რუისპირის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისპირის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ზემოთ, მდინარე თურდოს მარცხენა მაღალ ნაპირზე. ნასოფლარ არტოზანის ტერიტორიაზე, თარიღდება VI-VII საუკუნეებით.

არტოზანთან დაკავშირებულია ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანის — წმინდა შიოს მოღვაწეობა. წყაროებით ცნობილია რომ იგი მცხეთის ახლოს მღვიმეში დასახლებამდე, არტოზანში მოღვაწეობდა, ხოლო წმინდა ანტონ მარტყოფელმა, დატოვა რა წმინდა იოანე ზედაზნელი, გაემგზავრა კახეთში და განდგომილი ცხოვრება გაატარა ჯერ წმინდა იოანეს ცალკეულ მოწაფეებთან — იყალთოსა და ალავერდში, და ბოლოს, მდინარე ლოპოტის ხეობაში, საიდანაც გადავიდა და საბოლოოდ დამკვიდრდა მარტყოფში.

ძეგლი სამ ეკლესიანი ბაზილიკაა, გარე შესასვლელით სამი მხრიდან ნაგებია მოზრდილი ზომის, რიყის ქვით და კირის დუღაბით. ქვა მეტ-ნაკლებად შერჩეულია და დაწყობილია ჰორიზონტალურ რიგებად მთავარი ეკლესიის გარეთა კუთხეები, კარ-სარკმლების ღიობები და კონსტრაქტული ელემენტების დიდი ნაწილი ნაწყობია კარგად გათლილი, შირიმის ქვით კედლების ზედაპირი გასწორებულია კირის ბათქაშით, რომელიც საპერანგე ქვების ზედაპირის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. შიგნითა კედლების წყობის წესიერება დარღვეულია, როგორც შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს, შიგნით, მთავარი ეკლესიის კედლები შელესილი ყოფილა.ეკლესიას მთავარი შესასვლელი — ორ კვადრატულ ბოძზე დაყრდნობილი, სამმალიანი თაღების სახით — სამხრეთიდან ჰქონდა, თავად მთავარ ეკლესიას სამი, მაღალი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სამივე შიგნიდან ნალისებრი თაღითაა დასრულებულია, ხოლო გარედან — ოდნავ კვერცხისებრი ფორმის თაღით. გარეთა თაღების ქუსლები კედლის სისქეში ოდნავ არის შეწეული და წირთხლებზე მცირე საფეხური იქმნება. მთავარი ეკლესია აზიდულ პროპორციებშია გადაწყვეტილი. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია გეგმით ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც ეკლესიის იატაკის მიმართ ორი საფეხურით არის შემაღლებული და დარბაზისგან მოგვიანებით აგებული, რიყის ქვით ნაშენი კანკელით იყო გამიჯნული — აღსავლის კარით შუაში. აფსიდის ცენტრში გაჭრილია ზემოთკენ ოდნავ დავიწროვებული, ნახევარწრის მოყვანილობის თაღით დასრულებული სარკმელი. სარკმლის ღიობი, გარედან, შირიმის ქვებითაა გამოყვანილი და შირიმის მთლიან ქვაშივე გამოკვეთილი, ნახევარწრიული ფორმის თაღი ხურავს აფსიდში. სარკმლის ორივე მხარეს, თითო, მცირე ნიშაა. მათ შორის სამხრეთით მდებარე, ოთხკუთხაა, ჩრდილოეთით მდებარე კი — თაღოვანი. ამ უკანასკნელი თავზე რელიეფური წარბია, რომელსაც ბოლოებში მოკლე ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. აფსიდის შუაში იდგა ოთხწახნაგა ტრაპეზი. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღი ოდნავ ნალისებრი მოყვანილობისაა. იგი დაყრდნობილია შირიმის თხელ იმპოსტებზე, რომელთა პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. თაღის ზემოთ, შირიმის, ტლანქად დამუშავებული ქვებით ნაწყობი, ოციოდე სანტიმეტრით გადმოშვერილი შვეული „შუბლია“, რომლის უკან, კონქის თავზე, სიცარიელე იქმნებოდა. შესაძლოა იგი სამალავადაც გამოიყენებოდა, თუმცა, მასში ასასვლელი არსად არ ჩანს. