რომან სუტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომან სუტა (ლატვ. Romans Suta; დ. 28 აპრილი, 1896, რაუნა, რუსეთის იმპერია — გ. 14 ივლისი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ) — ლატვიელი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ეკაბ სუტასა და ნატალია-ამალია აპსიტეს ოჯახში. მისი ოჯახში ფლობდა პატარა მაღაზიასა და ვეგეტარიანულ კაფეს. დაამთავრა ქალაქ ვალკის სკოლა, შემდეგ კი ექსტერნად დაამთავრა ფსკოვის რეალური სასწავლებელი 1912 წელს. 1913 წელს სწავლობდა იული მადერნიეკსის კერძო სტუდიაში, ხოლო 1913-15 წლებში სწავლობდა რიგის საქალაქო სამხატვრო სასწავლებელში. პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზის მოახლოების გამო მისი ოჯახში გადავიდა პეტერბურგში. 1917 წელს დაამთავრა პენზის სამხატვრო სკოლა. 1917 წლის აგვისტოში მოხალისედ ჩაირიცხა ზემგალის ლატვიელ მსროლელთა პოლკში. იმავე წლის ბოლოს დაბრუნდა ლატვიაში.

ცხოვრობდა რიგაში, სადაც გაერთიანდა მხატვარ-ექსპრესიონისტთა ჯგუფში 1919 წელს. 1923 წელს სტიპენდიის იმყოფებოდა ბერლინში, დრეზდენსა და პარიზში. მისი ცნობილი ფერწერული ნამუშევრებია „ეკლესია“ (1917), „ორი ფიგურა“ (1919), „ავტოპორტრეტი ჩიბუხით“ (1920), „მესანგრეები“ (1920), „არლეკინი გიტარით“ (1923), „იანის პლასე მეგობარ ქალთან“ (1927), „იპოდრომი“ (1933). მისი ნამუშევრების გამოფენები ეწყობოდა რიგაში. ბერლინში, პარიზში, სტოკჰოლმში, ოსლოში, პრაღაში, ვარშავაში, ტარტუში, ტალინში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლაიფციგში, მოსკოვში და სხვა ქალაქებში. 1925 წელს პარიზში გამართულ გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით ნაციონალური კონსტრუქტივიზმის სტილისტური იდეებისათვის და ბრინჯაოს მედლით ფაიფურის მოხატვისთვის. 1926 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გაერთიანება „მწვანე ყვავის“ გამოფენებში, 1929-34 წლებში გაერთიანებული იყო მხატვარ-გრაფიკოსთა რიგის საზოგადოებაში.

1931-40 წლებში მუშაობდა რიგის კუზნეცოვის ფაიფურ-ქაშანურის ფაბრიკასა და ილგუციემის შუშის ქარხანაში მთავარი მხატვრის თანამდებობაზე. 1935 წელს ბრიუსელში გამართულ გამოფენაზე დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით კერამიკისთვის. 1937 წელს პარიზში გამართულ გამოფენაზე გადაეცა გრან პრი ბოთლის წარმოებისთვის. 1939-41 წლებში მუშაობდა რიგის კინოსტუდიის დმდგმელი მხატვრის თანამდებობაზე.

1941 წლიდან გადავიდა თბილისში და მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მხატვარ-დეკორატორად. საქართველოში მან იმუშავა ფილმებზე „შავ მთებში“ (1941), „გიორგი სააკაძე“ (1942), „მოუხელთებელი იანი“ (1942), „ჯურღაის ფარი“ (1944).

საქართველოში სუტა გაერთიანდა არალეგალურ ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში „თეთრი გიორგი“, რომელიც ფულის მოპოვების მიზნით ბეჭდავდა პურის ყალბს ტალონებს.[1] 1943 წლის 4 სექტემბერს დააპატიმრეს ხალხის მტრობისა და პურის ბარათების გაყალბების ბრალდებით. 1944 წლის 7-12 აპრილს გამოტანეს დახვრეტის განაჩენი, რომელიც აღასრულეს 14 ივლისს. 1959 წელს იქნა ნაწილობრივ რეაბილიტირებული. მისი გამოფენები მოეწყო რიგასა (1966, 1985, 1986, 1991, 1996) და ცესისში (1991). 2008 წელს მის ყოფილ სახლში გაიხსნა სუტას მუზეუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ. „ლატვიელი მხატვარი რომან სუტა საქართველოში“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N2 გვ. 124-134 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 ISSN 1512-3154

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯავახიშვილი ნ. „რომან სუტა საქართველოში“, „ისტორიანი“ N10 — თბილისი, 2016