შინაარსზე გადასვლა

რომის ბიოპარკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიოპარკის შესასვლელი

რომის ბიოპარკი (იტალ.  Bioparco di Roma) — 17 ჰექტარის ზომის ზოოლოგიური ბაღი, რომელიც მდებარეობს ძველ ვილა ბორგეზეს ტერიტორიაზე, რომში, იტალიაში. აქ ბინადრობს 222 სახეობის 1114 ცხოველი.

ზოოპარკი შეიქმნა 1908 წელს, რათა მნახველთათვის გაეცნო ეგზოტიკური ცხოველების სახეობები. სხვა იმდროინდელი ზოოპარკებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სამეცნიერო კვლევების გნსახორციელებლად მუშაობდნენ, ეს ზოოპარკი ხალხის გასართობად აშენდა. პარკი მოიცავდა 12 ჰექტარს და მდებარეობდა ვილა ბორგეზეს მამულის ჩრდილოეთ ნაწილში; გაიხსნა 1911 წლის 5 იანვარს.

ზოოპარკი დააპროექტა კარლ ჰაგენბეკმა, რომელსაც უკვე ჰქონდა გამოცდილება, რადგან მანვე ააშენა ზოოპარკი ჰამბურგ სტელინგენში. პარკი აშენდა განსხვავებულ სტილში: ცხოველებს ჰქონდათ თხრილები და ორმოები გალიების ნაცვლად და მთელი სივრცე ჯუნგლის იმიტაციით იყო გამწვანებული .

მეპატრონეები ცდილობდნენ, ზოოპარკს განსაკუთრებით იშვიათი და ეგზოტიკური ცხოველები ჰყოლოდა. პარკი რამდენჯერმე გააფართოეს და 1926 წელს დაიგეგმა შეერთება „წითელ ირმის პარკთან“. 1933 წელს არქიტექტორმა რაფაელ დე ვიკომ დაიწყო მუშაობა ახალ სექციაზე, სადაც უნდა ყოფილიყო ორი მთავარი ნაგებობა: დიდი ვოლიერი და ქვეწარმავლების სახლი, რომელიც გაიხსნა 1935 წელს.

ზოოპარკმა ცოტა ხანში ნგრევა დაიწყო მისი არქიტექტურიდან გამომდინარე, თუმცა ის გარემონტდა და ყველა სექცია სრულად აღადგინეს. 1970 წელს ქვეწარმავლების სახლი უნდა დაკეტილიყო მძიმე დაზიანების გამო, მაგრამ დიდი შრომის შედეგად, მის გაუმჯობესებას დაახლოებით ცხრა წელი დასჭირდა და საბოლოოდ ხელახლა გაიხსნა 1983 წელს.

ზოოპარკის ბიოპარკად გადაქცევის იდეა პირველად 1994 წელს გაჩნდა. 1997 წელს შეიქმნა გენერალური გეგმა გილმანის ფონდის პრინციპებზე დაყრდნობით. 1998 წლის აპრილში შეიქმნა ორგანიზაცია „Bioparco S.p.A.“, რომელიც დაფინანსდა რომის ბიუჯეტიდან 51%-ით, „Costa Edutainment“-ისგან 39%-ით და „Cecchi Gori“-სგან 10%-ით. ბიოპარკი არის უძველესი ზოოპარკი იტალიაში[1][2] და მასპინძლობს 150 სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 1200 ცხოველს, მათ შორის ძუძუმწოვრებს, ქვეწარმავლებსა და ფრინველებს.[3]

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Bioparco: the oldest Zoological Gardens in Villa Borghese". "Walk inside Rome". ციტირების თარიღი: 22 ივლისი 2024
  2. https://siviaggia .it/viaggi/europa/bioparco-zoo-natura-animali/3458/
  3. "The animals of the Bioparco" it. "Fondazione Bioparco di Roma". ციტირების თარიღი: 2021-12-12
სტატია „რომის ბიოპარკი“ შეიქმნა
„ვიკიმედია საქართველოს“ კონკურსის „რომის კვირეულის“ ფარგლებში.