რუსთავის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსთავის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სამხრეთი მინაშენით, როგორც გარედან ისე შიგნით აგებულია ადგილობრივი ჯიშის ღია მოყვითალო ფერის ქვის უხეშად დამუშავებული კვადრებით.

ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა ცენტრში ვიწრო სწორკუთხა სარკმლით. აბსიდს სამხრეთით და ჩრდილოეთით ორი სწორკუთხა ნიშა აქვს. ცენტრში კედელზე მიდგმულია ტრაპეზი. აბსიდის მხრები ორსაფეხურიანია. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია ქვისაგან აშენებული და შელესილი მასიური კანკელით. კანკელი 160 სმ-ის სიმაღლისაა, მის სამხრეთ და ჩრდილოეთ კუთხეებში სწორკუთხა ნიშებია. აბსიდის კონქი სფერულია.

ცილინდრული კამარისაგან გადარჩენილია აღმოსავლეთი ნახევარი. გრძივი კედლების ცენტრებში მძლავრი პილასტრებია. დასავლეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში არქიტრავული შესასვლელია. მეორე შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთშია გაჭრილი. მას გარედანაც და შიგნიდანაც ნალისებრი თაღები, შუაში კი განიერი არქიტრავი აქვს.

მთავარ დარბაზს სამხრეთიდან მიდგმული ჰქონდა მინაშენი. მისგან გადარჩენილია სამხრეთ-დასავლეთი კუთხე და საძირკველი. სამხრეთი ფასადის ცენტრიდან ოდნავ აღმოსავლეთით, კედელში ჩატანებულია კრონშტეინი. სამხრეთ მინაშენს შესასვლელი დასავლეთის კედელში ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 155-156