სათავადო აზნაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათავადო აზნაური, თავადის ყმა-ვასალი XV-XVIII საუკუნეებში საქართველოში (ვასალიტეტი, როგორც ფეოდალური კლასის შინაგანი ორგანიზაციის ფორმა, ქართლსა და სამხრეთ საქართველოში ადრინდელი შუა საუკუნეებშივე წარმოიქმნა უფალ-მონობის სახელწოდებით). სათავადო აზნაური მემკვიდრეა IX-XIV საუკუნეების დიდებულის ვასალ-აზნაურისა (ისევე, როგორც ეს უკანასკნელი - ადრინდელი ფეოდალური ხანის დიდი აზნაურის ვასალის - მცირე აზნაურისა).

თავადსა და აზნაურს შორის პატრონ-ყმური (ე. ი. სენიორულ-ვასალური) დამოკიდებულების საფუძველი იყო სამამულე მფლობელობა: აზნაურის ყმა-მამული თავადის ყმა-მამულის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, ე. ი. საკუთრების უფლება სათავადო აზნაურის ყმა-მამულზე დანაწევრებული იყო თავადსა და აზნაურს შორის. სამამულე ურთიერთობა საფუძვლად ედო აზნაურის პირად დამოკიდებულებას თავადზე (თუმცა აზნაური იურიდიულად თავისუფალი იყო): ის ვალდებული იყო შეესრულებინა თავადის კარზე ან მის მამულში სხვადასხვა სამოხელო სამსახური (სახლთუხუცესის, ბოქაულთუხუცესის, ნაზირის, მოურავის და სხვა), აგრეთვე ხლებოდა მას როგორც მშვიდობიან დროს, ისე ლაშქრობაში. აზნაურის ყმა-მამულის შემოსავლიდან პატრონ-თავადი სხვადასხვა ფორმით იღებდა წილს (აზნაურისათვის ძრვნისა და შესაწევარის მირთმევის ვალდებულების დაკისრება ქორწილის ან სხვა რაიმე საგანგებო შემთხვევაში; აზნაურის ყმა გლეხების ექსპლუატაცია - მათზე თავადის სასარგებლოდ შრომითი ვალდებულებისა და ფულადი თუ ნატურალური გამოსაღების დაკისრება; აზნაურის ხლება თავისი ნუზლითა და აღწურვილობით, რაც აგრეთვე თავადის სასარგებლოდ ხარჯის გაღების ერთ-ერთი ფორმა იყო). მიუხედავად იმისა, რომ აზნაური პირადად თავისუფალი იყო (თავადს არ ჰქონდა უფლება აზნაურის დასახიჩრევა-მოკვლისა), თავადი ყოველნაირად ზღუდავდა ამ თავისუფლებას, ეწინააღმდეგებოდა მის წასვლას (თავადისაგან წასვლის შემთხვევაში აზნაურს ხელი უნდა აეღო თავის ყმა-მამულზე), ცდილობდა მიეთვისებინა მისი განსხვისების (გაყიდვა, გამზითვება) უფლება.

სათავადო აზნაურისა და მეფეს შორის თავადი იდგა, მაგრამ დამოუკიდებულება მეფესა და სათავადო აზნაურს შორის ბოლომდე მაინც არ გაწყვეტილა. ქართლისა და კახეთის მეფეები (ერეკლე I, ვახტანგ VI, ერეკლე II) ატიურად ერეოდნენ თავადისა და აზნაურის ურთიერთობაში და ხშირ შემთხვევაში ახორციელებდნენ სათავადო აზნაურზე თავის სენიორულ უფლებებს.

სათავადო აზნაურები, ისევე როგორც მთლიანად სათავადო ყმა-მამული, კუთვნილების მიხედვიღ 3 ჯგუფად იყოფოდნენ: სახასო (სათავადო სახლის საერთო საკუთრება), საუფლისწულო (თავადიშვილების საკუთრება), სათავისთავო (თავადიშვილის ოჯახის წევრების ინდივიდუალური საკუთრება).

სათავადო აზნაურები დიდი რაოდენობით იყვნენ ქართლისა და ლიხთ-იმერეთის სამეფოებში. კახეთის სამეფოში სათავადო აზნაურები XVIII საუკუნემდე წყაროებში თითქმის არ ჩანან (მცირე გამონაკლისის გარდა), XVIII საუკუნეშიც აქ სათავადო აზნაური შედარებით მცირე რაოდენობით არიან. თვით ქართლში და ლიხთ-იმერეთშიც ყვალა თავადს არ ჰყავდა ყმა აზნაური. 1783 წელს ტრაქტატზე დართული სიის მიხედვით ქართლის 38 თავადიდან მხოლოდ 21-ს ჰყავდა ყმა აზნაურები.

კახეთის შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ იქ სათავადო აზნაურობა არ ყოფილა, რომ კახეთის აზნაურობამ "ცენტრალური ხელისუფლების ხელის შეწყობით თავადებისაგან დამოუკიდებელი არსებობა ძირითადად შეინარჩუნა" (გ. აკოფაშვილი); სხვა თვალსაზრისით კახეთში იყვნენ როგორც სამეფო ისე სათავადო და საეკლესიო აზნაურები (გ. ჯამბურია).

აზნაურები ცდილობდნენ თავადების ყმობისაგან განთავისუფლებას (ეს ლტოლვა განსაკუთრებით გაძლიერდა XVIII საუკუნეში). ამის საფუძველზე დაიწყო შინაკლასობრივი ბრძოლა თავადებსა და აზნაურებს შორის. მაგრამ შუა საუკუნეების საქართველოში არ აღმოჩნდა ხელსაყრელი პირობები ვასილიტეტის მოშლისათვის. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ XIX საუკუნის I ნახევარში, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ. 1833 სათავადო აზნაურები გათავისუფლდნენ თავადების ყმობისაგან და ქართველ თავადებთაბ ერთად რუსეთის "დვორიანსტვოს" გაუთანაბრდნენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკოფაშვილი გ., სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან XV-XVIII საუკუნეები ქართლში (აზნაურთა ფენა), თბ., 1965;
  • მისივე, აზნაურთა ფენა XV-XVIII საუკუნეები კახეთში, «მაცნე», 1968, № 3;
  • ჯამბურია გ., სათავადოთა საკითხისათვის, კრ.,: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1970