სათბობის ელემენტი

სათბობის ელემენტი — ელექტროქიმიური ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქიმიური ენერგიის (რეაგენტების — სათბობისა და მჟანგავის) უშუალო გარდაქმნას ელექტროენერგიად. სათბობის ელემენტის საფუძველია 2 ელექტროდი, რომლებიც გაყოფილია მყარი ან თხევადი ეელექტროლიტით. სათბობსა და მჟანგავს აწვდიან ელექტროდების მომიჯნავე ღრუებში. ელექტროლიტ-ელექტროდის გაყოფის ზედაპირზე კატალიზატორის მონაწილეობით ხდება დაჟანგვისა და აღდგენის რეაქციები, რის შედეგად წარმოიქმნება A- და B+ იონები დ გამოიყოფა (ან შთაინთქმება) Q სითბო. სათბობის ჟანგვის რეაქციის დროს გათავისუფლებული ელექტრონები ანოდზე ქმნის ჭარბ უარყოფით მუხტს, კათოდზე კი მჟანგავის აღდგენის რეაქციის შედეგად იქმნება ჭარბი დადებითი მუხტი. გარე წრედის შერთვის დროს მასში ჩნდება ელექტრული დენი. სათბობის ელემენტის სიმძლავრე აღწევს რამდენიმე ვატს.
სათბობის ელემენტი პერსპექტიული საშუალებაა. მისი გამოყენება შეიძლება კოსმოსურ ხომალდებში, წყალქვეშა ნავებსა და ლაბორატორიებში, ელექტრომობილებში. შესაძლებელია სათბობის ელემენტის რეაქციის პროდუქტების გამოყენება მაგალითად, წყალბად-ჟანგბადის სათბობის ელემენტში რეაქციის პროდუქტია წყალი, რომელიც კოსმოსურ ხომალდში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკიპაჟის საჭიროებისათვის, აგრეთვე ხომალდის თერმოსარეგულირებელ და საორიენტაციო სისტემებში. მზის ბატარეებთან შედარებით სათბობის ელემენტის უპირატესობაა წყლის გენერაციის უნარი. სათბობის ელემენტი კომპაქტური და საიმედოა. იგი პირველად გამოიყენეს ენერგოკვების საბორტო წყაროდ „ჯემინის“ პროგრამით გათვალისწინებული კოსმოსური ხომალდების ფრენისას. სათბობის ელემენტები, როგორც დენის წყარო, შეიძლება ფართოდ გავრცელდეს კავშირგაბმულობის დანადგარებში, რადიოსა და ტელევიზიის სატრანსლაციო სადგურებში, სასიგნალო მოწყობილობებში, მეტეოროლოგიურ სადგურებში და სხვაგან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 656.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 118.