონების დახარისხების ორი ძირითადი ხერხი — მიწოლა და ბიძგები.
მიწოლის გზა ძირითადად მუშაობს ლიანდაგების საზღვრებში და საისრე ქუჩებში. ეს მანევრების ისეთი წესია, როდესაც შემადგენლობა მიდის ადგილამდე, სადაც ვაგონები უნდა იყოს გაჩერებული და ჩერდება. შემდეგ შემადგენლობა გაიწევა გამყოფი ისრული გადამყვანის იქით და ხელახლა ხდება მიწოლა მეორედ ჩახსნისთვის დასაყენებლად მეორე ლიანდაგში. ეს ხერხი საკმაოდ ხანგრძლივია და გამოიყენება ვაგონებით მანევრებისას, რომლებიც ითხოვენ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს, ვაგონების ან შემადგენლობების ერთი ლიანდაგიდან მეორეზე გადაყენებისას, როდესაც არ არის უზრუნველყოფილი ვაგონების ლიანდაგზე დამაგრების პირობები ბიძგის შემდეგ და სხვა სიტუაციების დროს.
ბიძგების ხერხი მდგომარეობს იმაში, რომ ვაგონების ჯგუფის ჩახსნისა და ამ ჯგუფის ლიანდაგზე დაყენების მარშრუტის მზადყოფნის შემდეგ ლოკომოტივი აჩქარდება და მკვეთრად ამუხრუჭებს, ხოლო ჩახსნა ხდება შემდეგ ინერციით. ყოველი ბიძგის შემდეგ სამანევრო შემადგენლობა ბრუნდება გამყოფი ისრული გადამყვანის უკან. ასე სრულდება მანევრები ერთეული ბიძგებით. სერიული ბიძგებისას სრულდება რიგი მიმდევრობითი ბიძგები ჩახსნის რაოდენობის დროს მიღებულ მანევრულ შემადგენლობაში უკან დაბრუნებითი მოძრაობის გარეშე. სერიული ბიძგებით მანევრები ძირითადად სრულდება დახრილ გამთრევ ლიანდაგებზე. აღსანიშნავია აღინიშნოს, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი დახარისხდეს შემადგენლობა ერთი რომელიმე ხერხით. სავალი თვისებების და ვაგონების დატვირთვის, ლიანდაგის თავისუფლების გათვალისწინებით ირჩევა ყველაზე უფრო სასარგებლო ხერხი.
სიჩქარეები მანევრების დროს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რკინიგზის ექსპლოატაციის ტექნიკური წესების დანართ № 6-ის პუნქტ 27-ის თანახმად, მანევრები ხორციელდება სიჩქარით არაუმეტეს:
60 კმ/სთ — ერთეული ლოკომოტივების და უკნიდან მიბმული ჩართული და გამართული ავტომუხრუჭების მქონე ვაგონებიანი ლოკომოტივების თავისუფალ რკინიგზის ლიანდაგზე მსვლელობისას;
40 კმ/სთ — ლოკომოტივზე უკნიდან მიბმული ვაგონების მოძრაობისას, ასევე ერთეული სპეციალური თვითმავალი მოძრავი შემადგენლობის სვლისას თავისუფალ სარკინიგზო ლიანდაგზე;
25 კმ/სთ — რკინიგზის თავისუფალ ლიანდაგზე ვაგონებით წინ მოძრაობისას, ასევე აღმდგენი და სახანძრო მატარებლების მოძრაობისას;
15 კმ/სთ — ხალხით, გამცილებლებით და ტვირთების გამყოლი ჯგუფებით დაკავებული ვაგონებით მოძრაობისას, ასევე გვერდითი და ქვედა არაგაბარიტულობის მე-4-ე, მე-5-ე და მე-6-ე ხარისხის არაგაბარიტული ტვირთებით მოძრაობისას;
5 კმ/სთ — ბიძგებით მანევრირებისას, გორაკის ქვეპარკში ვაგონების ჩასახსნელად მისვლისას ხელმეორედ ჩახსნისას;
3 კმ/სთ — ლოკომოტივის (ვაგონებით ან მათ გარეშე) ვაგონებთან მისვლისას, ხოლო არასაერთო სარგებლობის რკინიგზის ლიანდაგებზე არაგაბარიტულ ადგილებზე და სახიფათო ზონებში ვაგონებით წინ მსვლელობისას და ვაგონების დაყენებისას ვაგონგადამბრუნებლებზე.
რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის გადაადგილების სიჩქარე ვაგონების სასწორებზე მისვლისას სასწორის კონსტრუქციაზე დამოკიდებულებით დგინდება რკინიგზის სადგურის ტექნიკურ-განმკარგულებელი აქტის ან არასაერთო სარგებლობის რკინიგზის ლიანდაგებზე მომსახურეობისა და მოძრაობის ორგანიზაციის ინსტრუქციის საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს არასაერთო სარგებლობის რკინიგზის ლიანდაგების მფლობელი.
დამხარისხებელ გორაკებზე ვაგონების დაშლის სიჩქარე გორაკის შუქნიშნების სხვადასხვა სიგნალებისთვის, ასევე პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრაობის უსაფრთხოებას და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის შენახვას შესაბამისად დგინდება ინფრასტრუქტურისა და არასაერთო სარგებლობის რკინიგზის ლიანდაგების მფლობელის მიერ გორაკების ტექნიკური აღჭურვილობისა და ადგილობრივ პირობებზე დამოკიდებულებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Железнодорожный транспорт: энциклопедия / гл. ред. Н. С. Конарев. — М.: Большая российская энциклопедия, 1994. — 559 с. — ISBN 5-85270-115-7. დაარქივებული 2024-12-25 საიტზე Wayback Machine.
- Васильев И. И. Как надо производить станционные маневры. — М.: Транспечать НКПС, 1927. — 88 с., [1] вклад. л. номограмм. : черт.