სალაჯურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სალაჯურის ეკლესია, შუაძნის ხატიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სალაჯურის ჩრდილოეთით, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (5,6 x 4 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით, დაშენებულია ზურგიანი კოშკის შემორჩენილ ნაწილზე (სიმაღლე 3 მეტრი). კოშკს სწორი კედლის მხრიდან (სამხრეთიდან) მიშენებული აქვს მცირე ზომის (6,7 x 4,6 მეტრი) სათავსი, რომლის ბრტყელი გადახურვა ეკლესიის სამხრეთ კედლის წინ მოზრდილ ბაქანს (ფართობი 35 კვადრატული მეტრი) ქმნის. სათავსს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. დანარჩენი კედლები ყრუა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიშენებული. კედლებს 80 სანტიმეტრი სიმაღლის საფეხური გასდევს. დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. შენობას თაროსებრი ლავგარდანი და ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს, რომლის კეხის კიდეებში ქვის თითო ჯვარია დადგმული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]