რუთ ნოიკომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუთ ნოიკომი
გერმ. Ruth Neukomm
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი, 1920
გარდ. თარიღი 2001
გარდ. ადგილი ციურიხი
საქმიანობა ენათმეცნიერი და მთარგმნელი
ალმა-მატერი ციურიხის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

რუთ ნოიკომი (გერმ. Ruth Neukomm; დ. 12 ნოემბერი, 1920 — გ. 2001, ქ. ციურიხი) — შვეიცარიელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიმნაზიის დასრულების შემდეგ შევიდა ციურიხის უნივერსიტეტში ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ასევე სწავლობდა გერმანულ ლიტერატურასა და ხელოვნებას. 1945 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ბოროტი ადამიანი ფრანგულ ლიტერატურაში“. 1945-1949 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას.

1949 წლიდან იყო ციურიხის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველ ენათმეცნიერ კიტა ჩხენკელის მოწაფე და თანამშრომელი. რუთი, როგორც კიტა ჩხენკელის გუნდის წევრი, მონაწილეობდა „ქართული ენის შესავლის“ და „ქართულ-გერმანული ლექსიკონის“ გერმანულ ენაზე მომზადება–გამოცემის პროცესში. 1957 წელს ციურიხში გამოვიდა მათი ერთობლივი ნაშრომი „ვისრამიანის“ მოკლე რედაქციის გერმანული თარგმანი. ამის შემდეგ, მათ დაიწყეს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა გერმანულ ენაზე. 1963 წელს კიტა ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ, რუთმა მის გარეშე გააგრძელა თარგმაზე მუშაობა და 1974 წელს დაასრულა. თარგმანი შესრულებულია პროზად, პროლოგი და ეპილოგი თარგმნილია თეთრ ლექსად. წიგნი ილუსტრირებულია XVII საუკუნის ქართველი მხატვრის მამუკა თავაქარაშვილის მინიატურებით.

1970 წელს ციურიხში გამოვიდა რუთ ნოიკომის თარგმანების კრებული – „თანამედროვე ქართული მოთხრობები“. მასში შესულია მიხეილ ჯავახიშვილის „ყბაჩამ დააგვიანა“, „ეშმაკის ქვა“, „ტყის კაცი“; ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცი“; კონსტანტინე გამსახურდიას „ხოგაის მინდია“; ლევან გოთუას „ყინწვისის ანგელოზი“, „უგზო ქარავანი“ და გრიგოლ ჩიქოვანის „დაბრუნება“. კრებულს თან ახლავს რუთის სტატია, რომელშიც მიმოხილულია ქართული ლიტერატურის ისტორია, დასაბამიდან დღემდე.

რუთ ნოიკომი სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს საქართველოსა და ქართული ლიტერატურის შესახებ გაზეთში „Neue Zürcher Zeitung“. 1981 წელს დაიბეჭდა ვრცელი სტატია „ქართული ლიტერატურა“, სადაც საუბარია ქართული ლიტერატურის განვითარების გზებზე V საუკუნიდან XX საუკუნის 70-იან წლებამდე. აქვეა ილიას, ვაჟა-ფშაველას, გიორგი ლეონიძის, გალაკტიონ ტაბიძის ზოგიერთი ლექსის რუთისეული თარგმანი. 1982 წელს ამავე გაზეთის ლიტერატურულ დამატებაში დაიბეჭდა რუთ ნოიკომისა და იოლანდა მარშევის ერთობლივი ნაშრომი „აკ. წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება“, რომელსაც თან ახლდა აკაკის „ჩემი თავგადასავლიდან“ გერმანულად თარგმნილი ნაწყვეტები. 1986 წლის 28 ნოემბერს დაიბეჭდა სტატია „ი. ჭავჭავაძე – საქართველოს დიდი მენტორი“. აქვეა წარმოდგენილი ნაწყვეტები „განდეგილიდან“ და “აჩრდილიდან“.

1990 წელს ციურიხში გამოიცა რუთ ნოიკომისა და იოლანდა მარშევის მიერ გერმანულ ენაზე თარგმნილი აკ. წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“.

რუთ ნოიკომი გარდაიცვალა 2001 წელს, ციურიხში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბუაშვილი ლ., რუთ ნოიკომი — "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელი // გაზ. "გამარჯვება". გორი, 1975. — N 8 (18 იანვარი). — გვ. 4.
  • თურნავა ს., XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია. თბ., 1999. — გვ.199-201.
  • თურნავა ს., ქართული კულტურის საზღვარგარეთელი მეგობრები. თბ., 1999. — გვ. 130-150.
  • თურნავა ს., ციურიხელი ქართველოლოგი // გაზ. "წიგნის სამყარო". თბილისი, 1981. — N16 (26 აგვისტო). — გვ. 8.
  • ფეიქრიშვილი ჟ., ვაშაკიძე ი., მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. თბ., 2012. — გვ. 313-316.
  • ქავთარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 466-467.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]