შინაარსზე გადასვლა

როტუმეროოგი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როტუმეროოგი
პატარა კუნძული ლურჯ ზღვაში, მწვანე ცენტრითა და თეთრი სანაპიროებით
როტუმეროუგის 2011 წლის აეროფოტო, ფონზე პეიზაჟებით
გეოგრაფია
მდებარეობა ვადენის ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა
კოორდინატები 53°32′25″ ჩ. გ. 6°34′55″ ა. გ. / 53.54028° ჩ. გ. 6.58194° ა. გ. / 53.54028; 6.58194კოორდინატები: 53°32′25″ ჩ. გ. 6°34′55″ ა. გ. / 53.54028° ჩ. გ. 6.58194° ა. გ. / 53.54028; 6.58194
ფართობი 2.65 კმ²
უმაღლესი წერტილი 12.0 მ
ნიდერლანდები
ნიდერლანდები
პროვინცია გრონინგენი
მუნიციპალიტეტი ჰეტ ჰოგელანდი
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი

როტუმეროოგი — დაუსახლებელი კუნძული ვადენის ზღვაში ,რომელიც ნიდერლანდების ნაწილს წარმოადგენს. კუნძული გრონინგენის პროვინციაში მდებარე სამი დასავლეთ ფრიზიული კუნძულიდან ერთ-ერთია. ის როტუმერპლატსა და ბორკუმის კუნძულებს შორის მდებარეობს.

კუნძულის ისტორია XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. თავდაპირველად კუნძულს სოფლის მეურნეობისთვის როტუმის წმინდა იულიანას სააბატო იყენებდა. ამჟამად როტუმეროოგი როტუმის ბუნებრივი ნაკრძალის ნაწილია და მასზე შესვლა აკრძალულია, გარდა სპეციალური ნებართვის მქონე პირებისა.

შირმონიკოგის აღმოსავლეთ უკიდურესი წერტილის, სიმონსზანდის, როტუმერპლაატის, როტუმეროოგის, ზუიდერდუინტიესისა და ბორკუმის უმეტესი ნაწილის სატელიტური გამოსახულება

როტუმეროოგი მდებარეობს ნიდერლანდების ჩრდილოეთით, გრონინგენის პროვინციაში, ჰეტ-ჰოგელანდის მუნიციპალიტეტში, 53°32′25″ ჩ. გ. 6°34′55″ ა. გ. / 53.54028° ჩ. გ. 6.58194° ა. გ. / 53.54028; 6.58194 კოორდინატებზე. ის მდებარეობს გრონინგენის მატერიკული ნაწილის სანაპიროსთან და წარმოადგენს დასავლეთ ფრიზიის კუნძულების ყველაზე აღმოსავლეთ წერტილს ვადენის ზღვაში — როტუმერპლატის აღმოსავლეთით, ზუიდერდუინტიეს ჩრდილოეთით და აღმოსავლეთ ფრიზიის კუნძულ ბორკუმის (გერმანია) დასავლეთით. როტუმეროოგის ფართობი 1995 წელს 205 ჰექტარს შეადგენდა, ხოლო 2007 წლისთვის მან 265 ჰექტარს მიაღწია.[1]

როტუმი და ბოში, 1682 წლამდე (ზემოთ, სამხრეთით)

1400-დან 1540 წლამდე პერიოდში კუნძული მონიკენლანგენოოგი გაიყო ბოშისა და როტუმეროოგის კუნძულებად. ბოში XVIII საუკუნეში გაქრა, თუმცა როტუმეროოგი დღემდე არსებობს.[2]

სახელწოდება „როტუმეროოგი“ სიტყვასიტყვით „როტუმის კუნძულს“ ნიშნავს,[3] რაც უკავშირდება გრონინგენის მატერიკზე მდებარე სოფელ როტუმს. როტუმში მდებარე ბენედიქტელთა წმინდა იულიანას სააბატო კუნძულის ორ მესამედს ფლობდა და მას პირუტყვის საძოვრად იყენებდა. პროტესტანტული რეფორმაციის შემდეგ კუნძულზე უფლებები გრონინგენის პროვინციას გადაეცა, სანამ XVII საუკუნეში კერძო პირებზე გაიყიდებოდა. 1706-დან 1717 წლამდე კუნძული კლანკარტის მე-4 გრაფს, ირლანდიიდან გაძევებულ დონატ მაკკარტის ეკუთვნოდა, რომელიც იქ ცხოვრობდა კიდეც.

