საკირის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკირის წმინდა გიორგის ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში. ეკლესია დგას სოფელის ცენტრში, ქვის გალავნით შემოსაზღვრული ვრცელი ეზოს შუაგულში. იგი ბერძენი ხელოსნების მიერ არის აგებული.

ეკლესია გუმბათიანია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია თლილი ქვა და ხე. შენობა გეგმით ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. მის კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათით დასრულებული ცენტრალური სივრცე, აღმოსავლეთით შვერილი, ნახევარწრიული აფსიდითა და დასავლეთით წაგრძელებული ჯვრის მკლავით. ცენტრალურ, რვაწახნაგა გუმბათში სარკმლებია გაჭრილი. დანარჩენი ოთხი მცირე ზომის დეკორატიული გუმბათი ინტერიერში არ იკითხება. ყველა ღიობი თაღოვანია. საკურთხეველში სამი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელსა და დასავლეთის მკლავში ორ-ორი სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის წინ მაღალი, სამნაწილიანი იკონოსტასია აღმართული, რომელიც ასევე XX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. ინტერიერის კედლები შელესილია. იატაკისათვის გამოყენებულია XIX საუკუნის საფლავის ქვები. ერთი ასეთი ქვა ჩაშენებულია ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში. შენობის დასავლეთი მკლავის სახურავზე სამრეკლოა გამართული. სადაც მოხვედრა მისაყუდებელი კიბით არის შესაძლებელი. სამრეკლოს ფანჩატური კოკოშნიკებით არის დამუშავებული. შესასვლელი ეკლესიაში ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე ფართოა და თაღოვანი გადახურვით. სამხრეთი კარის თავზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. XX საუკუნის დასაწყისის ეკლესია თავისი მხატვრულ-სტილისტური სახით ეკლექტურია. მასში გაერთიანებულია რუსული და ბერძნული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24907