საიპანის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საიპანის ბრძოლა
„ოპერაცია ფორაჯერისა“ და წყნარი ოკეანის საბრძოლო თეატრის ნაწილი
Marines take cover behind medium tank.jpg
ამერიკელი საზღვაო ქვეითები ეფარებიან M4 შერმანის ტანკს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის იაპონელთაგან გათავისუფლებისას, საიპანი, 8 ივლისი, 1944.
თარიღი 15 ივნისი – 9 ივლისი, 1944 (24 დღე)
მდებარეობა საიპანი, მარიანას კუნძულები
შედეგი ამერიკელთა გამარჯვება
მხარეები
აშშ-ის დროშა აშშ იაპონიის იმპერიის დროშა იაპონიის იმპერია
მეთაურები
Flag of the United States.svg რიჩმონდ კ. ტერნერი
Flag of the United States.svg ჰოლანდ სმითი
Flag of Japan (1870–1999).svg იოშიცუგუ საიტო  
Flag of Japan (1870–1999).svg ჩუიჩი ნაგუმო  
Flag of Japan (1870–1999).svg ტაკეო ტაკაგი  
Flag of Japan (1870–1999).svg მაცუძი იძუინი  
ძალები
71 000 ჯარისკაცი 32 000
დანაკარგები
ჯამში 13 790:
  • 3 426 მოკლული და დაკარგული
  • 10 364 დაჭრილი
ჯამში 29 000:
  • 24 000 მოკლული
  • 5 000 თვითმკვლელობა
7 000 იაპონელი სამოქალაქო პირი (მათგან ბევრი თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვლილია)
22 000 დაღუპული სამოქალაქო პირი
Commons-logo.svg საიპანის ბრძოლა ვიკისაწყობში

საიპანის ბრძოლამეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის კამპანიის ბრძოლა საიპანზე, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების უდიდეს კუნძულზე, აშშ-სა და იაპონიის იმპერიას შორის. ბრძოლა გაგრძელდა 1944 წლის 15 ივნისიდან 9 ივლისამდე და ის იყო „ოპერაცია ფორაჯერის“ ნაწილი. საიპანის ბრძოლას ხშირად უწოდებენ წყნარი ოკეანის თეატრის „D-Day“-ს (ინგლ. Disembarkation Day, „გადასხმის დღე“; ოპერაცია ნეპტუნის, იმავე ნორმანდიის ბრძოლის, კიდევ ერთი ალტერნატიული სახელი), რადგანაც შემტევმა ფლოტმა პერლ ჰარბორი 1944 წლის 5 ივნისს, ოპერაცია ოვერლორდის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, დატოვა, ხოლო უშუალოდ ბრძოლა 9 დღის შემდეგ დაიწყო. აშშ-ს საზღვაო ქვეითთა მეორე და მეოთხე დივიზიამ არმიის ოცდამეშვიდე ქვეითთა დივიზიასთან ერთად გენერალ-ლეიტენანტი ჰოლანდ სმითის მეთაურობით დაამარცხა კუნძულ საიპანის დამცველი იაპონიის საიმპერატორო არმიის ორმოცდამესამე ქვეითთა დივიზია, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი იოშიცუგუ საიტო სარდლობდა. საიპანის დაკარგვა, რომელსაც თან ახლდა მძიმე დანაკარგები დაღუპული 29 000 იაპონელი სამხედროსა და მრავალი სამოქალაქო პირის სახით, გახდა მიზეზი იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ჰიდეკი ტოძიოს, გადადგომისა. კუნძულის აღებით აშშ-მ ასევე საფრთხე შეუქმნა იაპონიის არქიპელაგს, ვინაიდან საიპანიდან აფრენილ აშშ-ს საჰაერო ძალების B-29 ტიპის ბომბდამშენებს უკვე შეეძლოთ იაპონიის ძირითადი კუნძულების დაბომბვა.

კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული საიპანის ფლობა მნიშვნელოვანი ამოცანა იყო აშშ-სთვის, ვინაიდან იაპონიის არქიპელაგამდე მისაღწევად და შემდეგ უკან დასაბრუნებლად ამერიკულ B-29 ბომბდამშენებს უფრო შორეული ადგილიდან აფრენის შემთხვევაში საწვავი არ ეყოფოდათ.

ბრძოლის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე გადასხმული ამერიკელი საზღვაო ქვეითების პირველი ნაკადი სანაპიროზე.

საიპანის ბრძოლა დაიწყო 13 ივნისს, როცა აშშ-ს საზღვაო ძალებმა მისი დაბომბვა დაიწყეს. ორი დღის მანძილზე საიპანს ბომბავდა 37 საბრძოლო ხომალდი, რომლებმაც ჯამში 180,000 ჭურვი ისროლეს. ამას ემატებოდა ავიამზიდებიდან აფრენილი თვითმფრინავების დაბომბვები. თუმცა, ამის მიუხედავად, იაპონელებისთვის ამ დაბომბვას დიდი ზარალი არ მიუყენებია მათ მიერ სპეციალურად შექმნილი თავდაცვითი პოზიციებისთვის. ამას გარდა, ამერიკელებს არ ჰქონდათ ამოცნობილი ყველა იაპონური პოზიცია, რადგანაც ისინი კარგად იყო დამალული. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, კუნძულს 15,000 იაპონელი ჯარისკაცი იცავდა, თუმცა რეალურად დამცველების რაოდენობა 30,000-მდე, ორჯერ მეტი იყო.

