საგვარჯილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგვარჯილე — კარსტრული მღვიმე იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ ძევრის მახლობლად, მდინარე შავიწყლს ხეობაში, 220 სიმაღლეზე[1]. გამომუშავებულია ზედა ცარცულ კირქვებში. ეხის ტიპის სიღრუეა (სიგრძე 13 მ, სიგანე 37 მ, სიმაღლე 20 მ).

საგვარჯილე მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია. მის წინ, მეობის მარჯვენა მხრეს, მრავალი მცირე ზომის კარსტრული მღვიმე და ეხია, რომელთა ნაწილს ფეოდალურ ხანაში სამალავებად იყენებდნენ. საგვარჯილე გათხარეს 1951–1952 წლებში (ხელმძღვანელი ნ. ზ. ბერძენიშვილი). სტრატიგრაფიულ ჭრილში ფიქსირებულია 12 ფენა; ზედა პალეოლითის, ნეოლითის, ენეოლითის, ადრინდელი ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის საერთო სიმძლავრეა 13 მ სტერილური შრეებით ერთმანეთისაგან გამოყოფილია პალეოლითური ხანის 5 ფენა. ქვედა ფენაში აღმოჩნდა ზედაპალეოლითური ხანის ქვის ნაწარმი, შუაპალეოლითური (მუსტიეს ეპოქის) წვეტანები და სახოკები. მომდევნო 4 ფენა შეიცავდა ზედა პალეოლითის სხვადასხვა საფეხურისათვის დამახასიათებელ ნივთებს (ზღვის ლოკოკინებისაგან დამზადებული ყელსაბამი; გეომეტრული ორნამეტრით შემკული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული წერტილოვანი ნაჭდევებით შენკული საკიდი — ავგაროზები, ცხოველთა გახვრეტილი კბილები და სხვა).

ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ფენებში ნაპოვნია ირმის რქისგან დამზადებული თოხისნაირი იარაღი, ძვლის ჭვილთი, ანკესი, ნემსები, სადგისები და სხვა. მრავლადაა კაჟის ქვის ნაკეთობანი (სხვადასხვა ტიპის ისრისპირები და შუბისპირები, ქვის გახეხილ-გაპრიალებული იარაღი, სამაჯურები, კერამიკური ნაწარმი და სხვა).

ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს მასალა დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, დანარჩენი — ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგარაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტინტილოზოვი ზ., თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 613-614.
  • „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 37-38.
  • გრძელიშვილი ი., „საგვარჯილეს“ სტრატიგრაფიისათვის, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1953, ტ. 14, № 9;
  • თუშაბრამიშვილი დ., ნებიერიძე ლ., საქართველოს ზოგიერთი ნეოლითური ძეგლის დათარიღებისათვის, «მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1971, № 4;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]