სალარ ჯანგის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალარ ჯანგის მუზეუმი
ტელუგ. సాలార్ జుంగ్ మ్యూజియం

სალარ ჯანგის მუზეუმის შენობა
17.371426°00′00″ ჩ. გ. 78.480347°00′00″ ა. გ. / 17.37143° ჩ. გ. 78.48035° ა. გ. / 17.37143; 78.48035
დაარსდა 16 დეკემბერი, 1951
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
მდებარეობა Nayapul
ექსპონატი 1.1 მილიონი ნივთი
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ოფიციალური საიტი salarjungmuseum.in
Map

სალარ ჯანგის მუზეუმი (ტელუგ. సాలార్ జుంగ్ మ్యూజియం) — ხელოვნების მუზეუმი ჰაიდარაბადში, მდინარე მუსის მარჯვენა სანაპიროზე, ტელანგანა, ინდოეთი. ის არის ინდოეთის სამი ეროვნული მუზეუმიდან ერთ-ერთი.[1] მუზეუმი თავდაპირველად მხოლოდ სალარ ჯანგის ოჯახის კერძო ხელოვნების კოლექციას მოიცავდა. სალარ ჯანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ დაწესებულებას მისი სახელი ეწოდა. ის ოფიციალურად გაიხსნა 1951 წლის 16 დეკემბერს.

სალარ ჯანგის მუზეუმს გააჩნია: ქანდაკებების, ნახატების, ჩუქურთმების, ქსოვლიების, ხელნაწერების, კერამიკის, მეტალის არტეფაქტების, ხალიჩების, საათებისა და ავეჯის კოლექციები სხვადასხვა ქვეყნებიდან (იაპონია, ჩინეთი, მიანმარი, ნეპალი, ინდოეთი, ირანი, ეგვიპტე, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან). სალარ ჯანგის მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალარ ჯანგის ოჯახი ჰაიდარაბადის დიდგვაროვან ოჯახს წამროადგენდა ნიზამის პერიოდში. ნავაბ მირ იუსუფ ალი ხანი, იგივე სალარ ჯანგ III ჰაიდარაბადის პრემიერ-მინისტრი იყო. ის ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში შემოსავლის დიდ ნაწილს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან ექსპონატების შეგროვებაში ხარჯავდა.

ნავაბის გარდაცვალების შემდეგ, 1949 წელს, მისი პირადი კოლექცია დივან დევიში, სალარ ჯანგის სასახლეში დარჩა. სწორედ ამ სასახლეში გაიხსნა კერძო მუზეუმი, სალარ ჯანგის მუზეუმი, 1951 წლის 16 დეკემბერს, ჯავაჰარლალ ნერუს მიერ. მუზეუმის გახსნამდე ექსპონატების ნაწილი დაიკარგა, ნაწილიც კი სასახლეში მომუშავე პირებმა მოიპარეს.

ხალხის ნაწილს სჯერა, რომ მუზეუმში დაცული ამჟამინდელი ექსპონატები თავდაპირველი კოლექციის მხოლოდ ნახევარს წარმოადგენს.

1968 წელს მუზეუმი გადაიტანეს იმ ადგილას სადაც დღემდეა განთავსებული, დარ-ულ-შიფაში. მუზეუმის შენობის შეცვლისას ექსპონატების ნაწილი დაიკარგა, ზოგიც კი მოიპარეს.

პრემიერ მინისტრის, ჯავაჰარლალ ნერუს მიერ სალარ ჯანგის მუზეუმის გახსნის ცერემონიალი, დაახ. 1951
დაფარული რებეკა სალარ ჯანგის მუზეუმში

2003 წელს მუზეუმმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ხელნაწერების ეროვნულ ცენტრთან და ხელნაწერთა კონსერვაციის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა.

2006 წელს მუზეუმის შენობაში, ერთ-ერთ აუდიტორიაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა და შედეგად არც ერთი არტეფაქტი არ დაზიანებულა. ინციდენტის შემდეგ სალარ ჯანგის მუზეუმში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები განაახლეს.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდური კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დამფუძნებლის გალერეაში“ განთავსებულია სალარ ჯანგ III-ისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები.

მუზეუმის ინდური განყოფილება მოიცავს ნურ-ჯაჰანის, ჯაჰანგირისა და შაჰ-ჯაჰანის ჯადით დამუშავებულ სატევრებს.[3] ასევე იარაღებს, რომლებიც ეკუთვნოდა: აურანგზებს, ტიპუ სულთანს, მუჰამედ-შაჰს, ბაჰადურ-შაჰ I-სა და აბდულ-ჰასან ყუთბ შაჰს.[4][5]

სალარ ჯანგის მუზეუმში ასევე დაცულია ინდური მინიატურები რაჯასთანის, თანჯავურის, დეკკანისა და მოგოლების სკოლებიდან. ასევე გამოფენილია განდჰარასა და ჩოლას პერიოდის ინდური ქანდაკებები.