საზღვაო ქვეითების კუნძულზე გადასხმა 15 ივნისის დილის 7 საათზე დაიწყო, 300-ზე მეტმა ამფიბიურმა მანქანამ 8,000 საზღვაო ქვეითი საიპანის დასავლეთ სანაპიროზე გადაიყვანა. მათ 11 საბრძოლო გემი აზღვევდა არტილერიით.

ბრძოლა კუნძულის ასაღებად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელები აფეთქებენ იაპონელთა გამაგრებებს კლდეებში
ამერიკელები უტევენ იაპონელთა პოზიციას ცეცხლმტყორცნებით.

იაპონელებს სანაპირო დანიშნული ჰქონდათ დროშებით, რაც მათ სასროლ მანძილზე ინფორმაციას აწვდიდა. ამის მეშვეობით იაპონელებმა 20 ამერიკული ამფიბიური მანქანა გაანადგურეს. იაპონელებს ასევე გავლებული ჰქონდათ მავთულხლართები, მოწყობილი ჰქონდათ საცეცხლე წერტილები ტყვიამფრქვევებისთვის და სანგრები. ყოველივე ამან განაპირობა ამერიკელთა დიდი დანაკარგები, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ შეძლეს, რომ დაღამებისთვის სანაპირო დაეკავებინათ. იაპონელებმა ღამით კონტრშეტევა წამოიწყეს, თუმცა ამერიკელებმა ისინი უკუაქციეს და იაპონელებმა ბევრი ჯარისკაცი დაკარგეს.

16 ივნისს კუნძულზე ქვეითთა ოცდამეშვიდე დივიზია გადავიდა და მტერს აეროპორტისკენ, ას-ლიტოსკენ, მიაწვა. იაპონელებმა ისევ ღამით შეუტიეს და ამჯერადაც იმხელა დანაკარგები განიცადეს, რომ მათი მეთაური საიტო იძულებული გახდა, აეროპორტი მიეტოვებინა და უკან დაეხია. შეტევა ას-ლიტოსკენ იაპონელთა სარდლობისთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან ისინი იერიშს სამხრეთისკენ ელოდნენ. 15 ივნისს იაპონურმა ფლოტმა ფილიპინების ზღვას შეუტია, ისინი აქაც დამარცხდნენ, დაკარგეს 3 ავიამზიდი და ასობით თვითმფრინავი.

საზღვაო ქვეითები გარაპანში გადაადგილდებიან

6 ივლისს იაპონელებს უკან დასახევი გზა და საბრძოლო მარაგები აღარ ჰქონდათ. გენერალ-ლეიტენანტმა იოშიცუგუ საიტომ გეგმები დასახა უკანასკნელი სუიციდური ბანზაი შეტევისთვის. კუნძულზე დარჩენილი სამოქალაქო პირებზე საიტომ შემდეგი რამ თქვა:

ვიკიციტატა
„სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის აღარანაირი განსხვავებაა. უკეთესი იქნება, შეტევაში შემოგვიერთდნენ ბამბუკის შუბებით, ვიდრე ტყვედ ჩავარდნენ.“
დაღუპული იაპონელი ჯარისკაცი და აფეთქებული ტანკი უკანა ფონზე, ტანკის გვერდით ამერიკელი ჯარისკაცები დგანან.

განთიადისას, 7 ივლისს, წინ მომავალმა თორმეტმა კაცმა, რომელთაც დიდი წითელი დროშა მოჰქონდათ და მათ უკან მყოფმა დარჩენილმა 4,000-მა ჯარისკაცმა ამერიკელთა პოზიციებს ბანზაი შეტევით შეუტია. ამერიკელთა გასაკვირად, ჯარის ამ ცოცხლად დარჩენილ ნაწილს უკან მოყვებოდნენ თითქმის შეუიარაღებელი, ბინტებით თავ და კისერშეხვეული იაპონელები. იაპონელი ქვეითების ტალღამ ამერიკული პოზიციები გადათელა და როგორც საზღვაო ქვეითებთან, ასევე არმიის დივიზიასთან სასტიკ ბრძოლაში ჩაერთო. ამერიკული ქვეითთა ასმეხუთე დივიზიის პირველი და მეორე ბატალიონები თითქმის მთლიანად განადგურდა 650 მოკლულისა და დაჭრილის სახით. თუმცა, ამ ბატალიონების სასტიკი წინააღმდეგობისა და იქვე მყოფი ასმეხუთე დივიზიის დანარჩენი ნაწილების წინააღმდეგობის შედეგად ბრძოლაში 4,300 იაპონელი დაიღუპა, ამერიკელთა დანაკარგებს შეემატა 400-ზე მეტი დაღუპული და 500-ზე მეტი დაჭრილი. იაპონელთა ამ 15-საათიანი შეტევის მოგერიებისას გამოჩენილი გმირობისთვის ასმეხუთე ქვეითთა დივიზიის სამი წევრი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. იაპონელთა ბანზაი შეტევა საიპანზე ისტორიაში იყო წყნარი ოკეანის თეატრის უდიდეს ბანზაი შეტევა, რომელიც, ბევრი სხვა ბანზაი შეტევის მსგავსად, იაპონელთა თითქმის მთლიანი განადგურებით დასრულდა.

