საიგო ტაკამორი
| საიგო ტაკამორი | |
|---|---|
|
იაპონ. 西郷隆盛 იაპონ. 西鄕隆盛 იაპონ. 吉之助 | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 23 იანვარი, 1828[1] |
| დაბადების ადგილი | Kajiya-chō |
| გარდაცვალების თარიღი | 24 სექტემბერი, 1877[1] (49 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | Yamashita-chō |
| მოქალაქეობა | იაპონია |
| მამა | Saigō Kichibei |
| დედა | Shiihara Masa |
| მეუღლე/ები | Ijūin Suga, Arikana და Saigō Itoko |
| შვილ(ებ)ი | Saigō Kikujirō, Toratarō Saigō და Saigō Kikusō |

საიგო ტაკამორი (ტაკანაგა) (იაპონ. 西郷 隆盛 (隆永, დ. 1827/1828 – გ. 24 სექტემბერი, 1877) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამურაი იაპონიის ისტორიაში. ის შედის მეიძის რესტავრაციის ეპოქის ეგრეთ წოდებულ „სამ დიდ გმირთა“ რიცხვში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საიგო ტაკამორი დაიბადა საცუმას სამთავროში (ამჟამად კაგოსიმის პრეფექტურა) და იყო უფროსი ვაჟი არამდიდარ სამურაულ ოჯახში. როგორც მეომარს შეეფერებოდა, მან გაიარა მკაცრი სკოლა და მიიღო კარგი სამხედრო მომზადება. ათი წელი მსახურობდა სამთავროში დაბალ სამხედრო თანამდებობებზე, ხოლო 1854 წელს პირველად გავიდა მის საზღვრებს გარეთ, თან ახლდა საცუმას დაიმიოს, შიმაძუ ნარიაკირას, ედოში. იქ საიგო ტაკამორი მყისიერად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქტიურად უჭერდა მხარს თავისი სიუზერენის პოლიტიკას. მისი გარდაცვალების შემდეგ 1858 წელს საიგო ტაკამორი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო საცუმაში. მან ცოტა ხნით თავი დაანება პოლიტიკურ საქმიანობას, შექმნა ოჯახი და გადასახლებაშიც კი იყო, მაგრამ 1861 წლის ბოლოს კვლავ გამოიძახეს სამსახურში შიმაძუ ჰისამიცუმ, გარდაცვლილი მთავრის უმცროსმა ძმამ და მისი შვილის რეგენტმა.
1864 წელს საიგო დაინიშნა კიოტოში მყოფი საცუმას სამთავროს სამხედრო კონტინგენტის მეთაურად. ის იყო ყველა პოლიტიკური და სამხედრო კონფლიქტის აქტიური მონაწილე სიოგუნსა და სამთავროებს – საცუმას, ტიოსიუსა და ტოსას – შორის 1865-1866 წლებში. 1867 წელს ტახტზე ავიდა 14 წლის იმპერატორი მუცუჰიტო (მეიძი). დედაქალაქში შეიკრიბნენ ანტისოგუნური ოპოზიციის თითქმის ყველა მთავარი მოქმედი პირი.
1867 წლის ნოემბერში შოგუნი ტოკუგავა იოსინობუ ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ აგრძელებდა დარჩენას ყველა მიწის დაახლოებით მეოთხედის მფლობელად და კვლავ ეწეოდა გადაუდებელ პოლიტიკურ საქმიანობას იმპერატორის დავალებით. საიგო ტაკამორი და მისი მომხრეები აუცილებლად მიიჩნევდნენ ტოკუგავას სახლისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენებას. მისი მეთაურობით ჩამოყალიბდა ანტიშოგუნური არმია, რომლის ბირთვს საცუმას სამთავროს სამხედრო რაზმები წარმოადგენდნენ. დაიწყო ბოშინის ომი, რომელიც ანტიშოგუნური კოალიციის გამარჯვებით დასრულდა.

მეიძის მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1868 წელს საიგო შევიდა მეიძის პირველი მთავრობის შემადგენლობაში.
1871-1873 წლებში, როდესაც სამთავრობო დელეგაცია ამერიკასა და ევროპაში იმყოფებოდა, საიგო ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა ქვეყანას და, თავისი უფლებამოსილების გადამეტებით, გაატარა არაერთი რეფორმა, რამაც სერიოზული წინააღმდეგობები გამოიწვია მთავრობაში. საიგო არ ეთანხმებოდა იაპონიის მოდერნიზაციისა და დასავლეთის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას. ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ იაპონიას კორეის ანექსია უნდა მოეხდინა მანამ, სანამ დასავლეთის ქვეყნები ამ ქვეყნის პოტენციალს გააცნობიერებდნენ. რადგან მეიძის რესტავრაციის სხვა ლიდერებმა მხარი არ დაუჭირეს მის გეგმებს, 1873 წლის ოქტომბერში საიგო გავიდა მთავრობიდან და დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ კაგოსიმაში. მთავრობიდან გასვლის მიუხედავად, საიგო სამხედრო უწყების მეთაურის თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ და იგი კვლავაც უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობდა.

ამ ამბიდან მალევე მან კაგოსიმაში გახსნა კერძო სკოლა, სადაც სწავლობდნენ სამურაები, რომლებმაც უარი თქვეს თავიანთ თანამდებობებზე და ტოკიოდან მას გაჰყვნენ. 1877 წელს მათ აჯანყება მოაწყვეს ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც ცოტა ხნით ადრე გააუქმა მათი პრივილეგიები და პენსიები. მთავრობამ აიყვანა ახალი ჯარისკაცები, ძირითადად გლეხებისგან, და არმია თანამედროვე იარაღით აღჭურვა. სამურაები, რომლებიც ასევე თანამედროვე იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, რამდენიმე თვის განმავლობაში წარმატებით უპირისპირდებოდნენ იმპერიულ ჯარებს. 1877 წლის საცუმას აჯანყება გახდა სამურაების გამოსვლების აპოგეა მეიძის რეფორმების წინააღმდეგ. სამთავრობო ჯარებისგან კუმამოტოსთან დამარცხების შემდეგ, საიგომ კაგოსიმასკენ დაიხია. ქალაქის ალყის დროს ის დაიჭრა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე სამურაული წეს-ჩვეულებების შესაბამისად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- EdwART, Сайго Такамори // Япония от А до Я. Энциклопедия, 2009.
- Последняя песня последнего самурая — журнал «Вокруг света»
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Earl D. M. Encyclopædia Britannica