რუხი მემინდვრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუხი მემინდვრია

ჩვეულებრივი მემინდვრია (M. arvalis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  ზაზუნასებრნი
ქვეოჯახი:  მემინდვრიები
გვარი:  რუხი მემინდვრია
ლათინური სახელი
Microtus (Schrank, 1798)

რუხი მემინდვრია[1] (ლათ. Microtus) — ძუძუმწოვართა გვარი ზაზუნასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძეა 11–20 სმ, კუდისა — 1,5–9,5 სმ. ტანი თითისტარისებრია, კუდი მოკლე, ყურები და თვალები პატარა. თმის საფარი მაღალი, ხშირი და რბილია. ზურგი ძირითადად შეფერილია მორუხო-ყავისფრად, მუქად, მუცელი უფრო ღიაა. ცნობილია 8 ქვეგვარის 60-მდე სახეობა. სისტემატიკა ბოლომდე გარკვეული არ არის.[2]

გავრცელებული არიან ძველ და ახალ სამყაროშიჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის საზღვრებიდან ტროპიკული ზონის ჩრდილოეთ ნაწილამდე. მთებში ადიან ზღვის დონიდან 4500 მეტრამდე. უპირატესობას ანიჭებენ ტენიან ველებს ან ნახევრად დაჭაობებულ უბნებს. რამდენიმე სახეობა ბინადრობს განვითარებული ბალახოვანი საფრის მქონე ნათელ ტყეებში, არიან მშრალ სტეპებში ცხოვრებასთან ადაპტირებული სახეობებიც. მრავალი მემინდვრია ეტანება აგროცენოზს, საძოვრებს, მდელოებს, ბაღებს, მინდვრებსა და ბოსტნებს. ტიპური წარმომადგენლებია: ჩვეულებრივი მემინდვრია (M. arvalis), ეკონომიური მემინდვრია (M. oeconomus), საზოგადოებრივი მემინდვრია (M. cocealis).[2]

აქტიურები არიან დღისით, ღამით ან დღე-ღამურად. ახასიათებთ კოლონიები. თხრიან რთულ სოროებს ან სოროთა სისტემებს რამდენიმე (2–3) ან მრავალრიცხოვანი (300-მდე) ამოსასვლელით; აწყობენ საბუდარ კამერებსა და საწყობებს. იკვებებიან უპირატესად მცენარეთა მწვანე ნაწილებით, იშვიათად ქერქით, თესლებით, კენკრით. წელიწადში იძლევიან 3–4 (ზოგჯერ 7-მდე) თაობას, თითო დაყრაზე შობენ 5–6 ნაშიერს. სქესობრივ სიმწიფეს 1–2 თვეში აღწევენ. რიგი სახეობებისათვის დამახასიათებელია რიცხოვნობის მკვეთრი მერყეობა — პრაქტიკულად სრულად გაქრობიდან რამდენიმე ასეულ ინდივიდამდე 1 ჰექტარ ფართობზე.[2]

წარმოადგენენ ბეწვის მხრივ საინტერესო მტაცებელი ცხოველების ძირითად საკვებს. მათი მთხრელი საქმიანობა უზრუნველყოფს ნიადაგის დრენაჟსა და აერაციას, ხელს უწყობს ნაყოფიერების ამაღლებას. არქტიკაში, ლემინგებთან ერთად, მემინდვრიების რაოდენობა განსაზღვრავს მთლიანი ბიოტის ცხოვრების რიტმს. აგროცენოზებში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლიათ კულტურული მცენარეების მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილების განადგურებით, ახალგაზრდა ხეების ქერქის შემოღრღნით. ბევრი სახეობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანისათვის საშიში დაავადებების გავრცელებაში, მ.შ. ტულარემიის, ლეპტოსპიროზის, ჭირის.[2]

რიგი მცირეარეალიანი სახეობები შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში, აქვთ მოწყვლადი მდგომარეობის სტატუსი, ბავარიული მემინდვრიას (M. bavaricus) მდგომარეობა კრიტიკულად მიიჩნევა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Microtus — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Щипанов Н. А. Серые полёвки // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 105.