სალვადორის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალვადორული ჩორისო ლაიმითა და სოუსით

სალვადორის სამზარეულო (ესპ. Gastronomía de El Salvador) — ტრადიციული სალვადორული კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა ადგილობრივი ინდიელებისა და ესპანური სამზარეულოების შერწყმით. უმეტესწილად კერძები სიმინდით მზადდება, თუმცა ასევე ხშირად იყენებენ ღორის ხორცსა და ზღვის პროდუქტებს.

ყველაზე ცნობილი სალვადორული კერძებია: პუპუსა (ყველითა და სიმინდის შესქელებული ფქვილით მომზადებული კერძი), ჩიჩარონი (კარგად შემწვარი ღორის ხორცი), შემწვარი ლობიო და ლოროკო (ადგილობრივი, ამერიკული ვაზის ყვავილის კვირტი). მათი გასტრონომია ასევე მდიდარია ვეგეტარიანული კერძებით, რომლებშიც ხორცს ძირითადად ყაბაყით ანაცვლებენ, თუმცა ასევე აქტიურად იყენებენ კიტრსა და კომბოსტოს. აგრეთვე ცნობილია სალვადორული ყველის შემდეგი სახეობები: კესო-დურო, კესო-ფრესკო და კუახადა.

კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოპა-დე-პატა

სალვადორულ სამზარეულოში ერთობ პოპულარულია სუპები, რის გამოც იგი საკმაოდ მდიდარია სუპის ვარიაციებით. ყველაზე ცნობილი სალვადორული სუპია სოპა-დე-პატა, რომელიც მზადდება ძროხის ხორცის, მწვანილების, სიმინდის, პომიდვრის, კომბოსტოსა და სანელებლებისაგან. იგი ადგილობრივი დელიკატესებიდან ერთ-ერთია. ასევე აღსანიშნავია გალიო-ენ-ჩიჩა, მამლის ხორცით, სიმინდითა და სხვა ინგრედიენტებით მომზადებული ცხელი სუპი. სხვა სუპებიდან აღსანიშნავია: სოპა-დე-რესი (მომზადებული ცხვრის ხორცით, სტაფილოთი, სიმინდითა და კარტოფილით), სოპა-დე-პასკადო (თევზის სუპი), სოპა-დე-პოლიო (ქათმის ხორცის სუპი წიწაკით, პომიდვრით, სტაფილოთი და კარტოფილით) და სოპა-დე-ფრიხოლესი (ლობიოს სუპი).

სალვადორული ტორტილიები, რომლებიც მექსიკურებზე უფრო თხელია და დაახლოებით 10სმ დიამეტრისაა

სალვადორული სამზარეულო ასევე ერთობ მდიდარია ზღვის პროდუქტების კერძებით. ისინი საჭმელებს აკეთებენ ხამანწკებით, თევზეულით, კრევეტებით, ლოკოკინებით, კალმარებით, რვაფეხებითა და ადგილობრივი თევზით, რომელსაც ისინი კონჩას უწოდებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სალვადორელები ზღვის პროდუქტებს არა მხოლოდ კერძებში, არამედ კოქტეილებშიც იყენებენ. ასევე პოპულარულია თევზით, პომიდვრითა და ხახვის სოუსით მომზადებული სევიჩე, რომელსაც ხშირად არომატის გასაძლიერებლად ლაიმს უმატებენ ხოლმე.

აქ ასევე პოპულარულია შემწვარი კიბორჩხალა და შემწვარი თევზი ნიორსა და ლიმონთან ერთად. სალვადორელები შემწვარ კრევეტებს ძირითადად ნიორთან ან კარაქთან ერთად მიირთმევენ. ასევე ერთ-ერთი ცნობილი სალვადორული კერძია მარიკადა, რომელიც მზადდება რამდენიმე სახის თევზის, რვაფეხას, კალმარის, კრევეტისა და კიბორჩხალისაგან და მიირთმევენ სუპის სახით.

რაც შეეხება სალვადორულ დესერტებს, მათ მიეკუთვნება: პან-დულკა, სემიტა, სალვადორული კესადილია, ტორტა-დე-იემა, მარკისოტი, სალპორესი, პოლეადა (ვანილის კრემი), აროს-კონ-ლეჩე (ბრინჯის პუდინგი), ატოლ-დე-ელოტე, ატოლ-დე-პინია, ემპანადას-დე-პლატანო და მრავალი სხვა. სალვადორულ დულკა-დე-ლეჩეს აქვს რბილი, მტვრევატი სტრუქტურა, თითქმის კრისტალისებრი. დესერტებში აქტიურად გამოიყენება ხილი, თუმცა განსაკუთრებით პოპულარულია ქოქოსი, მანგო, პაპაია და ბანანი. ასევე ხშირად მიირთმევენ ხილის ნაყინს ზემოდან მოყრილი დარიჩინით.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალვადორელ მოზარდებში ყველაზე პოპულარული სასმელი კოკა-კოლაა, ხოლო შედარებით უფრო უფროსებში ყავა სარგებლობს ყველაზე დიდი მოთხოვნით. ასევე პოპულარული ტკბილი სასმელია მინუტასი, ხილისსიროპიანი დაფქული ყინული, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მზადდება. იგივენაირი სასმელია ლიკვადოსი, ოღონდ აქ ყინული წყლის ნაცვლად რძისგანაა დამზადებული.

ზრდასრულების სასმელადაა მიჩნეული არაყში გარეული ქოქოსის რძე, რომელიც სალვადორში ერთობ მოთხოვნადია. ასევე გავრცელებულია თამარინდისა და ზოგადად, თითქმის ყველა ხილის წვენი. სხვა სასმელებიდან აღსანიშნავია: ჩილატე, ჩუკო და არაიანი.

ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე პოპულარულია ლუდი, რომლის ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია პილსნერი. ლუდის შემდეგ მოდის ტრადიციული სალვადორული ლიქიორი, სახელად ტიკ-ტაკი. ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია კაშასა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cocinando Con Ingrid (13 November 2014). "VIEJITAS PAN SALVADOREÑO - RECETAS RAPIDAS - recetas de El Salvador"
  • Ken Albala, « El Salvador », in Food Cultures of the World Encyclopedia, vol. 2, Americas, ABC-CLIO, 2011, p. 35-39 ISBN 9780313376269
  • Alicia Maher, Delicious El Salvador: 75 Authentic Recipes for Traditional Salvadoran Cooking, Pacific Apicius Corporation, Los Angeles, 2013, 224 p. ISBN 9780983980919
  • María Dolores de Rivas et Eleonora Salaverría, Cocina Salvadoreña, Grupo Imprecen, La Libertad, El Salvador, 2005 (2e éd.), 192 p. ISBN 9789992375792