სათხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სათხე

სათხე, 2016 წლის იანვარში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი სათხე
კოორდინატები 41°17′02″ ჩ. გ. 43°39′19″ ა. გ. / 41.28389° ჩ. გ. 43.65528° ა. გ. / 41.28389; 43.65528
ცენტრის სიმაღლე 1840
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1516[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სათხე — საქართველო
სათხე
სათხე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
სათხე
სათხე — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სათხე

სათხესოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სათხე, დიდი არაქალი, პატარა არაქალი, ოროჯოლარი). მდებარეობს ნინოწმინდიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით 12 კმ–ზე, მდინარეების ბუღდაშენისა და ფარავნის შესაყართან, ზღვის დონიდან 1840 მ-ზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2222 კაცი.[2] სოფელში არის საჯარო სკოლა.

სოფელი ამჟამად დასახლებულია XIX საუკუნის 30–იან წლებში არზრუმიდან გადმოსახლებული სომხებით. სოფლის სახელი გამჭვირვალეა და ტიპიურია ქართული სინამდვილისთვის. როგორც ჩანს, ჯავახეთის ეს მიდამოები ცნობილი ყოფილა თხის სიმრავლით და ამიტომ უწოდებიათ მისთვის სათხე.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათხის ციკლოპური ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია ძველი ისტორიული ძეგლები – ციკლოპური ციხის ნაშთები, რომელსაც მტკვარ–არაქსის ეპოქით (ძვ. წ. III ათასწლეული) ათარიღებენ მკვლევარები. ციხის კედლების დიდი ნაწილი დარღვეულია – გადმოსახლებულებს მისი ქვები სახლების ასაშენებლად მოუხმარიათ.

სათხის ქართული ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მახლობლად აღმართულია XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – სამების დიდი დარბაზული ეკლესია. აგებულია სუფთად გათლილი მოყავისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები აქვს. შეინიშნება სხვადასხვა დროის რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესია ჩრდ. ეგვტერისა და მთავარი ეკლესიის კედლებში ჩართული უფრო ადრინდელი პატარა ეკლესიის ნაწილები. სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხევლის ორივე მხარეს კედლის სისქეშია მოქცეული. გარედან სარკმელები და კარნიზი შემკულია მაღალოსტატური ჩუქურთმებით. ინტერიერი თავიდან მოსახატად არ იყო გათვალისწინებული, რაზედაც მეტყველებს სუფთად გათლილი ქვის წყობა, არქიტექტურული ელემენტების მოხაზულობა და მოჩუქურთმებული იმპოსტები. კედლის მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები მოგვიანო ხანისაა. სახურავჩაქცეული და ნაწილობრივ კედლებგადმორღვეული ეკლესია გაპატარხებულა. ქართული ეკლესიისათვის XIX საუკუნის 70–იან წლებში სამხრეთიდან სომხური ეკლესია მიუშენებიათ, რომელიც ასევე მოუვლელია და დაზიანებული.

სათხის ქართულმა სიძველებმა, თავიანთი მეცნიერული მნიშვნელობის გამო, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიიქციეს მკვლევართა ყურადღება. ამ სიძველეებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ძველი ქართული წარწერები, რომლებიც მრავლად მოიპოვებოდა და ახლაც ბევრი იკითხება ეკლესიის კედლებზე.

პირველი ცნობები სათხის სიძველეებისა და მათ შორის ეკლესიის კედლებზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერების შესახებ 1898 წელს გამოაქვეყნა იმ დროისათვის ცნობილმა მკვლევარმა, ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ, ჟურნალ მოგზაურის რედაქტორმა ივანე როსტომაშვილმა. მისი ცნობით, ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე იკითხებოდა ორი წარწერა:

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე იერემია“

და

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე ხარაისძე“

დასავლეთ კედელზე ყოფილა წარწერები:

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე გიორგი“

და

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიყწალე ძე ბეშქენისა...“

მასვე მოჰყავს ეკლესიის სამხრეთის კედლის ორი წარწერა, რომელთაგან ერთში კითხულობს –

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე ყოველნი“

მაგრამ როგორც ეს შემდეგში დააზუსტეს ე. თაყაიშვილმა და ნ. ბერძენიშვილმა, უნდა წავიკითხოთ:

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე იოვანე“

რაც შეეხება ეკლესიის სამხრეთის კედლის მეორე წარწერას, იგი განსაკუთრებით ძვირფასი იყო; შეიცავდა მნიშვნელოვან ცნობას და მისი ტექსტი ასე იკითხებოდა:

ვიკიციტატა
„ადიდენ ღმერთმან ფარსმან ერისთავთ–ერისთავი; აღაშენა ესე ეკლესია სადიდებლად მათდა და მშობელთა მათდა სალოცველად“

1933 წელს, ქართული წარწერების შეკრების მიზნით ჯავახეთში მოგზაურობის დროს, 6 აგვისტოს სათხეში იყო დიდი ქართველი ისტორიკოსი ნ. ბერძენიშვილი. მის დროს ჯერ კიდევ ყოფილა შემორჩენილი უმნიშვნელო ნაშთები აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე ამოკვეთილი წარწერებისა, ხოლო დანარჩენის კვალი უკვე მაშინ იყო მოსპობილი. ამავე დროს, ნიკო ბერძენიშვილს მოჰყავს ეკლესიის საკურთხევლის კედელზე, შიდა მხარეს ამოკვეთილი ორი წარწერა, რომლებიც ივანე როსტომაშვილს თავის დროზე შეუმჩნეველი დარჩენია:

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე ცხორებაჲ“

და

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე გიორგი“

სათხის ეკლესიის კედლებზე, ცხორების წარწერის გარდა, ამჟამად არც ერთი ზემოთ დასახელებული წარწერა არ მოიპოვება.

