შინაარსზე გადასვლა

სალვადორ სანჩეს სერენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალვადორ სანჩეს სერენი
ესპ. Salvador Sánchez Cerén
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1944(1944-06-18)[1] [2] (81 წლის)
დაბადების ადგილი Quezaltepeque, ლა-ლიბერტადის დეპარტამენტი
მოქალაქეობა  სალვადორი
მეუღლე/ები Margarita Villalta de Sánchez
ჯილდოები Order of the Five Volcanoes და Order pro Merito Melitensi[3]
sanchezceren.com

სალვადორ სანჩეს სერენი ( დ. 18 ივნისი, 1944) — ასევე ცნობილი თავისი ფსევდონიმით ლეონელ გონსალესი,[4] არის ყოფილი სალვადორელი პოლიტიკოსი, პარტიზანული შენაერთის მეთაური და სკოლის მასწავლებელი, რომელიც იყო სალვადორის მე-80 პრეზიდენტი 2014 წლიდან 2019 წლამდე. მან თანამდებობა 2014 წლის 1 ივნისს დაიკავა, მას შემდეგ რაც გაიმარჯვა 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც მემარცხენე ფრთის „ფარაბუნდო მარტის ეროვნული განთავისუფლების ფრონტის“ (FMLN) კანდიდატმა. მანამდე, 2009 წლიდან 2014 წლამდე, იგი იყო 49-ე ვიცე-პრეზიდენტი მაურისიო ფუნესის მმართველობისას და FMLN-ის პარტიზანული ლიდერი სალვადორის სამოქალაქო ომის დროს. ის არის პირველი ყოფილი ამბოხებული, რომელიც სალვადორის პრეზიდენტი გახდა.[5][6]

სალვადორ სანჩეს სერენი დაიბადა კესალტეპეკეში, სალვადორში, 1944 წლის 18 ივნისს. მამამისი, ანტონიო ალფონსო სანჩესი, იყო დურგალი და ხელოსანი, ხოლო დედამისი, დოლორეს ერნანდესი — საკვების გამყიდველი. სანჩეს სერენი თორმეტი შვილიდან ერთ-ერთი იყო.[7] მისი გვარები შეცდომით დარეგისტრირდა როგორც „სანჩეს სერენი“ ნაცვლად „სანჩეს ერნანდესისა“ — ესპანური დასახელების წესების საწინააღმდეგოდ, გამოიყენეს მისი დედის მხრიდან ბებიის გვარი და არა დედის. ეს შეცდომა არასოდეს გამოსწორებულა.[8]

სანჩეს სერენი ახალგაზრდობაში დაწყებითი და საშუალო განათლების მისაღებად ხოსე დოლორეს ლარეინაგას სასწავლო ცენტრში დადიოდა. 16 წლის ასაკიდან მან სწავლა დაიწყო ალბერტო მასფერერის უმაღლეს სკოლაში საჯარო სკოლის მასწავლებლობისთვის; მან სასწავლებელი 1963 წელს დაამთავრა.[8] სანჩეს სერენი ასწავლიდა სამ სკოლაში ლა-ლიბერტადის დეპარტამენტში: უისუკარის შერეულ სოფლის სკოლაში 1963-დან 1964 წლამდე, სან-მატიასის შერეულ სოფლის სკოლაში 1964-დან 1966 წლამდე და კესალტეპეკეს შერეულ საქალაქო სკოლაში 1966-დან 1979 წლამდე.[9] 1965 წლის დეკემბერში იგი შეუერთდა სალვადორელ მასწავლებელთა ეროვნულ ასოციაციას (ANDES 21 de Junio) — ქვეყნის პირველ მასწავლებელთა პროფკავშირს.[7]

სალვადორის სამოქალაქო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს სანჩეს სერენი შეუერთდა „ფარაბუნდო მარტის სახალხო განთავისუფლების ძალების“ (FPL) მებრძოლ ორგანიზაციას.[7] 1980 წელს, 1979 წელს დაწყებული სალვადორის სამოქალაქო ომის კვალდაკვალ, სანჩეს სერენმა მიიღო ფსევდონიმი კომანდანტე ლეონელ გონსალესი, რადგან იგი ასევე დაინიშნა „comandante“-ს ანუ მეთაურის თანამდებობაზე.

