რუდოლფ კერერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუდოლფ კერერი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 ივლისი, 1923(1923-07-10)[1]
დაბ. ადგილი თბილისი[1]
გარდ. თარიღი 29 ოქტომბერი, 2013(2013-10-29)[1] (90 წლის)
გარდ. ადგილი ბერლინი[2]
დასაფლავებულია III. Städtischer Friedhof Stubenrauchstraße
რუდოლფ კერერი ვიკისაწყობში

რუდოლფ კერერი (გერმ. Rudolf Kehrer, რუს. Рудольф Рихардович Керер; დ. 10 ივლისი, 1923, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 29 ოქტომბერი, 2013, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი პიანისტი და პედაგოგი. ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სსრკ-ში გაატარა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი, ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუდოლფ კერერის გერმანელი წინაპრები წარმოშობით შვაბიიდან იყვნენ და ეკუთვნოდნენ გერმანელთა იმ ჯგუფს, რომლებიც რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი განხეთქილების გამო იძულებულნი გახდნენ, რომ სხვა ქვეყანაში ეძებნათ თავშესაფარი. ასე აღმოჩნდნენ ისინი რუსეთის იმპერიაში, საიდანაც ნაწილი, მათ შორის კერერების წინაპარიც, თბილისის გუბერნიაში ჩამოსახლდა. რუდოლფის პაპა ჰერმან კერერი მუსიკალური ინსტრუმენტების ოსტატი იყო და თბილისში საკუთარი მაღაზიაც ჰქონდა. მისმა ვაჟიშვილმა რიხარდ კერერმაც მამის საქმიანობა განაგრძო. გარდა ოსტატობისა, რიხარდი ფორტეპიანოსა და ვიოლინოზეც უკრავდა.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდგომ, ოჯახს მაღაზია ჩამოართვეს, რის გამოც, რიხარდ კერერი იძულებული გახდა, მუსიკალური ინსტრუმენტების ამწყობად ემუშავა. მუსიკალურ წრესთან სიახლოვის წყალობით, იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიწვიეს. ოჯახის მუსიკალური ტრადიციებისა და გარემოცვის გავლენით, პატარა რუდოლფი ადრეული ასაკიდანვე ეზიარა კლასიკურ მუსიკას. მამასთან ერთად იგი რეგულარულად ესწრებოდა კონსერვატორიაში გამართულ კონცერტებს და პარალელურად, ფორტეპიანოს გაკვეთილებს იღებდა ერნა კრაუზესთან. 1935 წელს იგი მიიღეს კონსერვატორიასთან არსებულ "ნიჭიერთა სკოლაში", სადაც მისი პედაგოგი იყო ანა თულაშვილი. 1938 წლიდან რუდოლფმა უკვე კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა. თულაშვილი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა მოსწავლეს და რეკომენდაციას აძლევდა, რომ სწავლა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაეგრძელებინა.[3]

რეპრესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938-1939 წლებში გერმანიის აგენტობის ბრალდებით დააპატიმრეს და გადაასახლეს რუდოლფის მამა და ორი ბიძა. 1941 წელს, სსრ კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, კერერების ოჯახი — რუდოლფი დედასთან, ძმასთან, ორ დეიდასა და ოჯახში დამხმარე ქალთან ერთად ეტაპით გაასახლეს ყაზახეთში. უმძიმესი საარსებო პირობების გამო, მუსიკალური განათლების გაგრძელებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. 1943 წელს ოჯახმა რიხარდ კერერის გარდაცვალების ცნობა მიიღო.

1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ, კერერების ცხოვრება რამდენადმე შემსუბუქდა. ისინი დასახლდნენ საბჭოთა მეურნეობა „პეხტოვალში“, რომელსაც კლუბიც ჰქონდა. აქ რუდოლფ კერერი აკორდეონზე უკრავდა. იქვე დაოჯახდა გადასახლებულ პოლონელ ქალზე. 1949 წელს უფლება მისცეს, რომ განათლება მიეღო. კერერმა ჩიმკენტის პედაგოგიური ინსტიტუტი დაასრულა, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის სპეციალობით და ერთხანს საშუალო სკოლაში ასწავლიდა ფიზიკას და მათემატიკას.