9 ივლისს ადმირალმა ტერნერმა საიპანის აღება გამოაცხადა. საიტომ და სხვა იაპონელმა გენერლებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, გამოქვაბულში, დაასრულეს. საიპანის დამცველი იაპონური გარნიზონის სულ მცირე 29,000 წევრი მოკლული იყო.

ბრძოლის დასრულების შემდგომი წინააღმდეგობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი სამხედროები გამოქვაბულში მოწყობილ იაპონელთა მარაგების საწყობში.

წყნარი ოკეანის კამპანიაში მომხდარი სხვა ბრძოლების მსგავსად, იაპონელთა მცირე ძალებმა საიპანზეც აარიდეს თავი ამერიკელთა მიერ შეპყრობას და წინააღმდეგობას ძირითადი ბრძოლის დასრულების შემდეგაც განაგრძობდნენ. ბანზაი შეტევისას გადარჩენილი ოფიცერი საკაე ობა და 46 სხვა ჯარისკაცი ძირითადი ბრძოლის დასრულების შემდეგ პარტიზანულად ჯუნგლებიდან ებრძოდნენ ამერიკელებს. ისინი ასევე ზრუნავდნენ ცოცხლად დარჩენილ სამოქალაქო პირებზე, რათა ამერიკელებს არ დაეტყვევებინათ. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ამერიკელებმა ვერ შეძლეს დარჩენილი იაპონელების პოვნა. ობა და მისი რაზმი 1 წელზე მეტ ხანს აგრძელებდნენ ბრძოლას და ბოლოს, იაპონიის კაპიტულაციიდან სამი თვის შემდეგ, 1945 წლის 1 დეკემბერს დანებდნენ ამერიკელებს.

ამერიკელ ჯარისკაცს გამოჰყავს ცოცხალი ბავშვი გამოქვაბულიდან, რომელიც სავსეა დაღუპულთა ცხედრებით, 1944 წლის ივნისი.

სამოქალაქო პირთა მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკელი ჯარისკაცი ცდილობს დაარწმუნოს ჩამოროელი (მარიანის კუნძულების აბორიგენები) ქალი და მისი შვილები, რომ თავშესაფარი დატოვონ.

შეტევის დაწყებისას საიპანზე სულ მცირე 25,000 მშვიდობიანი იაპონელი ცხოვრობდა. 1944 წლის 23 ივნისს, საიპანის ბრძოლის მიმდინარეობისას, ამერიკელებმა კუნძულზე სამოქალაქო ტყვეთა ბანაკი გახსნეს, რომელიც მალე გაივსო 1,000-ზე მეტი ადამიანით. ღამით ამერიკელები ბანაკის შუქს ანთებულს ტოვებდნენ, რათა კიდევ უფრო მეტი სამოქალაქო პირი მიეზიდათ. ისინი მშვიდობიან იაპონელებს სამჯერად კვებასა და უსაფრთხოებას სთავაზობდნენ. საიპანის ბრძოლა იყო პირველი სამხედრო დაპირისპირება წყნარ ოკეანში, რომელშიც ამერიკელებს უწევდათ იაპონელ სამოქალაქო პირთა დიდ რიცხვთან გამკლავება, ხშირი იყო სამოქალაქო პირების შემთხვევითი მკვლელობები.

ახლო მანძილზე ბრძოლებისა და იაპონელთა გამაგრებული პოზიციების ასაღებად გამოყენებული იარაღების სპეციფიკის გამო საიპანის ბრძოლაში სამოქალაქო პირთა მსხვერპლი დიდი იყო. მათი თავშესაფრები მთელს კუნძულზე იყო მიმობნეული და იაპონელ სამხედროთა ბუნკერებისგან თითქმის არ განსხვავდებოდა. ამგვარ ბუნკერებს ამერიკელები ცეცხლმტყორცნებითა და ყუმბარებით ასუფთავებდნენ მტრისგან, მათ უჭირდათ სამხედრო და სამოქალაქო თავშესაფრების გარჩევა და ამიტომ ხშირი იყო მშვიდობიანი მოქალაქეების შემთხვევითი დაღუპვა. ასობით იაპონურმა ოჯახმა თვითმკვლელობა ჩაიდინა კლდეებიდან გადახტომით, რათა ამერიკელთა ტყვეობისთვის თავი აერიდებინა. ეს კლდეები დღეს საიპანზე მემორიალური ადგილებია თვითმკვლელობის შედეგად დაღუპული ხალხის პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]