რუისის ტრაგედია
| რუისის ხოცვა-ჟლეტა | |||
|---|---|---|---|
|
ნაწილი თემისა ანტისაბჭოთა განწყობებში ბრალდებულების მასობრივი დახვრეტა1924 წლის აგვისტოს აჯანყება | |||
| თარიღი | 1924 წლის სექტემბრის დასაწყისი | ||
| ადგილი | რუისი, შიდა ქართლი, საქართველო | ||
| გამომწვევი მიზეზი |
საბჭოთა რეპრესიები ქართული თავადაზნაურობისა და აჯანყებულების წინააღმდეგ | ||
| მიზნები | ადგილობრივი არისტოკრატიისა და აჯანყების მხარდაჭერის განადგურება | ||
| მეთოდები | დაპატიმრებები, იძულებითი გადაადგილება, დახვრეტა | ||
| სტატუსი | დასრულებული; მემორიალი აღმართული 2004 წელს | ||
| მონაწილე მხარეები | |||
| |||
| მთავარი ფიგურები | |||
| |||
| ჩართული დანაყოფები | |||
| |||
| რაოდენობა | |||
| |||
| დანაკარგი | |||
| |||
| შედეგი | 94 ადამიანის დახვრეტა; რეპრესიებისა და შიშის გავრცელება | ||
რუისის ტრაგედია, ასევე რუისის მასობრივი მკვლელობა და ფანიაშვილების ტრაგედია — 94 ადამიანის მასობრივი მკვლელობა, დახვრება, რომელიც ბოლშევიკებმა ჩაიდინეს სოფელ რუისთან ახლოს, 1924 წლის შემოდგომის დასაწყისში. ეს მოვლენა იყო საბჭოთა ტერორის უფრო ფართო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართული იყო ადგილობრივი თავადაზნაურობისა და 1924 წლის აგვისტოს ანტიბოლშევიკური აჯანყების მომხრეების წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ედგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი.[1]
ისტორიული კონტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წელს ბოლშევიკებმა გააძლიერეს რეპრესიები ქართული თავადაზნაურობის წინააღმდეგ. მათ გაავრცელეს პროკლამაციები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდნენ, გაენადგურებინათ თავადაზნაურობა. გორის მაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი რუისი, სადაც იმ პერიოდში 700-მდე კომლი ცხოვრობდა, გახდა ძალადობრივი რეპრესიების ერთ-ერთი ეპიცენტრი.[1]
რუისში, სხვადასხვა უბანში ცხოვრობდნენ მრავალი აზნაური ოჯახები: ფანიაშვილები წინაუბანში, მამაცაშვილები და კლიმიაშვილები - სოფლის ცენტრში. ბოლშევიკების აგიტატორებმა ადგილობრივი მოსახლეობა ამ ოჯახების წინააღმდეგ აამხედრა და მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოძრაობის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ.[1]
მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივმა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დააპატიმრა იასონ ფანიაშვილი და სოფლ მამაკაცები, რომლებიც ჩოლოყაშვილის მომხრეებად ითვლებოდნენ. ბოლშევიკებმა, ადგილობრივ კრიმინალ „ვახშამასთან“ ერთად, წამოიწყეს სისხლიანი რეპრესიული ტერორი.[1]
ქალები და ბავშვები თავდაპირველად შეიკრიბნენ ფანიაშვილების საგვარეულო ეკლესიასთან, შემდეგ კი - ურბნისის ეკლესიაში გადაიყვანეს. მათ მოტყუებით გორში გადაყვანას პირდებოდნენ. სინამდვილეში, ბოლშევიკები ღამის დადგომას ელოდებოდნენ მათ დასახვრეტად. რუისის ეკლესიის მოძღვარმა დავით სალარიძემ რამდენიმე ადამიანი ეკლესიაში შეიფარა, თუმცა ბოლშევიკებმა იგი სასტიკად სცემეს და შეფარებული ადამიანებიც ძალით წაიყვანეს.[1]
დახვრეტის ღამეს, გორის სადამსჯელო რაზმმა სოფელთან ახლოს, ლაშეწყლის არხთან, დახვრიტა 94 ადამიანი. მხოლოდ ორი გადარჩა – ქალი და ბავშვი.[1]
საარქივო მასალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიკოსმა ქეთევან მაჭარაშვილმა აღმოაჩინა დოკუმენტი, რომელიც თარიღდება 1924 წლის 14 სექტემბრით და ეკუთვნის რუისის აღმასკომის თავმჯდომარეს. დოკუმენტში მოხსენიებულია 35 დაღუპული, თუმცა შემდგომმა კვლევებმა დაადგინა, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა ბევრად მეტი იყო – 94 ადამიანი.[1]
დოკუმენტში რუისის ხელმძღვანელობა გორის მაზრის უფროსს მიმართავს სასწრაფო დახმარებისათვის.[1]
მემორიალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს სოფლის თავმჯდომარე ლადო ბუზიაშვილის ინიციატივითა და მსხვერპლთა შთამომავლების დახმარებით, სოფელთან ახლოს, ავტობანიდან 500 მეტრში, აღმართეს წითელი აგურით ნაშენები პატარა მემორიალი, რომელიც აღნიშნავს ტრაგედიის ადგილს.[1]
ადგილობრივი მეხსიერება ინახავს ტრაგედიის შემზარავ ისტორიებს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. გადარჩენილთა მოგონებები ლადო ბუზიაშვილმა შეაგროვა და დააფიქსირა, ხოლო ზურაბ ფანიაშვილი, რომელიც ბავშვობაში გადაურჩა ტრაგედიას, მოგვიანებით დეტალურად აღწერდა იმ შემზარავ მოვლენებს.[1]
რუისის ტრაგედია არის საბჭოთა პერიოდის ძალადობისა და მისი გავლენის მძიმე სიმბოლო ქართულ საზოგადოებაში.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აწკარუნაშვილი ცირა. ფანიაშვილების გვარის ტრაგედია. scribd.com. ციტირების თარიღი: 30.07.2025.
- ხუბულური ლარისა. ფანიაშვილების გვარის ტრაგედია. nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 30.07.2025.