როგორც ვხედავთ, სათხის ეკლესიის კედლებზე ამოკვეთილი წარწერები ორი კატეგორიისაა: ერთია, საამშენებლო წარწერა ფარსმან ერისთავთა ერისთავისა და მეორეა, მლოცველების – ცხორებას, გიორგის, იოვანეს, ხარაისძის, ბეშქენის ძის წარწერები შეწყალების ფორმულის ტრაფარეტული ტექსტებით.

როგორც ი. როსტომაშვილი გადმოგვცემს, ფარსმანის წარწერა ამოკვეთილი ყოფილა ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის ბალავრის ქვაზე. ქვა, შემკული წმინდანთა რელიეფური გამოსახულებებით და ჩუქურთმებით, ამჟამადაც ადგილზეა, მაგრამ წარწერა მასზე, სამწუხარდ, გადათლილია.

ერთ–ერთი წარწერის ტექსტის ცნობით, სათხის ეკლესია აუშენებია ფარსმან ერისთავთა ერისთავს. იგი საისტორიო ლიტერტაურაში სავსებით სწორად გაიგივებულია ბაგრატ IV–ის (1027–1072 წწ.) დროის ცნობილ მოღვაწესთან ფარსმან თმოგველთან. ჯავახეთში ფარსმან ერისთავთა ერისთავის სახელი, სათხის გარდა, კიდევ ორ წარწერაში იხსენიება – ზედა თმოგვის ეკლესიის წარწერასა და მირაშხანის წარწერაში. ამ უკანასკნელის წარწერის ცნობით, ფარსმანი 1064 წლის ზაფხულში თურქ–სელჯუკთა სულტან ალფ–არსლანის შემოსევისას, ახალქალაქის ციხის გარემოცვის, აღებისა და გადაწვის დროს დაღუპულა. ზედა თმოგვის წარწერის ცნობით, ფარსმანის მამას იოვანე რქმევია და ისინი ჭიმჭიმელები ყოფილან. ჭიმჭიმელის ზედწოდებით იხსენიება კიდევ სხვა იოვანე, გიორგი III ი–სა და თამარის ეპოქის ცნობილი ფილოსოფოსი. ექ. თაყაიშვილის მიერ გამოცემული ერთი ცნობი, იოანე „იყო ნათესავით ქართუელი, სანახებითგან სამცხესა, დაბით ჭიმჭიმით“. მაშასადამე, ჭიმჭმი ანუ ჭირჭიმი, ამ ცნობით სამცხეშია.

სათხის სომხური ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათხის ქართულ ეკლესიას XIX საუკუნის 70–იან წლებში სამხრეთიდან მიუშენეს სომხური წმინდა დიდი ნერსეს ეკლესია. ქართული ეკლესიის სამხრეთი კედელი გამოიყენეს სომხური ეკლესიის ჩრდილოეთ კედლად, ე.ი. ორივე ეკლესიას ერთი საერთო კედელი ჰქონდა. ქართული ეკლესიისა სამხრეთი კედელი, როგორც სომხური ეკლესიისათვის უკვე შიდა კედელი, დაუფარავთ კირის სქელი ხსნარით. 1990 წლის გაზაფხულზე სომხური ეკლესიის სახურავი ჩრდილოეთ მხარეს ჩაინგრა, ამის შედეგად ნაწილობრივ გაშიშვლდა ქართული ეკლესიის სამხრეთი კედელი, ჩამოიშალა კირის სქელი ფენა, ზოგი ჩამორეცხა წვიმამაც და აქ დიდი ზომის ქვის ფილაზე, ამოკვეთილი აღმოჩნდა ნუსხახუცური დამწერლობით შესრულებული ვრცელი ქართული წარწერა 11 სტრიქონად.

წარწერის ტექსტი ასეთია:

ვიკიციტატა
„Ⴕგ(იორ)გ(ი) შ(ა)ზ(ე)ლ(ი)სძ(ე)სა და ძეთა ا მისთა შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ. დაიდვეს ا ორი დღე აღ(ა)პი, რომე ا არცა(!) ზედა (ა)შე და სეფ(ი)სკ(უ)ერი ا გამოვიდეს ბ(ა)რბ(ა)რობაი ا და მეორედ მოსვლაი. ა ا მა საყრ(ა)რსა შიგ(ა)ნ მყოاფმა ვერ(ა)ვინ და(ა)კლ(ო)ს წიاრვ(ა)ი. ჩ(უ)ენმა მომ(ა)ვალმან; اდა ვ(ი)ნცა და(ა)კლოს, კანონსა–მცა ქ(უ)ეშე არს; ამ(ე)ნ.“

წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XII–XIII საუკუნეებით თარიღდება. შესრულებულია ნუსხახუცური დამწერლობით განსხვავებით სხვა ასომთავრული წარწერებისაგან. შინაარსობრივად ეს წარწერა სააღაპეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. სილოგავა, სათხის წარწერები, ეპიგრაფიკა. ჯავახეთი, ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 127–135.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2009-12-29.