რუისპირის ციხისჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისპირის ციხისჯვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ რუისპირის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას, იგრიაანთ უბანში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. ეკლესიაში მცირე ზომის სამლოცველოა.

ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვით ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, კარი შეისრულთაღოვანია, გამოყვანილია კვადრატული აგურით, თაღი გარედან ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, ხერხულა ფრიზით დასრულებულ სწორკუთხა არეში შიგნიდან შესასვლელი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, დარბაზის იატაკის მიმართ ოციოდე სანტიმეტრით შემაღლებული, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში ვიწრო, მაღალი, შეისრულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის აქეთ-იქით თითო ნიშაა. სამხრეთით მდებარე ნიშა სწორკუთხაა, მცირე ზომის, ჩრდილოეთით მდებარე კი _ მოზრდილია, შეისრულთაღოვანი. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიბჯენილი, ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას, საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნულია აგურის კანკელით, რომლის შუაში შეისრულთაღოვანი კარია. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში მცირე სწორკუთხა ნიშაა იატაკზე დაგებული კვადრატული აგური. შიგნით ეკლესია შელესილია, გადახურულია შეისრული კამარით, მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც.

2010 წელს, სოფლის მკვიდრის დ. სეხნიაშვილის დაფინანსებით, ეკლესია შეაკეთეს აღადგინეს საპირე წყობის ზედა, ჩამოშლილი ნაწილები და ლავგარდანი, რომლის მცირე მონაკვეთები აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე იყო შემორჩენილი ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]