1983 წელს სანჩეს სერენი გახდა „ფარაბუნდო მარტის სახალხო განთავისუფლების ძალების“ ლიდერი მას შემდეგ, რაც მისმა წინა ლიდერმა, კაიეტანო კარპიომ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მანაგუაში, ნიკარაგუა.:[10]:584 სანჩეს სერენი ასევე გახდა FMLN-ის გენერალური სარდლობის ერთ-ერთი წევრი.[11]:97[12]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის საკანონმდებლო არჩევნების დროს, სანჩეს სერენი აირჩიეს FMLN-ის დეპუტატად საკანონმდებლო ასამბლეაში სან-სალვადორის დეპარტამენტიდან. შემდეგ კორალია მარგარიტა პოლ ალვარადო აირჩიეს მის შემცვლელ დეპუტატად.:[13]:146 იგი ხელახლა აირჩიეს 2003 წელს, მესამე ვადით კი 2006 წელს; ფრანსისკო რუბენ ალვარადო ფუენტესი იყო მისი შემცვლელი დეპუტატი.[14]:135

2001-დან 2004 წლამდე იგი მსახურობდა თავისი პარტიის გენერალურ კოორდინატორად. 2001 წლიდან 2004 წლამდე სანჩეს სერენი და შაფიკ ჰანდალი (FMLN-ის ლიდერი სამოქალაქო ომის დროს) იყვნენ „სოციალისტური რევოლუციური მიმდინარეობის“ (CRS) ლიდერები — ეს იყო FMLN-ის „ორთოდოქსული და რადიკალური“ (ortodoxa y radical) ფრაქცია საკანონმდებლო ასამბლეაში.[11]:112 2006 წლის 27 იანვარს სანჩეს სერენი გახდა FMLN-ის ლიდერი საკანონმდებლო ასამბლეაში, ხოლო მას შემდეგ რაც გარდაიცვალა ჰანდალი, FMLN-ის წინა საკანონმდებლო ლიდერი.[11]:100 & 111

სალვადორის ვიცე-პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს FMLN-ის რეფორმისტმა ჟურნალისტმა და საპრეზიდენტო კანდიდატობის მსურველმა მაურისიო ფუნესმა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად შეარჩია სანჩეს სერენი, FMLN-ის ორთოდოქსი წევრი. ფუნესის მცდელობას, მიეღო პარტიის ნომინაცია 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ვეტო დაადო ჰანდალმა, რადგან იგი არ იყო ორთოდოქსი წევრი და არ ჰქონდა FMLN-თან მებრძოლის წარსული სამოქალაქო ომის დროს. ფუნესის მიერ სანჩეს სერენის შერჩევამ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, მას პარტიის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა მოუპოვა, რათა გამხდარიყო FMLN-ის 2009 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი.[11]:113–114

2009 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მემარჯვენე „ნაციონალისტურმა რესპუბლიკურმა ალიანსმა“ (ARENA) დაადანაშაულა სერენი სამოქალაქო ომის დროს ნგრევის გამოწვევაში, მკვლელობებსა და გატაცებებზე პასუხისმგებლობაში და გააკრიტიკა მისი მხარდაჭერა კუბის — ლიდერ ფიდელ კასტროს მიმართ.[11]:115–116

სალვადორის პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სერენი თავის ინაუგურაციაზე

2012 წელს სანჩეს სერენმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, კენჭი ეყარა სალვადორის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[7] FMLN-მა სერენი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა, ხოლო სერენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად რეფორმისტი ოსკარ ორტისი შეარჩია.[11]:115 2014 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ARENA-მ სერენის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებები წამოაყენა, როგორც ეს 2009 წელს გააკეთა.[7][11]:116

