რომის კატაკომბები

რომის კატაკომბები (ლათ. Catacombe di Roma) — (იტალიურად: Catacombe di Roma) არის ძველი კატაკომბები, მიწისქვეშა სამარხები რომში და მის შემოგარენში, რომელთა რაოდენობა სულ მცირე ორმოცია. ზოგიერთი მათგანი ხელახლა აღმოაჩინეს 1578 წლის შემდეგ, ზოგი კი - 1950-იან წლებშიც კი.
რომის მიწისქვეშეთში არსებობს ორმოცდაათზე მეტი კატაკომბა, სადაც დაახლოებით 150 კმ სიგრძის გვირაბები გადის.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაზე მეტად ცნობილია ქრისტიანული დაკრძალვებით, როგორც ცალკეულ კატაკომბებში, ასევე შერეულად, კატაკომბებში იკრძალებოდნენ ებრაელებიც და სხვადასხვა წარმართული რომაული რელიგიების მიმდევრებიც, დაწყებული ახ.წ. II საუკუნიდან.[1] ამის მიზეზი იყო ძველი რომაული აკრძალვა ქალაქის შიგნით დაკრძალვაზე, აგრეთვე გადატვირთულობა და მიწის ნაკლებობა. ყველაზე ვრცელი და შესაძლოა ყველაზე ცნობილი არის ქრისტიანული კალიქსტეს კატაკომბა, რომელიც მდებარეობს კაფარელას პარკთან ახლოს, მაგრამ არის სხვა ადგილებიც, როგორც ქრისტიანული, ასევე არაქრისტიანული, რომლებიც გაფანტულია მთელ ქალაქში, და ზოგიერთი მათგანი ახლა თანამედროვე ურბანული გაფართოების ნაწილია.
ქრისტიანული კატაკომბები უკიდურესად მნიშვნელოვანია ადრეული ქრისტიანული ხელოვნების ისტორიისთვის, რადგანაც ისინი შეიცავენ მაგალითების უმეტესობას 400 წლამდე პერიოდიდან, ფრესკების და ქანდაკებების სახით, ასევე ოქროს შუშის მედალიონებს (ესენი, ისევე როგორც უმეტესი სხეულები, გატანილია). ებრაული კატაკომბები ასევე მნიშვნელოვანია ებრაული კულტურის შესწავლისთვის ამ ადრეულ პერიოდში.[2]

ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა კატაკომბები მომდინარეობს ლათინური ძირიდან catatumbas, რაც ნიშნავს ან „სამარხებს შორის“, ან სხვა თარგმანების მიხედვით ორიგინალი გვიანდელი ლათინურიდან - „კარიერის გვერდით“. უკანასკნელი თარგმანი მომდინარეობს პირველი გათხრებიდან, რომლებიც ჩატარდა კატაკომბების სისტემის შესაქმნელად, რომის გარეთ, კარიერთან ახლოს.[3]

წინამორბედები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეტრუსკული ცივილიზაცია დომინირებდა ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა ახლანდელი რომის ტერიტორიას, დაახლოებით ძვ.წ. 900-იდან 100 წლამდე. ბევრი სხვა ევროპული ხალხის მსგავსად, მათაც თავიანთი მიცვალებულები კრძალავდნენ გათხრილ მიწისქვეშა კამერებში, როგორიცაა „კაპიტელების სამარხი“, და ნაკლებად რთულ ტუმულებში. ამის საპირისპიროდ, თავდაპირველი რომაული ჩვეულება იყო ადამიანის სხეულის კრემაცია, რის შემდეგაც დამწვარი ნაშთები ინახებოდა ქოთანში, ურნაში ან ფერფლის ყუთში, ხშირად მოთავსებული კოლუმბარიუმში ან მტრედების სახლში. რომი ორი პრობლემის წინაშე დადგა ახ.