საბუის წმინდა შიოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბუეს წმინდა შიოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს სამხრეთით, სასაფლაოზე. თარიღდება VI საუკუნით.

ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა (15,5x12,6 მ). ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. მოგვიანებით განახლებული და შეკეთებული ნაწილები კვადრატული აგურისაა. შენობის გეგმის სწორკუთხედში მოქცეულია სამი სადგომი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ. შენობის დასავლეთ ნაწილში დერეფანია, რომელიც გვერდით ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებს. ძეგლი ძლიერ იყო დაზიანებული. ჩამონგრეული იყო მთავარი ეკლესიის კამარა და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხრეთ ეკლესიისა და დასავლეთ გარშემოსასვლელის გადახურვა. დანგრეული იყო მთავარი ეკლესიის სამხრეთ კედლის დასავლეთი ნაწილი და სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედელი. 1988 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნომ (პროექტის ავტორი, არქიტექტორ-რესტავრატორი ზ. ქუფარაშვილი). აღდგა მთავარი ეკლესიის კამარა და კედლების დანგრეული ნაწილები, მოიხსნა გვიანდელი დანამატები, დაკონსერვდა სამხრეთ ეკლესიისა და დასავლეთ გარშემოსავლების შემორენილი კედლები; მთავარი და ჩრდილოეთ ეკლესია და სამხრეთ ეკლესიის აღმოსავლეთ ბოლო გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. მთავარი ეკლესიის შესასვლელები სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია. ორივე კარი გარედან, უსწორო ფორმის ლოდით, თარაზულადაა გადახურული, ხოლო შიგნიდან - შირიმით ნაწყობი ნალისებრი თაღით. საკურთხევლის აფსიდი გეგმით ნალისებრი ფორმისაა. მკვეთრად გამოხატული ნალისებრი ფორმა ჰქონდა კონქის თაღსაც (შემორჩენილი იყო ორივე დროს, კონქი აგურით განუახლებიათ და იგი მნიშვნელოვნად დაუდაბლებიათ. თაღის ქუსლებთან, კედლიდან ოდნავ შვერილი, თხელი ქვის, თაროსებრი იმპოსტებია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომელსაც შიგნიდან თარაზული გადახურვა აქვს. გარედან კი გადახურულია შირიმის ქვაში გამოკვეთილი თაღით. საკურთხევლის სარკმლის გარდა, მთავარი ეკლ. სამხრეთ კედელში მოწყობილი ორი სარკმლითაც ნათდებოდა. ორივე შიგნიდან თარაზულადაა გადახურული. მათგან აღმოსავლეთით მდებარე სარკმელს გარედან შემორჩენილი ჰქონდა ზედა ქვა, რომელშიც ნალისებრი თაღია გამოკვეთილი. თაღს ირგვლივ ევლება ჰორიზონტალურბოლოებიანი ვიწრო ლილვი, რომელსაც წვეროზე ადგა პატარა, ბოლოებგაფართოებული ჯვარი. ჯვრის მარცხნივ, იმავე ქვაზე, ასომთავრულით შესრულებული, დაქარაგმებული წარწერაა (,,ქრისტე სტეფანეი შეიწყალე“), რომელშიც ეკლესიის მშენებელია მოხსენიებული.მთავარი ეკლესია გადახურული იყო ერთიანი კამარით - საბჯენი თაღების გარეშე. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია გეგმით სწორკუთხა და დადაბლებული კამარით გადახურული, პატარა სათავსი, რომელიც სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. სათავსში შესასვლელი მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოშია - აფსიდთან. კარი ორივე მხრიდან სწორკუთხაა.

სათავსის აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, შიგნიდან სწორკუთხა, გარედან კი ნალისებრთაღიანი სარკმელია გაჭრილი. მის ქვემოთ დგას მოგვიანებით აგებული კუბური ფორმის ტრაპეზი. სამხრ. და ჩრდ. კედლებში თითო მცირე, სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთ ეკლესიის აღმოსავლეთ ბოლოში ნახევარწრიული აფსიდია, რომელსაც აქვს ბრტყელი კონქი და ბრტყლად გადახურული ვიწრო სარკმელი. ეკლესიის დანარჩენი სივრცე გადახურული იყო დადაბლებული კამარით. მისი ჩრდილოეთ ქუსლი დაყრდნობილი იყო მთავარი ეკლესიის სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზე მოწყობილ საფეხურზე, რომელიც შექმნილია კედლის ზედა ნაწილის შეთხელებით. ეს საფეხური მოჩანს გარედანაც, აღმოსავლეთ ფასადზე, რადგან მთავარი და სამხრეთ ეკლესიების კედლები ერთმანეთს არ ებმის. ჩრდილოეთ ეკლესია მოგრძო და უსარკმლო კორიდორია, აღმოსავლეთით დასრულებულია ყრუ კედლით. მოგვიანებით, გადაკეთების დროს, ჩრდილოეთ ეკლესიის დასავლეთ გარშემოსასვლელისგან გაუმიჯნავთ მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზე აგებული აგურის კედლით (მოიხსნა რესტავრაციის დროს). რომელშიც ვიწრო, სწორკუთხა კარი იყო დატანებული. დასავლეთ გარშემოსასვლელს დასავლეთ კედელში მოწყობილი ჰქონდა სამმალიანი თაღოვანი შესასვლელი (შემორჩენილია მხოლოდ სწორკუთხა ბოძები), რომლებიც რამდენადმე ჩრდილოეთითაა გადაადგილებული (შესაძლოა, ჩრდილოეთ ეკლსიის უკეთ განათების მიზნით). კამარა, სამხრეთ ეკლესიის მსგავსად, აქაც მთავარი ეკლესიის კედელზე მოწყობილ საფეხურს ეყრდნობოდა. ეკლესიის ფასადები დასრულებული იყო გვიანდ, ხერხულა ლავგარდნით. რესტავრაციის დროს, ანალოგიებზე დაყრდნობით, ეკლესიას გაუკეთდა შირიმის თაროსებრი ლავგარდანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]