როსარიო მურილიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
როსარიო მურილიო
Rosario Murillo
როსარიო მურილიო Rosario Murillo
ნიკარაგუის ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა10 აპრილი, 2017
პრეზიდენტი  დანიელ ორტეგა
წინამორბედიმოისეს ომარ ალიესლევენს ასევედო

ნიკარაგუის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აპრილი, 2007 – დღემდე
წინამორბედილილა აბაუნსა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1985 – 1990

დაბადებული22 ივნისი, 1951
მანაგუა, ნიკარაგუა
პოლიტიკური პარტიასანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი
მეუღლედანიელ ორტეგა
განათლებანიკარაგუის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი

როსარიო მურილიო სამბრანა (ესპ. Rosario Murillo Zambrana; დ. 22 ივნისი, 1951, მანაგუა, ნიკარაგუა) — ნიკარაგუელი პოლიტიკური მოღვაწე, სანდინისტური რევოლუციის მონაწილე, სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი. ნიკარაგუის პრეზიდენტის დანიელ ორტეგას მეუღლე და პრეს-მდივანი, ნიკარაგუის პირველი ლედი და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 2017 წლის 10 იანვრიდან. ითვლება მმართველი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად. ასევ ცნობილია როგორც პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შეძლებული ქალაქელის ოჯახში 1951 წლის 22 ივნისს. აუგუსტო სესარ სანდინოს დის შვილიშვილი. სწავლობდა მანაგუის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ფილოლოგიასა და დაეუფლა ინგლისურისა და ფრანგულის თარჯიმნის სპეციალობას (ასევე ფლობს იტალიურსა და გერმანულს). 1967-1969 წლებში სტაჟირებას გადის როგორც უცხო ენის მასწავლებელი.

როსარიო მურილიო გამოდიოდა ანასტასიო სომოსა დებაილეს რეჟიმის წინააღმდეგ. 1969 წელს შეუერთდა ეროვნული განთავისუფლების სანდინისტურ ფრონტს 1967-1977 წლებში იყო პედრო ხოაკინ ჩამოროს, ოპოზიციური გაზეთ La Prensa-ს რედაქტორის მდივანი, ხოაკინ ჩამორო მოკლეს სომოსისტებმა.

1973 წელს დაიწყო ლექსების წერა. მისი დებიუტი შედგა 1974 წელს, მომდევნო წელს კი გამოსცა პოეტური კრებული.

როსარიო მურილიო მონაწილეობდა სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის პარტიზანულ მოძრაობაში, ჰქონდა იატაკქვეშეთის ფსევდონიმები გაბრიელა და კაროლინა. საკუთარ სახლში შეიფარა ტომას ბორხე მარტინესი[1]. 1976 წელს დააპატიმრეს და 1977 წელს ემიგრაციაში წავიდა. პანამისა და ვენესუელის გავლით გადავიდა კოსტა-რიკაში.

1978 წლიდან სამოქალაქო ქორწინებაშია სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის ლიდერ დანიელ ორტეგასთან და გახდა სანდინისტური ხელმძღვანელობის გავლენიანი წევრი[2]. კურირებს სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის კულტურულ პოლიტიკას.

1979 წელს დაამხეს სომოსას დიქტატურა, სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი ხელისუფლებაში მოვიდა, დანიელ ორტეგა გამოაცხადეს ეროვნული რეკონსტრუქციის სამთავრობო ხუნტის ლიდერად. როსარიო მურილიო გახდა სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის გაზეთ Barricada-ს რედკოლეგიის წევრი[3]. ხელმძღვანელობდა კულტურის მუშაკთა სანდინისტურ ასოციაციასა და ნიკარაგუის მწერალთა კავშირს. ეკავა მტკიცე მარქსისტული პოზიცია. 1989-1991 წლებში ხელმძღვანელობდა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტს.

1984 წელს დანიელ ორტეგა ოფიციალურად აირჩიეს პრეზიდენტად. როსარიო გახდა პირველი ლედი და ასევე პარლამენტის დეპუტატი სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის სიით.

1990 წელს სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი არჩევნებში დამარცხდა და გადავიდა ოპოზიციაში. დანიელ ორტეგამ პრეზიდენტის თანამდებობა დაუთმო ვიოლეტა ბარიოს დე ჩამოროს. პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ როსარიო რჩებოდა პარტიის ხელმძღვანელობაში და მეთაურობდა მეუღლის PR-სამსახურს.

2006 წელს დანიელ ორტეგა კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს. როსარიო მურილიო კვლავ გახდა პირველი ლედი და სათავეში ჩაუდგა სახელმწიფოს მეთაურის პრეს სამსახურს. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ნეოსანდინიზმის“ იდეოლოგიის ფორმირებაში.

სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის მმართველმა წრეებმა წინა მმართველობისაგან განსხვავებით მჭიდრო კავშირი დაამყარეს კათოლიკურ საეპისკოპოსთან. 2005 წლის 3 სექტემბერს კარდინალი მიგელ ობანდო ი ბრავო მიიწვიეს დანიელ ორტეგასა და როსარიო მურილიოს საეკლესიო ჯვრისწერაზე. საკუთარ გამოსვლებში ყოველთვის ხაზს უსვამენ ჰარმონიულ დამოკიდებულებას ხელისუფლებასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის.

როსარიო მურილო მიეკუთვნება პრეზიდენტ ორტეგას უახლოეს წრეს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პარტიისა და სახელმწიფოს ლიდერთა შორის. იდეოლოგიისა და პროპაგანდის აპარატთან ერთად, იგი ზედამხედველობს ხელისუფლების „საზოგადოებასთან ურთიერთობის“ სისტემას - ადგილობრივი სანდინისტური ორგანიზაციების ქსელს. 2009 წელს მურილიომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნიკარაგუის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში, რომელმაც ორტეგას, კონსტიტუციური აკრძალვის საწინააღმდეგოდ, საშუალება მისცა კვლავ ეყარა კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე[4].

მურილიო აქტიურად მონაწილეობს სანდინისტურ ხელმძღვანელობაში არსებულ შიდა ბრძოლებში ლიდერობისთვის. ამ ბრძლაში მისი მთავარი მოწინააღმდეგეა ლენინ სერნა. 2016 წელს დანიელ ორტეგასთან ერთად აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Murillo, Rosario. "Intellectuals and the Sovereignty of the People." Contemporary Marxism, no. 6 (1983): 183–92.
  • Manupelli, George. "Aid to the Arts of Nicaragua." Leonardo 16, no. 2 (1983): 159–159. doi:10.2307/1574841.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Etapas más importantes de Rosario Murillo დაარქივებული 2007-11-24 საიტზე Wayback Machine.
  2. La biografía no autorizada de Daniel Ortega (Segunda parte). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-14. ციტირების თარიღი: 2020-02-24.
  3. Murillo la voz de Ortega დაარქივებული 2007-07-23 საიტზე Wayback Machine.
  4. El poder de Rosario Murillo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-23. ციტირების თარიღი: 2015-07-17.