წ. II საუკუნეში: ჭარბი მოსახლეობა და მიწის ნაკლებობა. ქალაქი იზრდებოდა და ბევრი შენობა ოთხი ან ხუთი სართულის სიმაღლის იყო. რადგანაც დაკრძალვა არ იყო ნებადართული ქალაქის კედლებს შიგნით, და ადრეული ქრისტიანები არ ეთანხმებოდნენ წარმართულ პრაქტიკას - მიცვალებულების კრემაციას, საერთო მიწისქვეშა სასაფლაოებმა პრაქტიკული ალტერნატივა შემოგვთავაზეს.[4] დაახლოებით ახ.წ. II საუკუნიდან, ინჰუმაცია (დაუწვავი ადამიანის ნაშთების დაკრძალვა) გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა. მე-4 საუკუნისთვის დაკრძალვამ გადააჭარბა კრემაციას, როგორც ჩვეულებრივ პრაქტიკას. აკლდამების მშენებლობა გაიზარდა და გავრცელდა მთელს იმპერიაში. ებრაელები და ქრისტიანები უპირატესობას ანიჭებდნენ დაკრძალვას, გარდაცვლილი სხეულის აღდგომისთვის შენარჩუნების იდეის გამო. რომიდან და სხვა რომაული ქალაქებიდან გამავალი ძველი გზების საკმაოდ დიდ მონაკვეთებზე, როგორიცაა დღემდე არსებული ვია აპია, მონუმენტური სამარხები იყო განლაგებული გზების გასწვრივ. ეს აუცილებლად მოითხოვდა ქონებას მშენებლობისთვის, მაშინ როდესაც კატაკომბების ამოთხრა ნაკლებად ძვირადღირებული იქნებოდა.
თანამედროვე ფართოდ გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ეს გვირაბები თავდაპირველად სავარაუდოდ არ გამოიყენებოდა რეგულარული ღვთისმსახურებისთვის, არამედ უბრალოდ დაკრძალვისთვის. თუმცა, რომაული ადათ-წესების გაგრძელების საფუძველზე, აქ იმართებოდა ხსოვნის ცერემონიები და ქრისტიანი წამებულების წლისთავების აღნიშვნა. რომში ცნობილია სამოცი მიწისქვეშა სამარხი კამერა. ისინი აშენდა კედლებს გარეთ, მთავარი რომაული გზების გასწვრივ, როგორიცაა ვია აპია, ვია ოსტიენსე, ვია ლაბიკანა, ვია ტიბურტინა და ვია ნომენტანა. კატაკომბების სახელები - როგორიცაა წმ. კალიქსტე და წმ. სებასტიანე, რომელიც მდებარეობს ვია აპიას გასწვრივ - უკავშირდება წამებულებს, რომლებიც შესაძლოა იქ იყვნენ დაკრძალულნი. თუმცა, ქრისტიანული დაკრძალვისთვის გამოყენებული გათხრების დაახლოებით 80% თარიღდება დევნის პერიოდის შემდგომი დროით.[5]
აღმოჩენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის კვება შედგებოდა მტკნარი წყლის თევზისგან. ნიმუში D9-W-XVI-8, რომელიც მიჩნეულია ორი წლის ბავშვად, აჩვენებს, რომ ანტიკურ რომში ბავშვები იკვებებოდნენ დედის რძით და ეს კონკრეტული ბავშვი ჯერ არ იყო მოწყვეტილი დედის ძუძუთი კვებას. ეს გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ δ15N მაჩვენებლები ჯერ არ იყო შემცირებული.[6]
თევზს ჰქონდა ურთიერთდაკავშირებული საერო და რელიგიური ასპექტები რომაულ საზოგადოებაში. ერთი მხრივ, ის იყო ყოველდღიური კვების ძირითადი ნაწილი.[6][7] მას ასევე ჰქონდა სხვადასხვა მნიშვნელობა ქრისტიანებისთვის, რომლებისთვისაც ის არა მხოლოდ ჩვეულებრივი საკვები იყო, როგორც სხვა რომაელებისთვის, არამედ წარმოადგენდა სიმბოლოს ქრისტიანულ იკონოგრაფიაში და მოიხმარებოდა მიცვალებულთა მოსაგონებელ სუფრებზე.