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებზე გადაყვანილი, სამ-სამი ვიწრო, უჩვეულოდ მაღალი, ნახევარწრიული თაღით, რომელთა წვერი კონის თაღის წვერთან ერთ დონეზეა. თაღების ქუსლებთან გამოყოფილია თაროსებრი იმპოსტები პილასტრების წინა საფეხური კამარის საბჯენი თაღების საყრდენია. თითო პილასტრი დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათზე დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღია გადაყვანილი თაღებიც და კამარაც წერილი ქვებითაა ნაწყობი, განსხვავებულია წყობის ხასიათიც. შიდა სივრცეს კიდევ ექვსი მაღალი, თარაზულად გადახურული სარკმელი აშუქებს. ექვსივე გრძივ კედლებშია გაჭრილი. კედლის თაღების ზედა ნაწილში — სამი სამხრეთით და სამი ჩრდილოეთით დასავლეთით მდებარე სარკმლები, მოგვიანებით, სანახევროდ ამოუშენებიათ ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში თარაზულად გადახურული კარია, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოწყობილ, მცირე სათავსში გადის იგი უაფსიდოა გადახურულია ცილინდრული კამარით და მთავარ ეკლესიას წყობით ებმის. სათავსი განათებულია აღმოსავლეთ კედელში მოწყობილი, სწორკუთხა სარკმლით, რომლის ქვემოთ დგას ნაშენი, ოთხწახნაგა ტრაპეზი სამხრეთ კედელში მცირე სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთ ეკლესიის ერთიანი, ვიწრო დერეფანი რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომლის შუაში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. აფსიდი გადახურულია კონქით. აფსიდის წინ შემორჩენილია კამარის მცირე მონაკვეთი რომელიც ისევე როგორც თავად აფსიდი, მთავარი ეკლესიის კორპუსთან წყობითაა დაკავშირებული. აქ კამარა შეწყვეტილია და მთავარი ეკლესიის კედლის დანარჩენ ნაწილზე სამი კვადრატული ფოსოა, რომლებიც სამხრეთ ეკლესიის სახურავის დონეზეა განლაგებული ერთი — კამარის შემორჩენილი ნაწილის ბოლოშია, მეორე — შესასვლელის აღმოსავლეთ გვერდის გასწვრივ. მესამე — კედლის დასავლეთ კიდესთან ანალოგიური ორ-ორი ფოსოა დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეც. ფოსოები ხის გადახურვის ძელების ჩასადგმელი უნდა ყოფილიყო.

ჩრდილოეთ ეკლესიის აფსიდიც ნახევარწრიული ფორმისაა — უსარკმლო. გამოყვანილია სამკვეთლოს დასავლეთ კედლის სისქეში. აფსიდი გადახურული იყო შირიმის, ნათალი ქვით ნაწყობი კონქვით. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლიდან მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი და მისი თავდაპირველი არქიტექტურული გადაწყვეტა არ ირკვევა შენობის ფასადები სადაა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის გადამხურავ ქვაზე, გამოყვანილია რელიეფური არქივოლტი — მცირე, ჰორიზონტალური გადანაკეცებით ბოლოებში მოგვიანებით ჩატარებული გადაკეთების შედეგი იყოს ის ფაქტიც, რომ გარშემოსავლელის უმეტესი ნაწილი კამარის გარეშეა დარჩენილი. საყურადღებოა ისიც, რომ მთავარი ეკლესიის სამივე შესასვლელის კამარის შემორჩენილი ნაწილის ქუსლის დონეზე მაღლაა მოქცეული, რაც ნაკლებად სარწმუნოს ხდის იმ თვალსაზრისს, რომ შესასვლელების თაღები თავდაპირველია. სავარაუდო რომ აქ ორ, ქრონოლოგიურ ეტაპთან გვაქვს საქმე.