შინაარსზე გადასვლა

როცა აყვავდა ნუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„როცა აყვავდა ნუში“
ჟანრი დრამატული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე
როლებში ზურაბ ყიფშიძე
თინათინ ვარდანაშვილი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი გიორგი ჭელიძე
მონტაჟი ქეთევან თაღნიაშვილი
მხატვარი გივი გიგაური
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1972
ხანგრძლივობა 75 წთ.
ქვეყანა სსრკ
ენა ქართული

როცა აყვავდა ნუში1972 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია ლანა ღოღობერიძე. ფილმი მეათეკლასელების ცხოვრებას ეხება.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ზურა მამის მეგობარს მანქანას მოპარავს და ამხანაგებს მცხეთაში გაასეირნებს. ამის გამო, სკოლის დირექტორი მას ველოსიპედისტთა შეჯიბრიდან მოხსნის. ზურას მამა დირექტორს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს და შეჯიბრში ისევ ჩაასმევინებს თავის შვილს. ზურა შეჯიბრს წააგებს, თუმცა მამა ამ საკითხსაც მოუგვარებს და გამარჯვებულად გამოიყვანს. ამხანაგებმა იციან, რომ გამარჯვება სხვას ეკუთვნის, თუმცა არაფერს ამბობენ. ხათუნა-ზურას თანაკლასელი და შეყვარებული-ვაჟს ამ საქციელის გამო დაუპირისპირდება და შეეცდება, რომ გამოიყვანოს მამის ზეგავლენიდან, რომელიც შვილს ყველა ახირებას უსრულებს, მაგრამ, ამასთანავე, უსიტყვო მორჩილებასაც მოითხოვს მისგან. ხათუნა ზურას სიყვარულში უტყდება, მაგრამ, ბიჭი უხეშად იცილებს მას და იმედგაცრუებულსა და შეურაცხყოფილს ტოვებს. მათი თანაკლასელი ლექსო, რომელიც ხათუნას მეზობელია და ამავდროულად, ჩუმად უყვარს კიდეც იგი, ყველაფერს შეიტყობს და გადაწყვეტს, დაიცვას მეგობარი.

ლექსო ზურას ხვდება, რომ ხათუნასათვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვოს. ბიჭების საუბარი მანქანაში შედგება და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზრდება. ზურა, რომელიც ლექსოს შესაშინებლად, თავბრუდამხვევი სისწრაფით მიაქროლებს მანქანას, საჭეს ვერ დაიმორჩილებს და მანქანა გადავარდება, რის შედეგად ლექსო იღუპება. ზურას მამა ისევ შეეცდება, რომ ეს პრობლემაც ააცილოს შვილს და მის ამხანაგებს სთხოვს, თქვან, რომ ლექსო იჯდა საჭესთან. ბავშვებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ, ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, იგი ლექსოს ბებიასთან-ქალბატონ ვაროსთანაც მივა და მასაც დაურცხვენლად სთხოვს იგივეს. შვილიშვილის სიკვდილით განადგურებული მოხუცი თანხმდება. ზურას მამა კმაყოფილია, რაკი ისევ შეძლო "საქმის მოგვარება", მაგრამ, დედასთან და კლასის დამრიგებელთან საუბრის შემდეგ, ზურა გადაწყვეტს რომ დანაშაული აღიაროს.

სცენარს საფუძვლად დაედო იმხანად მომხდარი რეალური ამბავი - ავტოავარია დაბრალდა ახალგაზრდას, რომელიც ამ ავარიის შედეგად დაიღუპა[1].

  • 1973 - საკავშირო კინოფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.kvirispalitra.ge/public/25788-qroca-ayvavda-nushiq-ambavi-romelic-filmis-siuzhets-daedo-safudzvlad.html