ქრისტიანული კატაკომბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომაული კანონი კრძალავდა სამარხების არსებობას ქალაქის საზღვრებში, ამიტომ ყველა სასაფლაო, მათ შორის კატაკომბებიც, განთავსებული იყო ქალაქის კედლებს გარეთ. პირველი ფართომასშტაბიანი კატაკომბები რომის სიახლოვეს გაითხარა II საუკუნიდან მოყოლებული. ისინი ამოიკვეთა „ტუფაში“ (ტუფი), ვულკანური ქანის ტიპში, რომელიც შედარებით რბილია გასათხრელად, მაგრამ შემდგომში მყარდება.[8]
ქრისტიანული კატაკომბები არსებობდა, როგორც სამარხი ადგილი ადრეული ქრისტიანებისთვის, წარწერებითა და ადრეული კედლის მხატვრობით. მიუხედავად იმისა, რომ კატაკომბები ებრაული წარმოშობის იყო პირველ საუკუნეში, მეექვსე საუკუნის ბოლოსთვის უკვე სამოცზე მეტი ქრისტიანული კატაკომბა არსებობდა. ეს კატაკომბები სხვადასხვა ქრისტიანული თემების დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა, რაც გამოიხატებოდა ხელოვნებაში ასახული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გამომხატველი ქვეტექსტებით. ამასთან, ხელოვნება აჩვენებდა იმას, თუ როგორ აღიქვამდნენ სამყაროს პირველი საუკუნეების ქრისტიანები და როგორი იყო მათი იდეალისტური ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის.
ლ. მაიკლ უაიტის თანახმად, რომის კატაკომბებს გარკვეული ადგილი უკავია ადრეული ქრისტიანობის განვითარების რომანტიკულ ისტორიოგრაფიაში. ეს იმიტომ, რომ ხშირად ამბობენ, რომ კატაკომბები კარგი სამალავი ადგილები იყო, და როდესაც ქრისტიანებს რომის იმპერია დევნიდა, ისინი იქ მიდიოდნენ თავიანთი ღვთისმსახურების ჩასატარებლად.[9]
თუმცა, უაიტი თვლის, რომ ქრისტიანები არ იყენებდნენ რომის კატაკომბებს თავიანთი ღვთისმსახურების საიდუმლოდ ჩასატარებლად დევნის პერიოდში. ის ამბობს, რომ ისინი ასე არ იქცეოდნენ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანებს რომის იმპერია რეგულარულად არ დევნიდა, და მეორე რიგში იმიტომ, რომ დიდი ოთახები ან კამერები კატაკომბებში არ გამოიყენებოდა რეგულარული ღვთისმსახურების, ევქარისტიის ან ქრისტიანთა შეკრებისთვის. უაიტი ამბობს, რომ კატაკომბების დიდი ოთახები, რომლებსაც ჰქონდათ რამდენიმე სკამი კედლების გასწვრივ და შეეფერებოდა ევქარისტიული შეკრებების გამართვას, სინამდვილეში ქრისტიანების მიერ გამოიყენებოდა „მიცვალებულთათვის სუფრის გასაშლელად“. ის აცხადებს, რომ ასეთი „დაკრძალვის სუფრები“ პრაქტიკაში იყო ქალაქ რომის უმეტეს ოჯახში. ამიტომ, როგორც ის ხსნის, ქრისტიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში რეგულარულად ჩადიოდნენ რომის კატაკომბებში, არა შეკრებების ან ევქარისტიის ჩასატარებლად, არამედ „მემორიალური სადილების გასამართავად მათი ოჯახის გარდაცვლილ წევრებთან ერთად, ისევე როგორც მათი წარმართი მეზობლები“.