რკონი (კასპის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რკონი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
რკონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ახალქალაქი
კოორდინატები 41°48′55″ ჩ. გ. 44°13′40″ ა. გ. / 41.81528° ჩ. გ. 44.22778° ა. გ. / 41.81528; 44.22778
ცენტრის სიმაღლე 880 მეტრი
მოსახლეობა 6[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 66,7 %
ოსები 33,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რკონი (კასპის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
რკონი (კასპის მუნიციპალიტეტი)
რკონი (კასპის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
რკონი (კასპის მუნიციპალიტეტი)
რკონი (კასპის მუნიციპალიტეტი) — კასპის მუნიციპალიტეტი
რკონი (კასპის მუნიციპალიტეტი)

რკონი, კრკონისოფელი საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის თემში.[1] მდებარეობს მდინარე თეძმის ზედა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში. რკონში და მის მიდამოებში შემორჩენილია ისტორიული და კულტურის ძეგლები - რკონის სამონასტრო კომპლექსი, სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესია, სვიმეონ მესვეტის სავანე და სხვ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად რკონში იყო “სალოცავი ხე” დიდი ცაცხვის ხე, რომელზედაც მლოცველები ჰკიდებდნენ შეწირულობას. საქართველოს სხვა კუთხეებშიც საკმაოდ გავრცელებული ეს რიტუალი წარმართობის დროინდელია.

ფეოდალიზმის პერიოდში XII-XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს საქართველოს სამხრეთ პროვინციებთან - ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხითის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. ამან ხელი შეუწყო, რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას. რკონისა და მის მიდამოების ეკონომიკურ ცხოვრებაში გარკვეულ როლს თამაშობდა წიაღისეულის სიმდიდრის - ფერადი ლითონებისა და ვერცხლის არსებობა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყვიან ვერცხლსაცა“. მოგვიანებით, მეფე ერეკლე II-ის (1720-1798 წწ.) ბრძანებით ჯავახიშვილების მამული რკონი შეტანილია იმ პუნქტების სიაში, სადაც უნდა ეძიონ და მოიპოვონ ოქრო და ვერცხლი. XIII საუკუნის II ნახევარში მსხვილმა ფეოდალმა და სახელმწიფო მოღვაწემ კახა თორელმა შეისყიდა სოფელი ხოვლე და შესწირა რკონის მონასტერს. 1400 წელს, თემურლენგის (1336-1405 წწ.) ჯარებმა დაარბიეს სოფელი და ირგლივ მდებარე ეკლესია-მონასტრებიც. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რკონი გარკვეულ როლს ასრულებდა გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდშიც. XVI-XVIII საუკუნეებში რკონი საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო. 1690 – 1695 წწ. აქ თავს აფარებდა ქართლის მეფე გიორგი XI (მეფობის წლები 1677-1688) ოჯახით და აქედან აწარმოებდა ბრძოლებს ერეკლე I-ის (მეფობის წლები 1688-1703) ჯართან. დამარცხებული გიორგი XI ოჯახითურთ გაიქცა დასავლეთ საქართველოში.

1905 წლის რევოლუციის პეროდში რკონში არსებობდა სახელოსნო-ლაბორატორია, სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს.

1991 წლის აგვისტო-სექტემბერში რკინის ხეობაში განლაგებული იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაწილი თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, რომელიც არ ემორჩილებოდა საქართველოს პრეზიდენტს.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 98, ISBN 978-9941-0-5972-8.