სალადინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სალაჰ ად-დინი)
სალადინი
سەلاحەدینی ئەییووبی
ეგვიპტისა და სირიის სულთანი
კორონაცია: 1174, კაირო
მმართ. დასაწყისი: 1174
მმართ. დასასრული: 1193
წინამორბედი: ნურ ად-დინ მაჰმუდი
მემკვიდრე: ალ-აფდალი (სირია)
ალ-აზიზი (ეგვიპტე)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1138
დაბ. ადგილი: თიქრითი, ერაყი
გარდ. თარიღი: 1193, 4 მარტი
გარდ. ადგილი: დამასკო, სირია
დაკრძ. ადგილი: უმაიადების მეჩეთი, დამასკო,სირია
დინასტია: აიუბიდები
რელიგია: ისლამი, სუნიზმი
ეროვნება: ქურთი
ბრძოლები/ომები: მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის წინააღმდეგ
სალადინის ბრძოლები ეგვიპტეში

სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი (დ. 1137/1138 — გ. 4 მარტი, 1193) — ეგვიპტის სულთანი 1171 წლიდან, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით ქურთი[1].

დაიბადა ერაყის ქალაქ თიქრითში საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს მოსულში. 1164–1169 წლებში მონაწილეობდა მოსულის მმართველების — ზენგიდების — ლაშქრობაში ეგვიპტეში. 1169 წელს დაინიშნა ეგვიპტის ვეზირად, ხოლო 1171 წელს ფატიმიდების დამხობის შედეგად ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და სულთნის ტიტული მიიღო. ამ დროიდან იწყება ეგვიპტეში მისი სახელობის ფულის მოჭრაც. 1174–1176 წლების დამპყრობლური ომების შედეგად შეიერთა სირია, შუამდინარეთი, იემენი და შექმნა ვრცელი იმპერია, რომელიც წინ აღუდგა ჯვაროსნულ ლაშქრობებს. 1187 წლის 3-4 ივლისს სალადინის ჯარებმა დაამარცხეს ჯვაროსნები სოფელ ჰატინთან (პალესტინა); იმავე წლის 2 ოქტომბერს აიღეს იერუსალიმი და ევროპელები განდევნეს სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილიდან. 1191 წელს სალადინი დაუპირისპირდა ინგლისის მეფის რიჩარდ ლომგულის ახალ ლაშქრობას; სალადინი დამარცხდა, მაგრამ რიჩარდმა იერუსალიმის აღება ვერ შეძლო. ორი მონარქის ურთიერთობა, რომელიც საბრძოლო დაპირისპირების გარდა რაინდულ ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული, აირეკლა იმდროინდელ ევროპულ რომანსებში. საბოლოოდ, 1192 წელს ზავმა პალესტინაში მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის დროებით სიმშვიდე ჩამოაგდო. სალადინი გარდაიცვალა დამასკოში, 1193 წლის 4 მარტს.

სალადინის პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო სუნიზმის გავრცელება, სამხედრო მანქანის განუხრელი ზრდა და „საღმრთო ომი“ — ჯიჰადი. ამასთანავე, სალადინს პატივს სცემდნენ როგორც ნიჭიერ მხედართმთავარს და ღირსეულ მებრძოლს.

მისი მმართველობის დროს შეინიშნება ერთგვარი გამოცოცხლება საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობებში. სალადინის ბიოგრაფის ბაჰა ად-დინ იბნ შადადის ცნობით, საქართველოს მეფე თამარს ელჩები გაუგზავნია სულთნისთვის და უთხოვია მუსლიმანთა მიერ მიტაცებული ქრისტიანთა წმინდა სალოცავების გათავისუფლება. სალადინის პასუხი არ შემონახულა, თუმცა თამარის მეცადინეობა, როგორც ჩანს, წარმატებით დასრულებულა: იმდროინდელი ევროპული წყაროებით, ქართველები, სხვა ქრისტიანებისგან განსხვავებით, იერუსალიმში პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ქალაქში შესვლა დაუბრკოლებლად შეეძლოთ გაშლილი დროშებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რევაზ გაჩეჩილაძის, „ახლო აღმოსავლეთი, სივრცე, ხალხი და პოლიტია“. გვ 309