მუსიკალური კარიერის განახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორტეპიანოზე მეცადინეობის განახლება კერერმა მხოლოდ 1952 წელს, 10 წელზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეძლო. 1954 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მან ტაშკენტში გადასვლა და ადგილობრივ კონსერვატორიაში შესვლაც მოახერხა, სადაც, მისი წარსული გამოცდილების და ოსტატობის გათვალისწინებით, პირდაპირ მესამე კურსზე დასვეს. კერერის პედაგოგები იყვნენ ცოლ-ქმარი ზელმა ტამარკინა და ვისარიონ სლონიმი. მათი მეშვეობით, რუდოლფმა გაიცნო გამოჩენილი პიანისტი მარია გრინბერგი, რომლის დახმარებითაც შეიმუშავა თავისი საკონცერტო რეპერტუარი. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ კერერმა იქვე განაგრძო მუშაობა პედაგოგად. 1961 წელს მონაწილეობა მიიღო პიანისტთა საკავშირო კონკურსში და მისი ლაურეატიც გახდა, რის შემდეგაც იგი მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიამ სოლისტად, სახელმწიფო კონსერვატორიამ კი — პედაგოგად მიიწვია.

მოსკოვში გადასვლით კერერის ცხოვრებაში ახალი, ნაყოფიერი ხანა დაიწყო. იგი გახდა კონსერვატორიის პროფესორი და პოპულარული საკონცერტო პიანისტი. კერერი მონაწილეობდა არაერთი კონკურსის ჟიურიში და კონცერტებს მართავდა სსრკ-ს მასშტაბით, თუმცა, უცხოეთში კონცერტების ჩატარების უფლება მხოლოდ მოგვიანებით მისცეს. 1962 წელს იგი გასტროლით მშობლიურ თბილისსაც ეწვია.[4] 1977 წელს კერერი ცვიკაუში რობერტ შუმანის პრემიის ლაურეატი გახდა.

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს, სსრ კავშირის არსებობის დასასრულს, კერერმა მიწვევა მიიღო ვენის საფორტეპიანო კონკურსის ჟიურიში. კონკურსის შემდეგ იქვე შესთავაზეს, რომ დარჩენილიყო პროფესორად ვენის კონსერვატორიაში. ვენაში კერერმა 8 წელი დაჰყო. შემდეგ შვეიცარიაში, ციურიხში გადავიდა. საბოლოოდ, 2010 წელს კერერი გადასახლდა ბერლინში, სადაც მისი ერთ-ერთი ვაჟი ცხოვრობდა 1994 წლიდან; იქვე გარდაიცვალა და დაკრძალეს 2013 წელს.[5]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კითხვაზე — თუ რომელ ქვეყანას თვლიდა სამშობლოდ, კერერი პასუხობდა, რომ უძნელდებოდა პასუხი, რადგან რამდენიმე ქვეყანაში მოუწია ცხოვრება ხანგრძლივი დროის განმავლობაში და, ყველგან კარგად გრძნობდა თავს, თუ გვერდით კარგი ადამიანები ჰყავდა.[3]

რუდოლფ კერერის და მისი ოჯახის ცხოვრების ცალკეული დეტალები გამოიყენა მწერალმა თენგიზ ბუაჩიძემ რომანში „გზა ბავშვობისაკენ“ (დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში"“, 1982 წელს).

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ „ნიჭიერთა სკოლაში“ 12 წლის რუდოლფ კერერთან ერთად სწავლობდნენ თენგიზ ამირეჯიბი და ჯემალ გოკიელი.

რუდოლფ კერერის მოსწავლე იყო ქართველი პიანისტი მედეა ფანიაშვილი.

1964 წელს რუდოლფ კერერმა შეასრულა პიანისტ ისაი დობროვეინის როლი, იური ვიშინსკის ფილმში „აპასიონატა“.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]