რკინიგზის ლიანდაგი

რკინიგზის ლიანდაგი — ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსი, რომლებიც რკინიგზის მოძრავი შედგენილობის მოძრაობისათვის ქმნიან მიმმართველ რკინიგზის ლიანდიან გზას. რკინიგზის ლიანდაგის ძირითადი ელემენტებია: ლიანდაგის ზედა ნაშენი, მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობანი (რკინიგზის ხიდები, გვირაბები, ვიადუკები, სადრენაჟო მილები, საყრდენი კედლები და სხვა) ლიანდაგის გეგმა წარმოადგენს ლიანდაგის ღერძის პროექციას ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, ხოლო გრძივი პროფილი – ვერტიკალურ ჭრილს მის ღერძზე. გეგმა და პროფილი განაპირობებს ლიანდაგის ტრასას. რკინიგზის ლიანდაგი შედგება სწორი და მრუდე, ჰორიზონტალური და დახრილი უბნებისაგან. მოძრავი შედგენილობის სწორი მონაკვეთიდან მრუდზე მდოვრედ გადასასვლელად შეუღლების ადგილებზე აყენებენ თანდათანობით ცვლად რადიუსიან გადასასვლელ მრუდებს. მოძრავი შედგენილობის მოძრაობისთვის საუკეთესო პირობები მაშინ იქმნება, როცა ლიანდაგის ზედა ნაშენი განლაგებულია ნულოვან ქანობზე. განასხვავებენ სახელმძღვანელო ქანობს, რომლის მიხედვით რკინიგზის ხაზისთვის ადგენენ სატვირთო მატარებლის მუსას; მავნე ქანობს, რომელზეც აუცილებელია დამუხრუჭება; უვნებ ქანობს (დამუხრუჭება არ არის საჭირო) და სხვა.
მატარებლების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობისათვის რკინიგზის ლიანდაგის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებენ. მოძრავი შედგენილობის სიჩქარის, ტვირთამწეობის, ღერძზე დატვირთვის ზრდასთან ურთად აწყობენ შედარებით მძიმე ტიპის რელსებს, იყენებენ რკინაბეტონის შპალებს და სხვა. მოძრავი შედგენილობის მუშაობის პირობების გასაუმჯობესებლად ამცირებენ პირაპირების რაოდენობას, აწყობენ უპირაპირო ლიანდაგებს რამდენიმე კმ სიგრძის შედუღებული რელსის ძაფებისაგან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 407-408.