რომუალდ ცუხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომუალდ ცუხიშვილი
სრული სახელი რომუალდ აპოლონის ძე ცუხიშვილი
დაიბადა 11 დეკემბერი, 1936 (1936-12-11) (87 წლის)
დაბადების ადგილი კიევი, უკრაინა
ეროვნება ქართველი
სფერო კერამიკა, მხატვრობა

რომუალდ (რომა) აპოლონის ძე ცუხიშვილი (დ. 11 დეკემბერი, 1936) — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი (1964), საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომუალდ ცუხიშვილი დაიბადა ქ. კიევში, 1936 წლის 11 დეკემბერს სამხედრო-საზღვაო ოფიცრის ოჯახში. მამა — აპოლონ ცუხიშვილი, დედა — ინეზა ბერიძე, ჟურნალისტი და პოეტი.

1957 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (თსსა) გამოყენებითი ხელოვნების/კერამიკის ფაკულტეტზე. პედაგოგები: ხატვაში სერგო ქობულაძე, შოთა კუპრაშვილი, ფერწერაში — ვახტანგ ჯაფარიძე და დავით წერეთელი, ქანდაკებაში — გიორგი სესიაშვილი, ირაკლი ოქროპირიძე, კომპოზიციაში — დავით ციციშვილი, ზაქარია მაისურაძე, გიორგი ქართველიშვილი, რევაზ იაშვილი, მასალის ტექნოლოგიაში — პეპელა ვაშაკიძე, ალექსანდრე ფიცხელაური.

1963 წელს წარჩინებით დაამთავრა თსსა და დაიწყო მუშაობა სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროში (1963-1966), შემდეგ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში რესტავრატორად. 1970 წელს დაამთავრა თსსა-იის ასპირანტურა და იქვე დაიწყო მუშაობა პედაგოგად. 1981-1984 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს მივლინებით მუშაობდა მოზამბიკში, სამხატვრო სკოლაში, სადაც დააარსა კერამიკის განყოფილება.

მონაწილეობა გამოფენებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლიდან ღებულობს მონაწილეობას რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებზე. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ყოფილ იუგოსლავიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და მოზამბიკში. 1984 წლის ოქტომბერში ქ. მაპუტუში და ბეირაში (მოზამბიკი) გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო ფერწერა, კერამიკა და გრაფიკა.

პრიზები და დიპლომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს მიღებული აქვს საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი — წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის — ტრიპტიქი „ძველი თბილისი“. 1980 წელს საერთაშორისო გამოფენაზე ქ. ვალორისში (ფრანგ. Vallauris), (საფრანგეთი) მიღებული აქვს დიპლომი ნამუშევრისთვის „ვარძია“. 1997 წელს ქ. ანაბერგ-ბუხჰოლცში (გერმ. Annaberg-Buchholz), (გერმანია), კერამიკის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო საპატიო პრიზი. 2004 წელს თბილისში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საშობაო ფესტივალზე მიიღო პირველი პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში“, გვ, 540, 2000 წ., ნინო ზაალიშვილის საერთო რედაქციით, „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“.
  • Современная грузинская керамика. Автор текста и составитель Алде какабадзе. Москва „советский художник“ 1984г.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]