საირა
საირა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cololabis saira (Brevoort, 1856) | |||||||||||||||
|
საირა[1] (ლათ. Cololabis saira) — ზღვის პელაგური თევზი მაკრელწერისებრთა ოჯახისა. სიგრძეში 38 სმ-ს აღწევს, მასით — 200 გრამს. დინგი წაგრძელებულია; ქვედა ყბა ზედაზე გრძელია. ზურგის ფარფლის უკან 5–6 დამატებითი ფარფლია, ანალურის უკან — 5–7. შეფერილია ვერცხლისფრად, ზურგი მუქია. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აზიისა და ამერიკის სანაპიროებს შორის; აზიის სანაპიროზე — ოკინავიდან აღმოსავლეთ კამჩატკამდე, აღმოსავლეთ ჩინეთისა და იაპონიის ზღვების ჩრდილოეთ ნაწილების ჩათვლით. აღწევს ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილშიც. ოკეანის ეპიპელაგიალის ქარავნული თევზია. გვხვდება 8–25°C ტემპერატურაზე. გაურბის ზღვის გამტკნარებულ მონაკვეთებს.[2]
ტოფობს ოქტომბრიდან ივნისამდე (პიკი იანვარ – მარტშია). იაპონიის ზღვაში — მაისიდან ივლისამდე. ამ დროს წყლის ტემპერატურა 18–21°C-ია. ნაყოფიერება — 22 ათასი ცალი. ქვირითი ოვალური, წებოვანი და გამჭვირვალეა (1,74–2,23 მმ). ერთ თვეში ლიფსიტა 25–30 მმ-მდე იზრდება, ორ თვეში — 60 მმ-მდე. სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევს. ცოცხლობს 6 წლამდე.[2]
ძირითადად იკვებება პელაგიური კიბოსნაირებით (ნიჩაბფეხიანები, კრილი, ღორტავასებრნი), ქვირითითა და ლიფსიტებით. საირის კვება დამოკიდებულია მისი მიგრაციის ზონაში არსებული პლანქტონის შემადგენლობაზე და იცვლება სეზონის მიხედვით. ასრულებს გრძელ სეზონურ მიგრაციებს. შემოდგომით — ტოფობისწინა მიგრაცია, სამხრეთით კუროშიოს დინების წყლებისკენ. გაზაფხულზე — სასუქებელი მიგრაცია, ჩრდილოეთით ოიასნოს დინების წყლებისკენ. ორივე მიგრაციისას კვეთს სუბარქტიკული ფრონტის ზონას.[2]
ძვირფასი სარეწაო თევზია (რუსეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, ტაივანი). აქვს ნაზი ხორცი; ხორცში ცხიმის შემცველობა 5,1-დან 27,8%-მდეა. ყველაზე ცხიმიანია სუქების პერიოდში. იაპონიაში უპირატესად ნედლად იყენებენ, რუსეთში — კონსერვის სახით.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 665.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Промысловые рыбы России : В двух томах / под ред. О. Ф. Гриценко, А. Н. Котляра и Б. Н. Котенёва. т. 1. — М.: изд-во ВНИРО, 2006. — стр. 439–440. ISBN 5-85382-229-2.