შინაარსზე გადასვლა

რუსუდანის მონეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსუდანის მონეტები

რუსუდანის მონეტები, საქართველოს მეფის რუსუდანის სახელით მოჭრილი სპილენძისა და ვერცხლის მონეტები. სპილენძის მონეტების წონა სხვადასხვაა. შუბლზე ასომთავრულით გამოსახულია რუსუდანის დაქარაგმებული სახელი. მის გარშემო ორნამენტული სახის წნულია, რომლის ხვეულებში მხედრულით და მთავრულით წერია რუსუდანის სახელი. იქვე დაქარაგმებული მხედრულით აღნიშნულია — ქორონიკონსა 447 (1227). ზურგზე ოთხსტრიქონიანი არაბული ლეგენდა: „დედოფალი მეფეთა და დედოფალთა, დიდება ქვეყნისა, სამეფოსა და სარწმუნოებისა რუსუდან, ასული თამარისა, მესიის თაყვანისმცემელი. განადიდებს ღმერთი ძლევას მისას“ რუსუდანის ვერცხლის მონეტები 3 ტიპისაა და ორ ნომინალად (დრამად და ნახევარდრამად) იყოფა: I ტიპის დრაპის შუბლზე მოთავსებულია მაცხოვრის წელზევითი გამოსახულება. გვერდებზე ბერძნულად აწერია „იესო ქრისტე“, გარშემო ასომთავრულით — „სახელითა ღვთისათა იჭედა ქორონიკონსა 450“ (1230). ზურგზე — ორნამენტული ჩარჩო გადაბრუნებულ შუბისპირს მოგვაგონებს. მის შიგნით წერია რუსუდანი, გარშემო არაბულად — „დედოფალი დედოფალთა, დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, რუსუდან, ასული თამარისა, მესიის თაყვანისმცემელი“. — II ტიპის ვერცხლის მონეტის წონაა 2,50 გ. შუბლზე გამოსახულია მაცხოვარი. რუსუდანის შარავანდედის გარშემო ლეგენდაა: „სახელითა“ ღვთისათა იჭედა ვერცხლი ქორონიკონსა 450“ (1230), ზურგზე — შუბისპირის მსგავსი ორნამენტული ჩარჩო, გარშემო — I ტიპის მონეტისნაირნი ზედწერილი და ასომთავრულით — რუსუდანის სახელი.

  • ბარნაველი თ., ფიგურული ნიშნები განვითარებული შუასაუკუნეების ქართულ მონეტებზე «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1974, № 3;
  • დუნდუა გ., ქსე, ტ. 8, გვ. 516, თბ., 1984