რომან ფიფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რომან ფიფია

რომან ფიფია (დ. 8 აპრილი, 1966, გაგრა, საქართველოს სსრ) — ქართველი ბიზნესმენი, ჯგუფი „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ დამფუძნებელიდა თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომან ფიფია დაიბადა 1966 წლის 8 აპრილს, გაგრაში, აფხაზეთის არ. სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად ქალაქ სარატოვში გადავიდა და შემდგომი საგანმანათლებლო და პროფესიული კარიერა რუსეთის ფედერაციაში გააგრძელა. ქართველმა ბიზნესმენმა 1996 წელს დაამთავრა მოსკოვის მომხმარებელთა კორპორაციის ინსტიტუტი, 1999 წელს მიენიჭა ეკონომიკური მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

პროფესიული და ბიზნეს გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომან ფიფიამ საქმიანი და პროფესიული კარიერა რუსეთის ფედერაციაში დაიწყო. იგი აქტიურად იყო ჩართული რუსეთის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორში, როგორც მენეჯერი ან მფლობელი/აქციონერი. 1996 წელს ქართველი ბიზნესმენი სარატოვის ლიქიორის და არყის გამომხდელი ქარხნების გაერთიანების გენერალური დირექტორი გახდა. მისი მმართველობის დროს საწარმო სექტორის ყველაზე თანამედროვე და მოწინავე კომპანიად გადაიქცა. ასევე ჩართული იყო სოფლის მეურნეობის ბიზნესშიც, სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასოფლო სამეურნეო კომპანიების დაფინანსებაში: 2001 წელს რომან ფიფია სათავეში ჩაუდგა რეგიონალურ სასურსათო კომპანია „ზერნო პოვოლჟიას“. 2002 წლიდან კორპორაცია „აგროროსის“ ხელმძღვანელი გახდა, რომლის საქმიანობაც ხორბლის შენახვასა და ფქვილის დაფქვას მოიცავდა. 2007 წლიდან - დღემდე რომან ფიფიამ თავისი ბიზნეს საქმიანობა საქართველოში გააფართოვა და რამდენიმე მიმზიდველი ბიზნეს-პროექტი განახორციელა. („ლოიალ კაპიტალ გრუპი“; ჰაიატ რიჯენსი;[2] შპს „რუსთავის აზოტი“;„დინამო თბილისის“ რეორგანიზაცია.)

რუსულ პრესაში ხშირად წერდნენ, რომ რუსეთში მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რის გამოც რომან ფიფიამ ქვეყანა დატოვა და საფრანგეთში, ლაჟვარდოვანი ნაპირის უმსხვილეს ქალაქში, ნიცაში გადაბარგდა. თუმცა, რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.[3]

სოციალური პასუხისმგებლობა / ქველმოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომან ფიფია აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას როგორც სარატოვში, ასევე საქართველოში: გაჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად ოთხწლიანი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ოჯახებს უფასოდ მიეწოდებოდათ პური. პროგრამის ბიუჯეტმა 23 მილიონ რუბლს გადააჭარბა. 1997-2001 წლებში იკავებდა საფეხბურთო კლუბ „სოკოლის“ პრეზიდენტის პოსტს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში პირველად 60 წლის არსებობის მანძილზე სკ „სოკოლი“ შეუერთდა რუსეთის საფეხბურთო უმაღლეს ლიგას.

რომან ფიფია აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარებისთვის ქართველმა ბიზნესმენმა არაერთი საქველმოქმედო და სოციალური პროექტი განახორციელა. რუსეთში დაფინანსდა ვანესა მეის საქველმოქმედო კონცერტი, თბილისში ჩატარდა შაკირას მსოფლიო დონის წარმოდგენა, რომელიც იყო საშობაო საჩუქარი ქართველი საზოგადოებისთვის.

2003 წელს საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი შეიქმნა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს მიმართა, საკუთარ ქვეყანას გვერდში დასდგომოდნენ. რუსეთში მოღვაწეე რომან ფიფიამ ხორბლის დიდი მარაგი გამოუგზავნა საქართველოს და ქვეყანა კრიზისს გადაარჩინა.

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მისი მეშვეობით რამდენიმე მნიშვნელოვანი საქველმოქმედო და სოციალური პროექტი განხორციელდა, წლების მანძილზე ქართველი ბიზნესმენი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ გუნდს ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდა.

დინამო თბილისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის იანვარში რომან ფიფიამ შეიძინა თბილისის „დინამო“ და მისი მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო კლუბის სრული მოდერნიზაცია.[4] იმავე წელს ქართველმა ბიზნესმენმა ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა და ინფრასტრუქტურა ევროპული დონის და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით განაახლა, ასევე განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მოწესრიგდა ფიფა-უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად, შედეგად კი უეფა-ს სუპერთასის მასპინძლობა საქართველოსთვის რეალური გახდა.

2013 წელს რომან ფიფიამ, სლოგანით „მომავალი იწყება აქ!“ მორიგი გრანდიოზული სოციალური პროექტი განახორციელა. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის, მომავალი თაობის აღსაზრდელად და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის გახსნა „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია, რომელსაც გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელი მიენიჭა. აკადემია მისი ყველაზე დიდი საფეხბურთო პროექტია. მსგავსი აკადემია საქართველოში უპრეცენდენტოა. იგი დონით და ხარისხით ევროპულ ქვეყნებში თავის ანალოგებს უტოლდება. ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობა სრულიად უფასოდ ეუფლება ფეხბურთის ხელოვნებას პროფესიონალი მწვრთნელების და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტების პატრონაჟის ქვეშ. „დინამოს“ აკადემია არის მყარი ფუნდამენტი კლუბის და ზოგადად ქართული ფეხბურთის მომავალი წარმატებისთვის. აკადემიის წარმატებით ფუნქციონირების შემდეგ რომან ფიფიამ განაცხადა:

სასიამოვნოა, რომ დინამოს თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფი წარმატებებს აღწევს და ეს, პირველ ყოვლისა სწორი მუშაობის და სტრატეგიის შედეგია. ასევე სასიამოვნოა, რომ აკადემიის ახალი მთავარი მწვრთნელი საქმეს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა და ვიმედოვნებთ, მისი მეთვალყურეობით ბევრი ჭაბუკი კიდევ უფრო დაწინაურდება. აღსანიშნავია, რომ დინამოს ჭაბუკთა გუნდებს უცხოურ ტურნირებში 2003 წლის შემდეგ არ მიუღიათ მონაწილეობა, წლეულს (2014) კი ერთ-ერთ ტურნირში ჩემპიონობაც მოიპოვეს. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რომ მის განვითარებაზე ზრუნავენ, ხელს უწყობენ და მისგან წარმატებებს ელიან. სხვაგვარად, წარმატებული ფეხბურთელი ვერ გაიზრდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]