შინაარსზე გადასვლა

სალი შენადნობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სალი შენადნობი[1] — განსაკუთრებული კლასის მაღალი სისალის ცვეთამედეგი შენადნობი, რომლის სისალე გახურებისას უმნიშვნელოდ იცვლება. განასხვავებენ შეცხობილსა და სხმულ სალ შენადნობებს.

შეცხობილი სალი შენადნობი, კომპოზიციური მასალები, ლითონით ან შენადნობით დაცემენტებული ნაერთებია. მათი ფუძეა უმთავრესად ვოლფრამის ან ტიტანის კარბიდები, ვოლფრამისა და ტიტანის რთული კარბიდები და ტიტანის კარბონიტრიდები. მაცემენტებელ ლითონად ჩვეულებრივ იყენებენ კობალტს, უფრო იშვიათად — ნიკელს, მის შენადნობს მოლიბდენთან, ფოლადს. ვოლფრამის კარბიდებისაგან კობალტით შეცხობილი სალი შენადნობები პირველად მიიღეს გერმანიაში 1923-1925 წლებში. სსრკ-ში პირველი სალი შენადნობი „პობედიტი“ ვოლფრამის კარბიდისა (90%) და კობალტისაგან (10%) შექმნეს 1929 წელს, ხოლო 1935 წელს დაიწყეს ვოლფრამისა და ტიტანის კარბიდებისა (21, 15 და 5% TiC შენადნობში) და კობალტისაგან (8.6-8% Co) შენადნობ „ალფას“ წარმოება. სსრკ-ში 1975 წლიდან ამზადებდნენ 20-ზე მეტი მარკის სალი შენადნობის, 1300 ფორმისა და ზომის ნაკეთობას. გამოშვებულ პროდუქციას ძირითადად შეადგენდა ვოლფრამიანი (ვოლფრამ-კობალტიანი) 3-25% Co, ტიტან-ვოლფრამიანი 4-40% TiC და 4-12% Co და ტიტან-ტანტალ-კობალტიანი სალი შენადნობები. ამ ჯგუფის სალი შენადნობებს აღნიშნავენ რუსული ასოებით:

  • ВК (რუს. вольфрамокобальтовые);
  • ТК (რუს. титановольфрамокобальтовые);
  • ТТК (რუს. титанотанталовольфрамокобальтовые).

ციფრებით კი — ასო Т-ს შემდეგ ტიტანის კარბიდის შემცველობას (%), ТТ-ს შემდეგ — ტიტანისა და ტანტალის კარბიდების ჯამს, ხოლო К-ს შემდეგ — კობალტის შემცველობას; BK შენადნობებში ციფრების შემდეგ ზოგჯერ დასმულია ვოლფრამის კარბიდის მარცვლის სისხოს აღმნიშვნელი ასოები: В, M ან ОМ (მსხვილი, წვრილი და განსაკუთრებით წვრილი). დასახელებულ შენადნობებს ახასიათებს დიდი სისალე (86-92 HRA), სიმტკიცე, ცვეთამედეგობა, მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობა. ამ თვისებებს ისნი 800-900°C ტემპერატურამდე გახურების დროსაც კი ინარჩუნებენ. BK შენადნობების სიმკვრივეა 13000-15000 კგ/მ³, TK და TTK-სი — 9600-15000 კგ/მ³.

სალი შენადნობებს შეაცხობენ ფხვნილთა მეტალური მეთოდებით; იყენებენ ლითონების, შენადნობებისა და არალითონური მასალების ჭრით და უბურბუშელო (ადიდვა, გლინვა, შტამპვა) დამუშავებისას, საბურღი იარაღის, სამუშაო ნაწილების დასამზადებლად, საკონსტრუქციო მასალად.

სხმულ სალი შენადნობებს ღებულობენ დნობისა და ჩამოსხმის მეთოდით. მათ განეკუთვნება რელიტი: WC-W2C შენადნობი (შეიცავს 3.7-4.0% C), მისი სისალეა 91-92 HRA; უმთავრესად იყენებენ დიდი ძალებით მომუშავე საბურღი იარაღის იმ ნაწილების ლასამზადებლად, რომლებიც ქანებს ეხება. ამავე მიზნებისათვის შემუშავებულია უვოლფრამო სალი შენადნობები ბორიდებისა და სხვა ცვეთამედეგი სალი ნაერთების ფუძეზე. სხმული სალი შენადნობებია სტელიტები (Cr, W, Ni, C; ფუძე Co), სორმაიტი (Cr, Ni, C; ფუძე Fe), სტელიტის მსგავსნი (ფუძე Ni) და სხვა. შენადნობებს დააფრქვევენ ან დაადუღებენ მექანიზმებისა და მანქანების იმ დეტალების ზედაპარზე, რომლებიც განიცდიან აბრაზიულ ცვეთას, ეროზიას ან კოროზიას.