შინაარსზე გადასვლა

რუსთავი (ანსამბლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსთავი (მრავალმნიშვნელოვანი).
ანსამბლი რუსთავი

„რუსთავი“ — ანსამბლი, რომელიც დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად 1968 წელს. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.

ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. „რუსთავის“ ყოველ წევრს აქვს ძალზე დიდი შემოქმედებითი დატვირთვა. ქართული ხალხური სიმღერის სტრუქტურა განაპირობებს ანსამბლის წევრთა შემოქმედებით თანასწორუფლებიანობას, რაც თითოეული მომღერლისაგან მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, ოსტატობასა და საშემსრულებლო კულტურას.

როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილისა და მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის ხედვაა ანსამბლმა შეინარჩუნოს ეთნოგრაფიული გუნდის ფორმა და სტრუქტურა, ამავე დროს გადალახოს კუთხური კარჩაკეტილობა. ამ ხედვის შედეგია, რომ ანსამბლი საფუძვლიანად დაეუფლა მრავალდიალექტიანი ქართული მუსიკალური ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის სტილსა თუ ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, რითაც აკადემიური საგუნდო კოლექტივის თვისებები შეიძინა.

ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]