სალი კელერმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალი კელერმანი

კელერმანი 1971 წელს
დაბადების სახელი სალი კლერ კელერმანი
დაბადების თარიღი 2 ივნისი, 1937
ლონგ-ბიჩი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები
გარდაცვალების თარიღი 24 თებერვალი, 2022 (84 წლის)
საქმიანობა მსახიობი, ვოკალისტი, პროდიუსერი, მწერალი
აქტიური 1957-დღემდე
მეუღლე(ები)

რიკ ედელშტეინი (1970-1972)

ჯონათან დ. კრეინი (1980-2016, კრეინის სიკვდილამდე)
შვილ(ებ)ი 3

სალი კლერ კელერმანი (ინგლ. Sally Clare Kellerman; დ. 2 ივნისი, 1937, ლონგ-ბიჩი, კალიფორნია, აშშ — გ. 24 თებერვალი, 2022, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) — ამერიკელი მსახიობი, აქტივისტი, მწერალი, პროდიუსერი და ვოკალისტი.

კელერმანმა 1970 წელს „ოსკარი“ მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში, ფილმისთვის „სამხედრო ჰოსპიტალი MASH“ (რეჟ. რობერტ ოლტმენი). მას უთამაშია მრავალი რეჟისორის ფილმებში, მათ შორის: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლოს-ანჯელესში“ (1976, რეჟ. ალენ რუდოლფი), „სკოლაში დაბრუნება“ (1986, რეჟ. ალენ მეტერი) და სხვ. იგი ასევე მუშაობდა ტელევიზიაშიც, თამაშობდა სხვადასხვა ტელესერიალებში: „90210“ (2008), „ქიმია“ (2011), „მერონი“ (2013) და სხვ.

1972 წელს გამოვიდა კელერმენის პირველი მუსიკალური ალბომი, სახელწოდებით „Roll With The Feelin'“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალი კლერ კელერმანი ლონგ-ბიჩზე, კალიფორნიაში დაიბადა 1937 წლის 2 ივნისს. იგი ედიტ ბეინის, ფორტეპიანოს მასწავლებლისა და ჯონ ჰელმ კელერმანის შვილია.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალი კლერ კელერმანის სამსახიობო დებიუტი თეატრში შედგა, ჰენრიკ იბსენის სპექტაკლით, სახელწოდებით „ხალხის მტერი“.

1956 წელს კელერმანმა ითამაშა ჰოლი მიჩელის როლი ჯორჯ პეპერდის ფილმში „მესამე დღე“. კელერმან 1965 წელს გამოჩნდა ალფრედ ჰიჩკოკის გადაცემაში, სახელწოდებით „ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ“.

კელერმანის პირველი მნიშვნელოვანი როლი 1970 წელს შედგა რობერტ ოლტმენის ფილმით, სახელწოდებით „სამხედრო ჰოსპიტალი MASH“, რომლისთვისაც მსახიობმა „ოსკარი“ მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. იგი ასევე „ოქროს გლობუსზე“ იყო ნომინირებული.

1980 წელს გამოვიდა ადრიენ ლაინის ფილმი, „მელიები“, რომელშიც სალი კელერმანი მერის, განქორწინებული საშუალო ასაკის დედას ასრულებს, რომელიც მეამბოხე ქალიშვილს (ჯოდი ფოსტერი) ზრდის.

კელერმანი 2006 წელს

კელერმანის შემდგომი ფილმებია: „სკოლაში დაბრუნება“ (1986, რეჟ. ალენ მეტერი), „ეს არის ცხოვრება“ (1986, რეჟ. ბლეიკ ედვარდსი) და სხვ.

1992 წელს კელერმანისა და ოლტმენის მეოთხე კოლაბორაცია შედგა ფილმით „მოთამაშე“. 1993 წელს შეასრულა როლი ფილმში „უფროდაუფრო ახალგაზრდა“ (რეჟ. პერსი ედლონი).

2009 წელს კელერმანმა ჯაზისა და ბლუზის ჟანრის მუსიკალური ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით „სალი“, სადაც იგი ცნობილი ვოკალისტების სიმღერების ინტერპრეტაციებს ასრულებს, მათ შორის: კიმ კარნსი, Aerosmith, ნინა სიმონე, ნილ დაიმონდი, ჯექსონ ბრაუნი, დოლი პარტონი, ჯეიმზ ტეილორი და სხვები.[2]

კელერმანი სემ ბოროვსკის 2011 წლის სადებიუტო ფილმში, სახელწოდებით „ღამის კლუბი“, ალცჰაიმერით დაავადებული ქალის როლს ასრულებს. ფილმში ასევე ერნესტ ბორნინი და მიკი რონი მონაწილეობენ. იმავე წელს მან ლოლას როლი ითამაშა ამერიკულ თრილერის ჟანრის ტელესერიალში, სახელწოდებით „ქიმია“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სამხედრო ჰოსპიტალი MASH“-ის გამოშვების შემდეგ, 1970 წლის 17 დეკემბერს, კელერმანი პროდიუსერ რიკ ედელშტეინზე დაქორწინდა.[3] ისინი 1972 წლის 6 მარტს განქორწინდნენ.

1980 წლის 11 მაისს კელერმანი ჯონათან დ. კრეინზე დაქორწინდა. 1989 წელს წყვილმა ახალშობილი ტყუპები იშვილა.[4] ჯონათან კრეინი 2016 წლის 1 აგვისტოს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]