სანავიგაციო შუქურა „Zeekaap Rottumeroog“ 1996 წელს

პროვინციამ კუნძული 1738 წელს დაიბრუნა, საბოლოოდ კი მმართველობა ცენტრალურმა მთავრობამ გადაიბარა. 1965 წლამდე კუნძულზე ზედამხედველი(ვოგტი) და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ კი ტერიტორია დაუსახლებელია.[4] კუნძულზე რამდენიმე შენობა იყო აღმართული. XIX საუკუნეში აშენდა სანავიგაციო შუქურა „ზიკააპ როტუმეროოგი“.[5] ნაგებობა 1988 წლიდან ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია (rijksmonument) და 1999 წელს სამხრეთისკენ გადაიტანეს.[4][6] ვოგტის სახლი 1998 წელს ჩრდილოეთის ზღვის შემოჭრის საფრთხის გამო დაანგრიეს.[1] 2014 წელს კუნძულიდან აიღეს ფრინველებზე დაკვირვების პუნქტი და ყველა სხვა დარჩენილი შენობა, გარდა „ზიკააპ როტუმეროოგისა“, რაც კუნძულის ფორმისა და მდებარეობის ცვლილებით იყო განპირობებული.[4]

კუნძულის მომავალი გაურკვეველია. 2012 წელს ძლიერი მოქცევისას კუნძული ორად გაიყო, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ის შესაძლოა უახლოეს მომავალში ემსის ესტუარში გაქრეს.[7]

ბუნებრივი ნაკრძალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
როტუმეროგის პეიზაჟი 2005 წლის სექტემბერში

ვადენის ზღვა, რომელზეც როტუმეროოგი მდებარეობს, 2009 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.[8] როტუმერპლატთან და ზუიდერდუინტიესთან ერთად ის როტუმის ბუნებრივ ნაკრძალს ქმნის. კუნძულზე ადამიანის ჩარევა მინიმალურია და მისი ფორმირება ბუნებრივ პროცესებზეა მიტოვებული. წვდომა მკაცრად შეზღუდულია, თუმცა ყოველწლიურად რამდენიმე სასწავლო ექსკურსია მაინც იმართება.[1] კუნძული მრავალი სახეობის ფრინველისა და ნაცრისფერი სელაპების მნიშვნელოვანი საბინადრო გარემოა.[9]

  1. 1 2 3 Beheerregeling Rottum nl. Rijkswaterstaat (2010). ციტირების თარიღი: 1 May 2014
  2. (in Dutch) "Verzonken waddeneiland Moenkenlangenoe ontdekt", Dagblad van het Noorden, 2012. Retrieved on 27 April 2014.
  3. Mares Bijwaard, "Geschiedenis Rottumeroog", IsGeschiedenis, 2014. Retrieved 4 November 2015.
  4. 1 2 3 (in Dutch) Aarsbergen, Aart; Doest, Jasper. (2014) Het onbewoonde Rottumeroog nl. National Geographic. ციტირების თარიღი: 27 May 2014
  5. Zeekaap | Rijksdienst voor het Cultureel Erfgoed. ციტირების თარიღი: 2024-08-06
  6. (in Dutch) Monumentnummer: 338545 – Zeekaap, Rijksdienst voor het Cultureel Erfgoed. Retrieved on 1 May 2014.
  7. „Waddeneiland Rottumeroog dreigt in zee te verdwijnen“ [Frisian Island Rottumeroog might disappear into sea]. Elsevier (ნიდერლანდური). 14 March 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 January 2015. ციტირების თარიღი: 28 May 2014.
  8. The Wadden Sea, UNESCO World Heritage Centre. Retrieved on 1 May 2014.
  9. (in Dutch) Rottum > Flora en fauna დაარქივებული 2014-05-02 საიტზე Wayback Machine. , Staatsbosbeheer. Retrieved on 1 May 2014.