საგუნტის ალყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საგუნტის ალყა
მეორე პუნიკური ომის ნაწილი
Hannibal route of invasion - ka.svg
თარიღი ძვ. წ. 219
მდებარეობა საგუნტი, ესპანეთი
შედეგი ჰანიბალის გამარჯვება
მხარეები
კართაგენი საგუნტი
მეთაურები
ჰანიბალი უცნობია
ძალები
29 000 91 000
დანაკარგები
უცნობია უცნობია

საგუნტის ალყაკართაგენის ჯარების მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია საგუნტში (ესპანეთი), მეორე პუნიკური ომის დროს.

ვაკცეების ქალაქების ჰერმანდიკისა და არბოკალას აღების შემდეგ პირენეს ნახევარკუნძულზე მდინარე იბერის სამხრეთით არსებული ყველა ქალაქი და ტომი ჰანიბალს დაემორჩილა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ქალაქი საგუნტი (ამჟამად საგუნტო). ჰანიბალმა კარგად იცოდა, რომ საგუნტის საქმეებში ჩარევა რომთან დააპირისპირებდა, ვინაიდან ქალაქი რომაელთა მოკავშირე იყო. ამავე დროს, ჰანიბალის აზრით, სწორედ საგუნტი იყო საუკეთესო ასპარეზი რომთან ომის წამოსაწყებად. მიზნის მისაღწევად მიზეზის გამონახვა მარტივად შეიძლებოდა, თუმცა ჰანიბალმა საგნუტსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობის გამწვავება გადაწყვიტა. ყოველნაირად უწყობდა ხელს საგნუტელებისა და ტურდეტანებს შორის მტრობის გაღვივებას. პარალელურად ჰანიბალი ცდილობდა ნელ-ნელა დაეძაბა რომი-კართაგენის ურთიერთობა და ანტირომაულად განეწყო კართაგენის არისტოკრატიული ოლიგარქია. ჰანიბალმა კართაგენის სენატს აცნობა, რომ რომაელები აგულიანებდნენ იბერებს და კართაგენის საპირისპიროდ განაწყობდნენ. საბოლოოდ კართაგენის ხელისუფლებამ ჰანიბალს დაავალა საგუნტის მიმართ ისე ემოქმედა, როგორც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ[1].

ძვ. წ. 219 წელს, ჰანიბალის ბრძანებით, კართაგენის არმია ქალაქ საგუნტის მიმართულებით დაიძრა. ჰანიბალი სამი მხრიდან უტევდა ქალაქს, მაგრამ საგუნტის დამცველები ღირსეულად იგერიებდნენ მტრის თავდასხმას. ერთ-ერთი შეტაკების დროს ჰანიბალი დაიჭრა კიდეც. ახალი შეტევა უფრო მძაფრად დაიწყო ჰანიბალის გამოჯანმრთელების შემდეგ. საგნუტელებმა დახმარებისათვის ელჩები ჯერ კიდევ ძვ. წ. 220 წელს გააგზავნეს რომში, მაგრამ საგუნტის თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს[2]. რომში მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ საგუნტის საკითხით, როდესაც გაიგეს, რომ ქალაქი ალყაში იყო მოქცეული. სენატმა დიპლომატიური გზით სცადა პრობლემის მოგვარება და ჰანიბალთან ელჩობა გააგზავნა. რომის წარმომადგენლები გამოცხადნენ ესპანეთში, მაგრამ საგუნტის ალყით გართულმა ჰანიბალმა ისინი არ მიიღო[3]. ამის შემდეგ განაწყენებული ელჩები კართაგენში გაეშურნენ. რომაელებმა კართაგენის სენატს მოსთხვეს შეეწყვიტათ საომარი მოქმედება საგუნტის წინააღმდეგ და ჰანიბალი დაესაჯათ. მიუხედავად ანტიბარკისტული პარტიის გაძლიერებისა, კართაგენის სენატმა ომის შეწყვეტაზე და ჰანიბალის დასჯაზე უარი განაცხადა. ელჩები გაწბილებულები დაბრუნდნენ. რვათვიანი ალყის შემდეგ ქალაქი საგუნტი დაეცა[4]. ჰანიბალის ბრძანების თანახმად მამრობითი სქესის ყველა მოზარდი ამოხოცეს, ქალები და ბავშვები ტყვედ ჩაიგდეს, ხოლო საგუნტის ტერიტორიაზე დაასახლეს ფინიკიელი კოლონისტები[5].

საგუნტის დაცემის შემდეგ, რომმა კვლავ გაგზავნა მისია კართაგენში და დაავალა ჰანიბალის დაუსჯელობის შემთხვევაში ომი გამოეცხადებინათ. ელჩებმა თავიანთი პრეტენზიები წარუდგინეს კართაგენის სენატს. ბუნებრივია, კართაგენელები არ აპირებდნენ ჰანიბალის დასჯას. ელჩობამ დავალებისამებრ ომი გამუცხადა კართაგენს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქავთარია გ. ჰანიბალი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 62, თბ., 1979

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]