როკფელერის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Photo of the Latin inscription set against the Rockefeller Museum, seat of the Israel Antiquities Authority in Jerusalem (15714219522).jpg

როკფელერის მუზეუმი — ყოფილი პალესტინის არქეოლოგიური მუზეუმი. არქეოლოგიური მუზეუმი აღმოსავლეთ იერუსალიმში. მუზეუმი მოიცავს განსაკუთრებულ საარქივო შრომების დიდ კრებულს, რომელიც აღმოჩენილია პალესტინაში ჩატარებული გათხრების დროს, 1920-იან და 1930-იან წლებში. მუზეუმი ისრაელის მუზეუმის დაქვემდებარებაშია და ისრაელის სიძველეთა სამმართველოს სათავო ოფისია.

მუზეუმის შენობა XVII საუკუნეში აშენდა და სხვადასხვა დროს, მონაცვლეობით, ხან ზეითუნის ზეთის სახდელი იყო, ხანაც საცხოვრებელი სახლი. არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს 1000-ზე მეტ არტეფაქტს ქრონოლოგიის მიხედვით, წინარე ისტორიული ეპოქიდან ოსმალეთის იმპერიის პერიოდის ჩათვლით; მუზეუმში დაცულია 9000 წლის წინანდელი ქანდაკება იერიქონიდან, ბრინჯაოს ხანის ოქროს სამკაულები და ა. შ. მუზეუმი აღმოსავლეთ და დასავლეთ იერუსალიმის საზღვარზე მდებარეობს, ძველი ქალაქის კედლების პირდაპირ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როკფელერის მუზეუმის არქიტექტურა სრულად შეიმუშავა ოსტინ ჰარისონმა, საზოგადოებრივი სამუშაოების დეპარტამენტის მთავარმა არქიტექტორმა, რომელმაც შეადგინა გეგმები თეთრი კირქვის შენობისთვის, რომელშიც ინტეგრირებულია აღმოსავლეთ და დასავლეთის არქიტექტურული ელემენტები. როკფელერის ახალი მუზეუმის აშენება დაიწყეს 1930 წლის 19 ივნისს, მაგრამ მშენებლობა შეფერხდა დროებით, შენობის ადგილას მეხუთე საუკუნით დათარიღებული სამარხების აღმოჩენის გამო.

არქეოლოგიური მუზეუმი საზოგადოებისთვის გაიხსნა 1938 წლის 13 იანვარს. ოფიციალურად, მას პალესტინის არქეოლოგიური მუზეუმი ეწოდებოდა, მაგრამ ასევე ცნობილი იყო, როგორც როკფელერის მუზეუმი. მანდატის პერიოდის ბოლო დღეებამდე მუზეუმს მართავდა პალესტინის ბრიტანული მთავრობა.

1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ, მუზეუმი ასევე გახდა იორდანიის სიძველეთა განყოფილების ფილიალი, რომელსაც 1956 წლამდე ხელმძღვანელობდა ჯერალდ ლანკასტერ ჰარდინგი. 1966 წელს იორდანიის მეფე ჰუსეინმა მოახდინა მუზეუმის ნაციონალიზაცია.

1967 წლის ექვსდღიანი ომის დაწყებიდან შვიდ თვეში, მუზეუმი დაისაკუთრა ისრაელის მედესანტე ბრიგადამ. მისი ექვსკუთხა კოშკი გამოიყენებოდა როგორც სათვალთვალო ნაგებობა. სასტიკი ორთაბრძოლები გაიმართა ისრაელისა და იორდანიის ძალებს შორის, რაც დასრულდა ისრაელის გამარჯვებით, სწორედ ამ დროიდან მუზეუმს ოფიციალურად უწოდეს როკფელერის მუზეუმი.

1967 წლიდან მუზეუმს ერთობლივად მართავდნენ ისრაელის მუზეუმი და ისრაელის სიძველეთა და მუზეუმების განყოფილება (მოგვიანებით ეწოდა ისრაელის სიძველეთა განყოფილება).

მუზეუმის კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული მუზეუმის არქივის პირველი მცველი იყო ჯონ აილიფი, რომელმაც ნამუშევრები მოაწესრიგა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ორი მილიონი წლის არტეფაქტებით დაწყებული 1700 წლამდე. მუზეუმის ფასეულ ნივთებს შორისაა VIII საუკუნის ხის პანელები ალ-აქსის მეჩეთიდან და XII საუკუნის მარმარილოს რელიეფი ქრისტეს საფლავის ტაძრიდან.

როკფელერის მუზეუმში ასევე განთავსებულია 1947-1956 წლებში ქუმრანში აღმოჩენილი ხელნაწერები, რომელიც ებრაული ტექსტებისა და კომენტარებისგან შედგება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]