დასაშვებია, რომ თავდაპირველად სამივე კარი გარედან თარაზულად იყო გადახურული ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი ეკლესიის აგებიდან მოკლე დროში განხორციელებული, საფუძვლიანი გადაკეთების დროსაა აგებული. ამ ვარაუდს აძლიერებს სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელების თაღების სოფიტებზე ნალესობის შემორჩენილი ნაშთები. გარდა ამისა, მთავარი ეკლესიის გარეთა კედლების სიგრძეზე, ძირითადად, იმ ადგილებში სადაც გარშემოსავლელის კამარა მთავარი ეკლესიის კედელთან უნდა ყოფილიყო შეზრდილი. კედლის ზედაპირის გასწორების მიზნით. განსხვავებული ფერის დუღაბია გამოყენებული. შესასვლელების გარეთა გადახურვის მსგავსად, თავდაპირველი არც მთავარი საკურთხევლის კონქის თავზე აყვანილი ,,შუბლი“ ჩანს. გარშემოსავლელის გადახურვის თავდაპირველი ფორმების შესახებ არსებობს განსხვავებული თვალსაზრისიც რომლის მიხედვითაც კამარა მთავარი ეკლესიის შესაბამისს კედელზე მიბჯენილ თაღებს ეყრდნობოდა. 1960-იან წლებში ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია არქეოლოგიურად შეისწავლა იაე ინტმა. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან ახლოს გაითხარა თანადროული, რიყის ქვით ნაშენი, აღმოსავლეთ-დასავლეთ-ის მიმართულებით წაგრძელებული, საცხოვრებელი შენობა, რომლისთვისაც შუა საუკუნეებში სვეტებიანი ნაგებობა მიუშენებიათ, გვიანდელ შუა საუკუნეებში კი, ზემოდან, მეორე სართული დაუშენებიათ, ხოლო ქვედა — მარნად გადაუკეთებიათ. პირველი სართულის ინტერიერის გაწმენდის შემდეგ, ჩრდილოეთ კედელზე, გამოჩნდა ერთმანეთისგან არათანაბარი მანძილებით დაშორებული სამი, მძლავრი პილასტრი და განიერი კარი. მარანში, აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლების გასწვრივ, რიყის ქვით ნაშენი, კირის წმინდა ბათქაშით შელესილი, სამი საწნახელი მათ შორის მთავარი სამხრეთ კედელზე მიშენებული საწნახელია, რომლის ფსკერი გვერდებიდან ცენტრისკენაა დაქანებული ფსკერში ორი, კერამ ღარია ჩატანებული, რომლებიც ცენტრში ერთმანეთს უერთდება, აქედან კი, თიხის კერამ. მილით, სითხე გარეთ გამოდის. საწნახლის გვერდებზე თითო, კვადრატული აუზია რომლებსაც სითხის სადინარი არ გააჩნია. აღმოსავლეთ და დასავლეთ საწნახლები, დარბაზის მთავარი ნაწილისგან, კედლებით იყო გამოყოფილი. მათი მილ-სადინრები გადიოდა დარბაზის ჩრდილოეთ კედლის გარეთ, ნახევრად ღია ფარდულში, სადაც ქვევრები იყო ჩაფლული გათხრების შედეგად აღმოჩენილ, კერამიკულ მასალაში ჭარბობს გვიანდელი შუა საუკუნეების თიხის ჭურჭელი. მხოლოდ სვეტებიან ნაგებობაში აღმოჩნდა XI-XIII საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის რამდენიმე ნიმუში.

2007 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამით ძეგლზე ჩატარდა სარებილიტაციო სამუშაოები. ეკლესიის ირგვლივ მოიჭრა მიწის ფენა. ეკლესიის სახურავი და კედლები გაიწმინდა მცენარეულობისაგან. მთავარ ეკლესიაში მოიხსნა გვიან ჩაშენებული კედლები. აღდგა მთავარი ეკლესიის კედლების დანგრეული ნაწილები და კამარა. სამხრეთ და ჩრდილოეთ სარკმლების წირთხლები განახლდა სუფთად თლილი, შირიმის ქვით. გვერდითი ნავების აღმოსავლეთ ნაწილების შემორჩენილ კედლებზე გადაეწყო საპირე წყობა, ხოლო დანგრეული ნაწილები აღდგა შერჩეული რიყის ქვით. დაკონსერვდა გარშემოსავლელის შემორჩენილი კედლები მთლიანად აღდგა სამკვეთლო და ჩრდილოეთ ეკლესიის აფსიდი აღდგა სამხრეთ ეკლესიის აფსიდი, კონქი და კამარის აღმოსავლეთ მონაკვეთი. მთავარი ეკლესია და გარშემოსავლელის აღდგენილი ნაწილები გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]