საიდ მოჰამედ ჯოჰარი
| საიდ მოჰამედ ჯოჰარი | |
| კომორის მე-5 პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 27 ნოემბერი, 1989 – 29 სექტემბერი, 1995 | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 26 იანვარი, 1996 – 25 მარტი, 1996 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | მოჰამედ თაკი აბდულქარიმი |
| პრემიერ-მინისტრი | კააბი ელ-იაშრუტუ მოჰამედი |
| წინამორბედი | კააბი ელ-იაშრუტუ მოჰამედი |
| დაბადებული | 22 აგვისტო, 1918 მაჯუნგა, მადაგასკარი |
| გარდაცვლილი | 22 თებერვალი, 2006 მორონი, კომორის კუნძულების კავშირი |
საიდ მოჰამედ ჯოჰარი (არაბ. سعيد محمد جوهر დ. 22 აგვისტო, 1918[1] - გ. 22 თებერვალი, 2006)[2] — კომორელი პოლიტიკოსი, 1989 წლიდან 1995 წლამდე კომორის კუნძულების მეხუთე პრეზიდენტი.
გზა ძალაუფლებისკენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის 22 აგვისტოს მაჯუნგაში (Majunga), მადაგასკარზე დაბადებული საიდ მოჰამედ ჯოჰარი კომორის სოციალისტი პრეზიდენტის, ალი სუალიჰის ნახევარძმა გახლდათ,[1] რომელიც ხელისუფლებაში ბობ დენარის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა. 1960-იან წლებში ჯოჰარი საჯარო სამსახურის, შრომის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა.[1] 1972 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე საიდ მოჰამედ ჯოჰარი დეპუტატთა პალატის (Chamber of Deputies) პრეზიდენტი გახლდათ.[1] მას შემდეგ, რაც დენარმა პრეზიდენტის პოსტზე აჰმედ აბდალა დააბრუნა, ჯოჰარის პოლიტიკურმა მისწრაფებებმა სერიოზული უკანდახევა განიცადა. ამ პერიოდში საიდ მოჰამედ ჯოჰარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.[1] დენარსა და აბდალას შორის არსებულმა კონფლიქტმა ჯოჰარს ახალი შესაძლებლობა მისცა და 1989 წლის 27 ნოემბერს, აბდალას მკვლელობის მეორე დღეს, საიდ მოჰამედ ჯოჰარი დროებითი მთავრობის ლიდერი გახდა. ჯოჰარი პრეზიდენტად 1990 წლის სადავო არჩევნების შედეგად აირჩიეს.[1]
დაცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წლის სექტემბრის მიწურულს, ბობ დენარმა და დაქირავებულთა რაზმმა კომორის კუნძულების მთავრობა კვლავ დაამხეს (ოპერაცია „კასკარი“), რის შედეგადაც საიდ მოჰამედ ჯოჰარი რამდენიმე დღის განმავლობაში სამხედრო ყაზარმებში პატიმრობაში იმყოფებოდა. საფრანგეთის მთავრობამ საიდ მოჰამედ ჯოჰარი „სამედიცინო მკურნალობისთვის“ რეუნიონზე გადააყვანინა და 1996 წლის იანვრამდე კომორის კუნძულებზე დაბრუნების უფლებას არ აძლევდა. დაბრუნების შემდეგ, საფრანგეთის მიერ განხორციელებული ოპერაცია „აზალეს“ (Operation Azalee) შედეგად, ჯოჰარი პრეზიდენტის პოსტზე აღადგინეს. საიდ მოჰამედ ჯოჰარმა თანამდებობა 1996 წლის მარტში დატოვა, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოჰამედ თაკი აბდულკარიმმა გაიმარჯვა.
საიდ მოჰამედ ჯოჰარი 2006 წლის 22 თებერვალს, დედაქალაქ მორონის გარეუბანში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.