რომის ეროვნული მუზეუმი

რომის ეროვნული მუზეუმი (იტალ. Museo Nazionale Romano) ― მუზეუმი, რომელიც რამდენიმე ფილიალისგან შედგება. ფილიალები სხვადახვა ადგილებშია გაბნეული რომში, იტალიაში. მუზეუმში გამოფენილია რომის სრული ისტორიის ამსახველი ექსპონატები, ძირითადად ძველი რომის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1889 წელს დაარსებული და 1890 წელს გახსნილი მუზეუმის მთავარი მიზანი იყო რომის იტალიის სამეფოსთან შეერთების შემდეგ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების შეგროვება და გამოფენა.
მისი კოლექციის საწყისი ბირთვი კირხერის მუზეუმიდან მომდინარეობს, კონკრეტულად ათანასე კირხერის მიერ შეგროვებული არქეოლოგიური ნამუშევრებიდან, რომლებიც ადრე სანტ-იგნაციოს იეზუიტურ კომპლექსში იყო განთავსებული. კოლექცია სახელმწიფომ 1874 წელს, იესოს საზოგადოების დაშლის შემდეგ მიითვისა. თავდაპირველად სამეფო მუზეუმის სახელით ცნობილი კოლექცია ტიბერინოს მუზეუმში (Museo Tiberino) უნდა გადაეტანათ, რაც ვერ მოხერხდა.
1901 წელს იტალიის სამეფომ რომის ეროვნულ მუზეუმს გადასცა ახლახან შეძენილი ლიუდოვიზის კოლექცია, უძველესი ქანდაკებების მნიშვნელოვანი ეროვნული კოლექციის თანხლებით. კოლექციებს XIX საუკუნის ბოლოს ქალაქის განახლების დროს აღმოჩენილი ნივთებიც შეემატა.
1913 წელს, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, რომ კირხერის მუზეუმის კოლექცია გაიყოფოდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაარსებულ სხვადასხვა თემატიკის მუზეუმს შორის, როგორებიც იყო რომის ეროვნული მუზეუმი, ვილა ჯულიას ეროვნული ეტრუსკული მუზეუმი და კასტელ სანტ’ანჯელოს მუზეუმი.