პირველ ტურში სანჩეს სერენმა ხმების უმრავლესობა (plurality) მოიპოვა, მაგრამ არა აბსოლუტური უმრავლესობა, ამიტომ ის და ნორმან კიხანო ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდნენ. სანჩეს სერენმა ხმების 50,11 პროცენტი მიიღო, კიხანოს 49,89 პროცენტის წინააღმდეგ.[15] კიხანომ არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს სიტუაციაში ჩარევისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით უარყო, რომ ამგვარ ინტერვენციას ან სახელმწიფო გადატრიალებას ითხოვდა.[7][16] უმაღლესმა საარჩევნო სასამართლომ (TSE) სანჩეს სერენის გამარჯვება 2014 წლის 13 მარტს დაამტკიცა და უარყო ARENA-ს მოთხოვნა ხმების ხელახლა დათვლის შესახებ.[17]

სანჩეს სერენი გახდა პირველი ყოფილი პარტიზანული შენაერთის მეთაური, რომელიც სალვადორის პრეზიდენტი გახდა; იგი იყო მესამე პირი, ვინც კენჭი იყარა პრეზიდენტობაზე 1999 წელს ფაკუნდო გუარდადოსა და 2004 წელს ჰანდალის შემდეგ. სანჩეს სერენი ასევე იყო მეორე ყოფილი პარტიზანი, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნის პრეზიდენტი დემოკრატიულად გახდა, 2010 წელს ურუგვაელი ხოსე მუხიკას შემდეგ.[7] სანჩეს სერენმა განაცხადა, რომ შექმნიდა „ეროვნულ კოალიციას“ მემარჯვენე პარტიებთან და ბიზნესებთან ზომიერი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.[16]

სანჩეს სერენმა სალვადორის პრეზიდენტის ფიცი 2014 წლის 1 ივნისს დადო.

2017 წლის აპრილში სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზეზების გამო თავის ტერიტორიაზე ლითონის მოპოვება აკრძალა.[18]

2018 წლის აგვისტოში მისმა მთავრობამ გადაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

სანჩეს სერენის პრეზიდენტობის დროს დაახლოებით 23,000 სალვადორელი გახდა მკვლელობის მსხვერპლი, რაც საშუალოდ დღეში 13 მკვლელობას შეადგენს.[19]

2020 წლის დეკემბერში სანჩეს სერენმა და მისმა ოჯახმა სალვადორი დატოვეს და ნიკარაგუაში წავიდნენ.[20] 2021 წლის 22 ივლისს სალვადორის გენერალურმა პროკურორმა როდოლფო დელგადომ გასცა სანჩეს სერენის დაპატიმრების ბრძანება მითვისების, უკანონო გამდიდრებისა და 530,000 დოლარამდე ფულის გათეთრების ბრალდებით.[21][22] რამდენიმე დღის შემდეგ, 2021 წლის 30 ივლისს, ნიკარაგუის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანჩეს სერენს, მის მეუღლეს (მარგარიტა ვილიალტა დე სანჩესი) და მის სამ შვილს ნიკარაგუის მოქალაქეობა მიანიჭა.[20]

2023 წლის ივლისში სანჩეს სერენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციები დაეკისრა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას „ფულის გათეთრებით გამოწვეული მნიშვნელოვანი კორუფციისთვის“.[23]

