რუხი ყვავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუხი ყვავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Corvus cornix (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22706016
გავრცელება

რუხი ყვავი[1] (ლათ. Corvus cornix) — ფრინველი ყორნისებრთა ოჯახისა.

მისი სხეულის სიგრძეა 44–51 სმ, მასა 440–740 გრამი, ფრთის შლილი 84–100 სმ. მამალი ზომით მცირედ აღემატება დედალს. თავი, ყელი, ჩიჩახვი, ფრთები და ბოლო შავია, დანარჩენი ადგილები ნაცარა-რუხი. ფრთებსა და ბოლოზე ლითონისებრი ბზინვარება დასდევს. ნისკარტი და ფეხები შავია. თვალები მუქი ყავისფერი. ბოლო მომრგვალებულია. სქესობრივი დიმორფიზმი არ არის გამოხატული. ზოგჯერ გვხვდება გარდამავალი შეფერილობის ნაჯვარი ინდივიდები რუხ და შავ ყვავს შორის. მიწაზე კარგად დადის; ფრენს მსუბუქად, ფრთების ხშირი მოქნევით. გამოირჩევა მაღალი ინტელექტით.[2]

გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და აზიის ზოგიერთ რაიონში (მ. შ. დასავლეთ ციმბირში); საქართველოში ბინადრობს და ფართოდაა გავრცელებული.[1] სხვადასხვა ადგილებში მკვიდრი და მომთაბარე ფრინველია, ჩრდილოეთში — გადამფრენი. ზამთარში ძირითადად ქალაქებსა და სოფლებში კონცენტრირდებიან. ბინადრობს სხვადასხვა ტიპის ტყისპირებში, მდინარეთა ხეობებში, ადამიანთა სამოსახლოებში. უპირატესობას ანიჭებს ჭალებსა და მოზაიკურ ლანდშაფტებს. გამრავლების პერიოდში წყვილებად არიან, დანარჩენ დროს — ჯგუფებად და გუნდებად.[2]

სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევს. მონოგამური ფრინველია. ბუდეს ხეზე, კლდეზე, ელექტროგადამცემი ხაზის ბოძებზე ან ადამიანების ნაგებობებზე აგებს; სამშენებლო მასალად იყენებს ტოტებს, დასახლებულ პუნქტებში შესაძლოა სხვა მასალაც გამოიყენოს. დედალი დებს 3–7 მომწვანო-ცისფერ მურალაქებდაყრილ კვერცხს. ძირითადად დედალი კრუხობს 19–22 დღის განმავლობაში, ამ დროს მამალი მას კვებავს. ერთი თვის ბარტყები ბუდეს ტოვებენ. ამის შემდეგ ველებზე, მდელოებზე, ჭალებში იმყოფებიან, შემოდგომაზე იკრიბებიან გუნდებად. ყოვლისმჭამელია, იკვებება უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველებით, თესლებით, კენკრით, ნაყოფებით, ლეშითა და საკვების ნარჩენებით.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 634.
  2. 2.0 2.1 2.2 რუხი ყვავი. ПТИЦЫ ЕВРОПЫ (ქართ. ევროპის ფრინველები). ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2020.