[9] ვ. რუტგერსი თვლის, რომ „[მ]კვლევარებმა დიდი ხანია, გააქარწყლეს მითი იმის შესახებ, რომ ქრისტიანები იყენებდნენ კატაკომბებს სამალავ ადგილებად დევნის დროს“, რადგან როდესაც ეს დევნები მიმდინარეობდა, რომის კატაკომბების ზუსტი მდებარეობა ფართოდ იყო ცნობილი.[10] ფრანკ კ. ფლინი თვლის, რომ ქრისტიანთა დევნის პერიოდში და მის შემდეგ მოკლე დროის განმავლობაში, ქრისტიანები ატარებდნენ „მემორიალურ რიტუალებს და ევქარისტიას“ უფრო ცნობილი ქრისტიანი წამებულების საფლავების ახლოს. ის ამატებს, რომ "[რ]ომანებისა და ფილმების ფოლკლორის საწინააღმდეგოდ," რომის კატაკომბები „არ გამოიყენებოდა ქრისტიანების დასამალად“.[11] ავტორი ჯ. ოსბორნი ამბობს, რომ "სიმართლისგან შორს ვერაფერი იქნება", ვიდრე იდეა იმის შესახებ, რომ ქრისტიანები ცხოვრობდნენ კატაკომბებში დევნის პერიოდში.[12]
ქრისტიანული ხელოვნება კატაკომბებში იყოფა სამ კატეგორიად: იკონოგრაფიული, სტილისტური და ტექნიკური. პირველიდან მეექვსე საუკუნემდე, რომაული ქრისტიანული კატაკომბების ხელოვნება პროგრესულად გადიოდა ფაზებს: ადრეული ფაზა, ძველი აღთქმის ფაზა და ახალი აღთქმის ფაზა.
მთხრელებმა (ფოსორებმა) ააშენეს ვრცელი სისტემები გალერეებისა და გასასვლელებისა ერთმანეთის თავზე. ისინი მდებარეობს 7-19 მეტრის (23-62 ფუტის) სიღრმეზე ზედაპირიდან, 2.4 კვადრატულ კილომეტრზე მეტ (590 აკრი) ფართობზე. ვიწრო საფეხურები, რომლებიც ეშვება ოთხ სართულამდე, აკავშირებს დონეებს. გასასვლელები დაახლოებით 2.5 მეტრი 1 მეტრზეა (8.2 ფუტი × 3.3 ფუტი). სამარხი ნიშები (ლოკულები) ამოკვეთილი იყო კედლებში. ისინი 40-60 სანტიმეტრის (16-24 დუიმის) სიმაღლისაა და 120-150 სანტიმეტრის (47-59 დუიმის) სიგრძის.[წყარო არ არის მითითებული] სხეულები მოთავსებული იყო კამერებში, ქვის სარკოფაგებში, ტანსაცმლით და გახვეული ტილოში. შემდეგ კამერა იხურებოდა ფილით, რომელზეც ეწერა სახელი, ასაკი და გარდაცვალების დღე. ფრესკული დეკორაციები წარმოადგენს ადრეული ქრისტიანული ხელოვნების მთავარ შემორჩენილ მტკიცებულებას და თავდაპირველად აჩვენებს ტიპიურ რომაულ სტილებს, რომლებიც გამოიყენებოდა სახლების გასაფორმებლად — საერო იკონოგრაფიით, რომელიც ადაპტირებულია რელიგიური ფუნქციისთვის. წმინდა აგნესის კატაკომბა პატარა ეკლესიაა. ზოგიერთ ოჯახს შეეძლო კუბიკულების მშენებლობა, რომლებიც მოიცავდა სხვადასხვა ლოკულებს, და სივრცის არქიტექტურული ელემენტები იძლეოდა დეკორაციის მხარდაჭერის საშუალებას. მხატვრული პროგრამებისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილი იყო არკოსოლიები.
