რობერტ ბარძიმაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ ბარძიმაშვილი
178 პქპქ
რობერტ ბარძიმაშვილი, 1970 წელი,
ანსამბლი „ორერა“
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რობერტ ბარძიმაშვილი
დაბ. თარიღი 17 იანვარი, 1934
დაბ. ადგილი ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის ფედერაცია, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 5 ივლისი, 2003 (69 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა, ჯაზ-ფიუჟენი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, კლავიშებიანი საკრავი
აქტიური 1958–2003
ლეიბლ(ებ)ი „მელოდია“

რობერტ ბარძიმაშვილი (დ. 17 იანვარი, 1934, ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის ფედერაცია — გ. 5 ივლისი, 2003, თბილისი, საქართველო) — ქართველი მუსიკოსი, ვოკალისტი, პედაგოგი. ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლების — „ორერას“ (1958–1975), „ვია 75-ის“ (1975–1984) და „ჯორჯიას“ (1985–1992) დაამარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი.[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა თბილისში, 1934 წლის 17 იანვარს. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1960 წელს. იგი როგორც მომღერალი, ინსტიტუტის ლექტორმა, ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ინოლა გურგულიამ აღმოაჩინა და საკუთარ ტრიოში ჩართო.

1958 წელს, სტუდენტობისას, ბარძიმაშვილმა უცხო ენათა ინსტიტუტის ვოკალური კვარტეტი დააარსა. იმ პერიოდში ადვილი არ იყო უცხოური სიმღერების რეპერტუარში შეტანა, თუმცა, სტუდენტებმა ეს მაინც მოახერხეს. ასე შეიქმნა ლეგენდარული „ორერა“, რომლის შოუ-პროგრამები არა მხოლოდ მუსიკით, არამედ დახვეწილი, მოდური სტილით, უცხოენოვანი რეპერტუარით, სცენაზე ლაღი ქცევითა­ და იმპროვიზაციით იყო გამორჩეული.

1975 წელს დატოვა „ორერა“ და შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია 75“, რომელმაც 1984 წლამდე იარსება. რობერტმა მუსიკალური სასწავლებლებიდან და კონსერვატორიიდან აიყვანა სრულიად უცნობი ახალგაზრდა მუსიკოსები. იმ დროისთვის მეტად პოპულარული იყო ჯაზ-როკი, რომელსაც ბარძიმაშვილმა ეროვნული ფოლკლორი მოარგო და ამგვარად მიიღო ერთგვარი „ქართული“ საესტრადო ჯაზ-როკი, რომელსაც საკმაოდ მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებდნენ ანსამბლის წევრები. „ვია 75“-ს არა მხოლოდ ახალგაზრდები, უფროსი თაობის ადამიანებიც სიამოვნებით უსმენდნენ და მანაც საკუთარი კვალი დატოვა ქართული საესტრადო მუსიკის ისტორიაში.

1985 წლიდან ხელმძღვანელობდა ჯგუფ „ჯორჯიას“ და ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ლახტს“. 1995 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დააარსა სკოლა-სტუდია „ლახტი“.

გადაღებულია ფილმებში „წარსული ზაფხული“ (1959) და „ორერა, სრული სვლით!“ (1970).[4]

გარდაიცვალა თბილისში 69 წლის ასაკში, 2003 წელს.[5][6] თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1978 — თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი, ლაურეატი
  • 1972 — სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი, ლაურეატი
  • 1967 — საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — რობერტ ბარძიმაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  2. არტინფო (14 აგვისტო, 2015). რობერტ ბარძიმაშვილის აუხდენელი ოცნება · რობერტ ბარძიმაშვილმა ქართულ ესტრადაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. მან საქართველოს ლეგენდარული ანსამბლები — „ორერა“, „ვია 75“ და „ჯორჯია“ აჩუქა. artinfo.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  3. Ансамбль "ОРЭРА" · Ансамбль "Орэра", признанный лучшим музыкальным коллективом Грузии XX века, был организован в 1958 году. Изначально это было трио в составе: Роберт Бардзимашвили (клавишные, гитара, вокал, а также руководитель ансамбля с 1958 по 1975 год) Теймураз Давитая (гитара, вокал) и Зураб Яшвили (клавишные, гармоника), чуть позже к группе присоединился Вахтанг (Буба) Кикабидзе (ударные, вокал). intoclassics.net. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  4. რობერტ ბარძიმაშვილი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . ეროვნული ფილმოგრაფია. Geocinema.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  5. გარდაიცვალა რობერტ ბარძიმაშვილი[მკვდარი ბმული]. 5 ივლისს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი და კომპოზიტორი რობერტ ბარძიმაშვილი. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. თბილისი, 6 ივლისი, 2003. სივილ ჯორჯია. civil.ge დაარქივებული 2022-03-26 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  6. ქართული აზრი (17 იანვარი, 2018). 17 იანვარს რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა. რობერტ ბარძიმაშვილი დაიბადა თბილისში, 1934 წლის 17 იანვარს. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1960 წელს. qartuliazri.reportiori.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.