სადგერის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სადგერის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში. თარიღდება XV საუკუნით.

ტაძარი ძლიერადაა გადაკეთებული: შელესილია კედელ-კამარები, რის გამოც შეცვლილია პროპორციები: შიდა სივრცე ფართო და გართხმულია. შესასვლელი ორია: დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ფასადების შემკულობას წარმოადგენს გრეხილი ლილვების საპირეები, რომლებიც გარს შემოუვლის ღიობებს და რელიეფები; ტაძარი დაგვირგვინებულია ქვისავე სადა ლავგარდნით. აღმოსავლეთის ფასადი შემკულია ერთი სარკმლით, რომელსაც გარს შემოუვლის გრეხილი ლილვებისაგან შემდგარი საპირე, მის ორივე მხარეს ყურძნის მტევნების რელიეფური გამოსახულებებია. დასავლეთის ფასადს შუაზე კვეთს ჰორიზონტალური სარტყელი. სამეტრიის ღერძზე კარი და სარკმელია განთავსებული. კარის შემკულობას წარმოადგენს გრეხილი ლილვების ორმაგი საპირე, რომელიც სცდება ღიობის ფარგლებს და მის თავზე სწორკუთხა „ტიმპანს“ შემოხაზავს.

სადგერის წმინდა გიორგის ეკლესია განთქმული სალოცავი იყო განვითარებულ შუა საუკუნეებში. სადგერი ამ დროს ხდება გარკვეული პოლიტიკური ერთეულის ცენტრი, სადაც შენდება წმ. გიორგის ეკლესია და ციხე. XVIII საუკუნეში დაზიანებული ეკლესია აღდგენილი იქნა მეფე ვახტანგ VI-ის მიერ. 1737 წლით დათარიღებულ, მეფისადმი მიძღვნილ ეპიტაფიაში აღნიშნულია, რომ მეფეს განუახლებია „სადგრის კამარა გებული“. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით:

ვიკიციტატა
„არამედ სადგერი არს მაგარი და შეუვალი, ეკლესია შემუსვრილი აღაშენა და შეამკო ხატი მისი ჟ-დ მეფემან ვახტანგ.“

ფასადებზე უსისტემოდ არის გაბნეული რელიეფური გამოსახულებები. ზოგიერთი მათგანი წმ. გიორგის ცხოვრების ციკლიდან აღებულ სიუჟეტზეა აგებული. სარკმლების ირგვლივ (გარდა სამხრეთი სარკმლისა), ყურძნის მტევნების რელიეფური გამოსახულებებია გაბნეული. გალავნის კედლები, რომელიც 2-3 მეტრითაა ზოგან შემორჩენილი, უხეშად თლილი ქვითაა ნაგები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., „XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება“, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11095