თავდაპირველი გვირაბების მშენებლობის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვირაბების რთული სისტემა, რომელიც მოგვიანებით კატაკომბების სახელით გახდა ცნობილი, პირველად გათხარეს ეტრუსკებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ რეგიონში რომაელებამდე. ეს გვირაბები პირველად გაითხარა სხვადასხვა ქვის რესურსების, როგორიცაა კირქვა და ქვიშაქვა, მოპოვების პროცესში. ეს კარიერები გახდა საფუძველი მოგვიანებით გათხრებისთვის, ჯერ რომაელების მიერ ქვის რესურსებისთვის, შემდეგ კი ქრისტიანებისა და ებრაელების მიერ სამარხი ადგილებისა და მასობრივი საფლავებისთვის.[13]

დაცემა და ხელახალი აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მილანის ედიქტის შემდეგ 313 წელს, ბევრი რომაელი ქრისტიანი გაეშურა კატაკომბებისკენ რელიკვიების საძიებლად წამებულებისგან და ძარცვავდნენ ნაშთებს. ამის გამო, ვანდალიზმი გახშირდა კატაკომბებში. 380 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. თავდაპირველად, ბევრს კვლავ სურდა დაკრძალულიყო კამერებში წამებულების გვერდით. თუმცა, კატაკომბებში დაკრძალვის პრაქტიკა ნელ-ნელა შემცირდა და მიცვალებულები სულ უფრო მეტად იკრძალებოდნენ ეკლესიის სასაფლაოებზე. VI საუკუნეში კატაკომბები გამოიყენებოდა მხოლოდ წამებულთა მემორიალური მსახურებისთვის, თუმცა ზოგიერთი ნახატი დაემატა გვიან, VII საუკუნეშიც კი, მაგალითად, წმინდა სტეფანე კომოდილას კატაკომბაში. როგორც ჩანს, ოსტროგოთებმა, ვანდალებმა და ლომბარდებმა, რომლებმაც დაარბიეს რომი, ასევე შებღალეს კატაკომბები, სავარაუდოდ, ძვირფასეულობის საძიებლად. X საუკუნისთვის კატაკომბები პრაქტიკულად მიტოვებული იყო და წმინდა რელიკვიები გადატანილი იქნა მიწისზედა ბაზილიკებში. ოსბორნი ეჭვქვეშ აყენებს ამ დახასიათებას და ვარაუდობს, რომ კატაკომბები დაზიანდა რომიდან ავინიონის პაპობაში გადასვლის შემდეგ და მხოლოდ რომში საკმარისი რელიგიური პრაქტიკის ნაკლებობამ განაპირობა კატაკომბების სრული დაზიანება.[12]
შუალედურ საუკუნეებში ისინი დავიწყებული რჩებოდა, სანამ 1578 წელს შემთხვევით არ აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ანტონიო ბოსიომ ათწლეულები გაატარა მათ შესწავლაში თავისი ნაშრომისთვის Roma Sotterranea (1632). არქეოლოგმა ჯოვანი ბატისტა დე როსიმ (1822-1894) პირველმა გამოაქვეყნა პროფესიული კვლევები კატაკომბების შესახებ. 1956 და 1959 წლებში იტალიელმა ხელისუფლებამ რომის მახლობლად კიდევ აღმოაჩინა კატაკომბები. კატაკომბები ადრეული ქრისტიანული ეკლესიის მნიშვნელოვანი ძეგლი გახდა.[6]
დღეს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქრისტიანული კატაკომბების პასუხისმგებლობა ეკისრება წმინდა საყდარს, რომელსაც შექმნილი აქვს აქტიური ოფიციალური ორგანიზაციები ამ მიზნისთვის: წმინდა არქეოლოგიის პაპის კომისია (Pontificia Commissione di Archeologia Sacra) ხელმძღვანელობს გათხრებსა და სარესტავრაციო სამუშაოებს, ხოლო კატაკომბების შესწავლას კონკრეტულად ხელმძღვანელობს არქეოლოგიის პაპის აკადემია. ზოგიერთი ადგილის ყოველდღიური ადმინისტრირება მინდობილია ადგილობრივ სასულიერო პირებზე ან რელიგიურ ორდენებზე, რომლებსაც აქვთ საქმიანობა ამ ადგილზე ან მის მახლობლად. კარგადაა ცნობილი წმ. კალიქსტეს კატაკომბების ზედამხედველობა სალეზიანელი მამების მიერ. ბოლო წლებში, ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ხშირად ხელმისაწვდომია განახლებული ინფორმაცია ონლაინ, მიმდინარე ქუჩის მისამართის, სამუშაო საათების, საფასურის, სხვადასხვა ენებზე გიდების ხელმისაწვდომობის, დაშვებული ჯგუფების ზომისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მითითებით. იტალიის სხვა ისტორიულ ადგილებივით, კატაკომბებიც ხშირად არ არის ხელმისაწვდომი დღის გარკვეულ დროს ან კვირის გარკვეულ დღეებში და შეიძლება საჭიროებდეს ონლაინ წინასწარ დაჯავშნას. ამჟამად მხოლოდ 5 კატაკომბაა ღია საზოგადოებისთვის; სან სებასტიანო, სან კალისტო, პრისცილა, დომიტილა და სანტ'ანიესე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Toynbee: 39–40.
- ↑ Rome's Ancient Catacombs (21 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 6, 2021.
- ↑ “Catacombs of Rome – Useful Information – Rome & Vatican Museums”. Rome Museum, www.rome-museum.com/catacombs-of-rome.php.
- ↑ An Ancient City Beneath Rome: Visiting The Catacombs of Priscilla.
- ↑ F. van der Meer, Early Christian Art, Faber and Faber, 1967, p. 19
- 1 2 3 Rutgers, L.V.; van Strydonck, M.; Boudin, M.; van der Linde, C. (May 2009). „Stable isotope data from the early Christian catacombs of ancient Rome: new insights into the dietary habits of Rome's early Christians“. Journal of Archaeological Science. 36 (5): 1127–1134. Bibcode:2009JArSc..36.1127R. doi:10.1016/j.jas.2008.12.015.
- ↑ Robertson, R. Reid (November 1933). „The Christian Catacombs of Rome“. The Expository Times. 45 (2): 90–94. doi:10.1177/001452463304500208. S2CID 170579130.
- ↑ Heiken, Grant; Funiciello, Renato; de Rita, Donatella (2005) The Seven Hills of Rome: A Geological Tour of the Eternal City. Princeton University Press, გვ. 42. ISBN 9781400849376. „Underground Roman stone quarries and catacombs were excavated, mostly in tufa deposits, in and around Rome.“
- 1 2 White, L. Michael. In The Catacombs | From Jesus To Christ - The First Christians | FRONTLINE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1999-11-11. ციტირების თარიღი: 2021-07-14
- ↑ Jewish and Christian Catacombs in Rome. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-15. ციტირების თარიღი: 2021-09-15
- ↑ Flinn, Frank K. (2007). „catacombs“, Encyclopedia of Catholicism. Facts on File, გვ. 133. ISBN 978-0-8160-7565-2. OCLC 882540074.
- 1 2 Osborne, J. (1985). „The Roman Catacombs in the Middle Ages“. Papers of the British School at Rome. 53: 278–328. doi:10.1017/S0068246200011569. ISSN 0068-2462. JSTOR 40310821. S2CID 163223163.
- ↑ „Roman Catacombs“. The Friend. 31 (35): 274. 8 May 1858. თარგი:ProQuest.