საკარტოფილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკარტოფილე, შენობა ან ნაგებობა კარტოფილის შესანახად. საკარტოფილე არის დროებითი და მუდმივი. დროებითი ეწყოფა გრუნტში ამოღებულ სათავსებში, რომელსაც კარტოფილის ჩატვირთვის შემდეგ ზემოდან ეყრება ნამჯა და მიწა. მუდმივი საკარტოფილე, როგორც წესი, ერთსართულიანი შენობაა და დგას ჩაღრმავებულ ან ნახევრად ჩარღმავებულ გრუნტში ან მიწის ზედაპირზე. იმისათვის, რომ ნაგებობაში იყოს შედარებით მუდმივი ტემპერატურა და ტენი, ის აღჭურვილია აქტიური სავენტილაციო დანადგარებით.

საკარტოფილეს კედლები აგურის, ქვის ან თბოიზოლაციის ფენით დაფარული ბეტონის ბლოკებისა აქვს; იატაკი - გრუნტის, ასფალტბეტონის, ბეტონის ან ფიცარფენილისა; მზიდი კონსტრუქციები (სვეტები, კოჭები, ფერმები, გადახურვის ფილები) - ანაკრები რკინაბეტონისა. გადახურვა უმეტესად შეთავსებულია (უსხვინოა), სახურავი-მრავალფენიანი. კარტოფილის ჩასატვირთად და გამოსაზიდად სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ყველაზე მოხერხებულია შუაგასასვლელიანი საკარტოფილის მოწყობა. შუა გასასვლელის თავსა და ბოლოში დგას ტემპერატურის დასაცავი ტამბურები, აგრეთვე კარტოფილის ჩასატვირთი სათავსები. საფურაჟე კარტოფილს იატაკზე დაყრილს ინახავენჯ, ხოლო სათესლეს - ყუთებში და სტელაჟებზე. საკარტოფილის ტევადობა 250-300 ტ აღწევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანელიძე ზ., ქსე, ტ. 8, გვ. 670, თბ., 1984