რუთ ბელვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ბელვილი, 1892

რუთ ელიზაბეთ ნაომი ბელვილი (ინგლ. Ruth Belville; დ. 5 მარტი, 1854 — გ. 7 დეკემბერი, 1943) — აგრეთვე ცნობილი როგორც გრინვიჩის დროის ლედი, ლონდონელი ბიზნესმენი ქალი. იგი, მისი დედა მარია ელიზაბეთი და მამა ჯონ ჰენრი, ადამიანებზე დროს ყიდიდნენ. ისინი ამას საათის გრინვიჩის საშუალო დროზე გასწორებით და ადამიანებისთვის თავიანთ საათზე დახედვის უფლების მიყიდვით აკეთებდნენ.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუთ ბელვილის მამამ, ჯონ ჰენრი ბელვილმა, ეს მომსახურება თავისი 200 კლიენტისთვის 1836 წელს წამოიწყო. ყოველ დილით ჯონ ჰენრი თავის სამსახურში, გრინვიჩის ობსერვატორიაში მიდიოდა და საათს გრინვიჩის საშუალო დროზე ასწორებდა. შემდეგ მსურველებს თავისი ორადგილიანი ეტლით ჩამოივლიდა და საათებს გაუსწორებდა.[2]

ჯონ ჰენრიმ ამ საქმიანობას სიკვდილამდე, 1856 წლამდე ეწეოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს საქმიანობა მისმა ქვრივმა, მარიამ განაგრძო და ბიზნესს 1892 წლამდე ედგა სათავეში, ხოლო როდესაც ოთხმოცს გადასცდა, მმართველობა რუთ ბელვილს გადააბარა.[3] სწორედ იგი განაგრძობდა ამ საქმეს გვიან ორმოციან წლებამდე, მეორეე მსოფლიო ომის დაწყებამდე.[1] რუთი სამსახურიდან წასვლისას 90 წელს იყო მიახლოვებული, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის 86 წლის ასაკშიც ახერხებდა 20 კილომეტრის გავლას და დილის ცხრა საათზე ობსერვატორიაში ყოფნას. ის 89 წლის გარდაიცვალა.[3]

ამ ბიზნესში გამოიყენებოდა ჯონ არნოლდის ჯიბის ქრონომეტრი ნომერი 485/786, რომელსაც მეტსახელად „არნოლდი“ ეწოდებოდა. ის თავდაპირველად სასიქსის გრაფისთვის შეიქმნა და ოქროს კორპუსი ჰქონდა, თუმცა როდესაც ჯონ ჰენრის გადაეცა, მან კორპუსი ვერცხლით შეცვალა, რადგანაც ეშინოდა, რომ ქურდები ოქროს საათს მოჰპარავდნენ. რუთის გარდაცვალების შემდეგ საათი „მესაათეთა პატივცემულ გილდიას“ გადაეცა.[3]

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელვილების ბიზნესმა „სტანდარტული დროის კომპანიის“ დირექტორის ჯონ ვინის კრიტიკა დაიმსახურა, რომელიც დროის ტელეგრაფულ სიგნალს ჰყიდდა და ამიტომ ბელვილების მთავარი კონკურენტი იყო. ვინი ბელვილის საწინააღმდეგო სიტყვით გამოვიდა ქალაქის „გაერთიანებული უბნების კლუბში“ და განაცხადა, „რომ მისი [ბელვილის] მეთოდები სასაცილოდ მოძველებული იყო“, მან ასევე მიანიშნა, რომ ბელვილს ბიზნესის წამოსაწყებად შეეძლო ბარემ თავისი ქალურობაც გამოეყენებინა.[3]

ეს სიტყვა გაზეთ „თაიმსში“ გამოქვეყნდა, თუმცა სტატიაში „სტანდარტული დროის კომპანია“ და ფაქტი, რომ ჯონ ვინი ბელვილის კონკურენტი იყო, ნახსენები არ ყოფილა. კრიტიკული შენიშვნების გამოქვეყნების შემდეგ ბელვილს დაესივნენ რეპორტიორები, რომლებსაც მისი საქმიანობა და ვინის კომენტარებით გამოწვეულ შესაძლო სკანდალზე მეტი ინფრომაციის გაგება სურდათ. თუმცა, ბელვილმა ყველაფერს თავი გაართვა, ხოლო მისკენ მიმართულმა ყურადღებამ კი გაყიდვების რაოდენობა გაზარდა. ბელვილმა განაცხადა, რომ ვინმა ერთადერთი რაც მოახერხა, ეს მისი უფასო რეკლამირება იყო.[2][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Green“. QI. სეზონი G.15. London, England. 26 March 2010. BBC. BBC One.
  2. 2.0 2.1 Lienhard, John H.. No. 2070: TIME & RUTH BELVILLE. University of Houston: Engines of Our Ingenuity. ციტირების თარიღი: 27 March 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Mendham, Trevor. The Greenwich Time Lady. Horology Stuff. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 27 March 2010.