მუზეუმს ასევე გააჩნია თანამედროვე ინდური კოლექციები, რომლებიც ბენგალის სკოლას მიეკუთვნებიან. გამოფენილია: რაჯა რავი ვარმას, აბდურ რაჰმან ჩუგთაის,[6] მაკბულ ფიდა ჰუსეინის,[7] კატინჯერი კრიშნა ჰებარის, რაბინდრანათ თაგორის, აბანინდრანათ თაგორისა და ნანდალალ ბოსეს შემოქმედება.[5]

დასავლური კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატია იტალიური „დაფარული რებეკას“ ქანდაკება, რომელიც იტალიელმა ჯოვანი მარია ბენცონიმ შექმნა. ეს ნამუშევარი მოქანდაკის შექმნილ ოთხ ასლში შედის (დანარჩენი სამი ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა მუზეუმებშია განთავსებული).

მუზეუმში ასევე წარმოდგენილია იტალიური, ფრანგული და დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სკოლების ნიმუშები. მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებს შორისაა: კანალეტო, უილიამ ბუგერო, ფრანჩესკო აიეცი.[5]

დასავლურ კოლექციაში ასევე განთავსებულია ავეჯი, რომლებიც მეფე ლუი XIV-ისა და ნაპოლეონ ბონაპარტის დროინდელია. სალარ ჯანგ III-ის კოლექცია დაახლოებით 43 000 არტეფაქტსა და 50 000 წიგნსა და ხელნაწერს მოიცავს, რომელთაგან მხოლოდ ნაწილია ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის.[8][9]

აღმოსავლური კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლური კოლექცია მოიცავს იაპონურ ნამშევრებს, ფაიფურის ნაკეთობებს, სამურაის ხმლებსა და ქანდაკებებს ჩინეთიდან, მიანმარიდან, იაპონიიდან და ტიბეტიდან.[10]

ყურანის კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში განთავსებულია ცნობილი ყურანის კოლექცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა დიზაინითა და შრიფტითაა შექმნილი. მუზეუმში დაცულია მრავალი რელიგიური წიგნი, მათ შორის არაბული ყურანი.[11]

ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის შენობა ნახევარწრიული ფორმისაა. მასში ორ სართულზე განთავსებულია 38 გალერეა, რაც სალარ ჯანგის მუზეუმის ორიგინალური კოლექციის მხოლოდ ნახევარს წარმოადგენს. მუზეუმის პირველ სართულზე 20, ხოლო მეორეზე 18 გალერეაა განთავსებული. გალერეები ერთმანეთისაგან თემატურობით განსხვავდებიან. იგეგმება ახალი, ისლამური გალერეის გახსნა, სადაც ისლამური არტეფაქტები და ყურანის ხელნაწერები იქნება გამოფენილი.[12][13]

გალერეების გარდა მუზეუმს ეკუთნის ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, პუბლიკაციებისა და განათლების განყოფილება, ქიმიური ლაბორატორია, კაფეტერია და სხვა.[14][15]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [Book name: Footprint India By Roma Bradnock,ISBN 978-1-906098-05-6, p-1033]
  2. Dundoo, Sangeetha Devi (2014-06-19). „125 years of Salar Jung museum“. The Hindu (ინგლისური). ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
  3. Staff Reporter (2013-01-02). „Jade evokes an old-world charm“. The Hindu (ინგლისური). ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
  4. Kotaiah, B. (2013-02-07). „Salar Jung Museum weaponry: armed to the hilt“. The Hindu (ინგლისური). ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
  5. 5.0 5.1 5.2 Welcome to Salarjung Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-10. ციტირების თარიღი: 2021-09-09.
  6. „Lady lighting lamp - Abdur Rahman Chugtai - Google Arts & Culture“. Google Cultural Institute (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-08. ციტირების თარიღი: 2018-09-26.
  7. „Seated lady - M.F. Hussain - Google Arts & Culture“. Google Cultural Institute (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-09-26.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-31. ციტირების თარიღი: 2021-09-09.
  9. important Exhibits. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-02. ციტირების თარიღი: 2021-09-09.
  10. Sripada, Krishna (2017-08-31). „An all-season destination“. The Hindu (ინგლისური). ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
  11. events. salarjungmuseum.in (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 13 April 2012
  12. Nanisetti, Serish (2018-07-21). „India's first Islamic Art Gallery soon“. The Hindu (ინგლისური). ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
  13. Akbar, Syed. „Salarjung Museum's art gallery to be world's biggest cradle of Islamic legacy & heritage - Times of India“. The Times of India. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
  14. 'Salar Jung Museum impenetrable'. The New Indian Express. ციტირების თარიღი: 2018-10-18.
  15. Ifthekhar, J. S. (2013-02-01). „Salar Jung goes solar“. The Hindu (ინგლისური). ISSN 0971-751X. ციტირების თარიღი: 2018-10-18.