სანჩეს სერენი მეუღლესთან ერთად 2015 წელს

სანჩეს სერენი 1968 წელს დაქორწინდა ვილიალტაზე. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: ანტონიო, კლაუდია, ფატიმა და ივეტი.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  2. Munzinger Personen
  3. https://www.orderofmalta.int/es/noticias/el-salvador-y-la-orden-de-malta-consolidan-65-anos-de-relaciones-diplomaticas/
  4. Ochoa, Cecca. Presidential Elections in El Salvador: The Lion vs. The Dentist en. North American Congress on Latin America (7 March 2014). ციტირების თარიღი: 4 January 2025
  5. Sánchez Cerén: de guerrillero a presidente de El Salvador. BBC (17 March 2014)
  6. Salvadorean ex-rebel Sanchez Ceren wins vote. BBC News (13 March 2014).
  7. 1 2 3 4 5 6 7 Pérez Salazar, Juan Carlos. Sánchez Cerén: De Guerrillero a Presidente de El Salvador es. BBC Mundo (17 March 2014). ციტირების თარიღი: 4 January 2025
  8. 1 2 3 Salvador Sánchez Cerén es. Barcelona Centre for International Affairs (March 2014). ციტირების თარიღი: 4 January 2025
  9. Salvador Sánchez Cerén (No Vigente) es. Government of El Salvador (22 February 2024). ციტირების თარიღი: 4 January 2024
  10. Needler, Martin C. (1991). „El Salvador: The Military and Politics“. Armed Forces & Society (ინგლისური). Sage Publishing. 17 (4): 569–588. doi:10.2307/45305273. ISSN 0095-327X. JSTOR 45305273. OCLC 8990447213.
  11. 1 2 3 4 5 6 7 López Bernal, Carlos (2016) „Schafik Jorge Hándal: Y la Reconfiguración del Frente Farabundo Martí para la Liberación Nacional (1992–2014)“, Sociedades en Conflicto: Movimientos Sociales y Movimientos Armados en América Latina (es). Latin American Council of Social Sciences, გვ. 95–118. DOI:10.2307/j.ctvtxw20d.9. ISBN 9789877225273. 
  12. Sánchez Cerén (Biography) es. Mauricio Funes: Un cambio seguro. ციტირების თარიღი: 16 March 2009
  13. Memoria Especial – Elecciones 2000 es. Supreme Electoral Court (2000). ციტირების თარიღი: 5 January 2025
  14. Memoria Especial – Elecciones 2006 es. Supreme Electoral Court (2006). ციტირების თარიღი: 5 January 2025
  15. Salvador Sanchez Ceren wins El Salvador's presidential election. LA Times (13 March 2014). Retrieved on 2016-01-08.
  16. 1 2 Renteria, Nelson; O'Boyle, Michael; Stargardter, Gabriel. El Salvador Army Rules Out Coup in Election Result Dispute en. Reuters (12 March 2014). ციტირების თარიღი: 4 January 2024
  17. Sabo, Eric; Cota, Isabella. El Salvador Ratifies Sánchez Cerén Election Victory en. Bloomberg News (13 March 2014). ციტირების თარიღი: 4 January 2025
  18. El Salvador mining ban a victory for democracy over corporate greed (30 March 2017). ციტირების თარიღი: 15 October 2018
  19. Silva Ávalos, Héctor. Ex-President Sánchez Cerén Leaves El Salvador Facing Same Threats en. InSight Crime (3 June 2019). ციტირების თარიღი: 4 January 2024
  20. 1 2 Renteria, Nelson; Garrison, Cassandra. Nicaragua Grants Nationality to Former Salvadoran President Accused in Corruption Probe en. Reuters (30 July 2021). ციტირების თარიღი: 4 January 2025
  21. Renteria, Nelson; Solomon, Daina Beth. El Salvador Orders Arrest of Ex-President Sanchez Cerén in Graft Probe en. Reuters (22 July 2021). ციტირების თარიღი: 4 January 2025
  22. Urbina, Javier. Expresidente Salvador Sánchez Cerén Enfrentará Juicio en Agosto es. La Prensa Gráfica (27 February 2024). ციტირების თარიღი: 4 January 2025
  23. State Department Sanctions 2 Former Salvadoran Leaders, Dozens of Officials in Central America en. Associated Press (19 July 2023). ციტირების თარიღი: 4 January 2024